Thumbnail

UFC-ის ოსტინში ჩატარებულ ღონისძიებაზე დამირ ისმაგულოვი მსაჯებმა გურამ ქუთათელაძესთან ბრძოლის შემდეგ გამარჯვებულად გამოაცხადეს. მოგების შემდეგ კი ყაზახმა სპორტსმენმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ჩემს სეკუნდანტებს ყოველი რაუნდის შემდეგ ვეკითხებოდი, თუ ვინ იყო წინ. მესამე რაუნდის დაწყებამდე მითხრეს, რომ ანგარიში თანაბარი იყო (1:1) და მესამე რაუნდი უნდა მომეგო. ვთვლი, რომ ბოლო რაუნდში მე გავიმარჯვე, ჩხუბის ჩანაწერს ვნახავ, თუმცა საკუთარ მოგებაში დარწმუნებული ვარ, ზუსტად ვიცი, მესამე რაუნდში მე უფრო მეტჯერ მოვარტყი და მოგებაც მეკუთვნოდა. შესაძლოა, ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო და გამარჯვების მიცემა ორივე ჩვენგანისთვის შეეძლოთ, მაგრამ მე გამარჯვებაში სულ დარწმუნებული ვარ. შესაძლოა ეკრანებიდან სხვა რაღაც ნახეთ, მაგრამ ჯერ ჩემს სახეს შეხედეთ, მერე ჩემი მოწინააღმდეგისას (რედ: გურამს ცხვირი ბრძოლის დაწყებამდე ჰქონდა გატეხილი)," - განაცხადა ყაზახმა.

აღსანიშნავია, რომ ისმაგულოვმა ინგლისური არ იცის და თარჯიმნობას მისივე მენეჯერი უწევს. ერთ-ერთი კითხვისას, რომელიც ასე ჟღერდა: "UFC-ში ჩატარებული ბრძოლებიდან, თვლით თუ არა, რომ წაგებასთან ყველაზე ახლოს ამ ჩხუბში იყავით?", მენეჯერმა დამირს უთხრა: "ესენი თვლიან, რომ ძალიან ახლო ჩხუბი იყო, მიდი თქვი, ეგრე არ ყოფილაო!"

UFC-ის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მესამე რაუნდში გურამმა მეტოქეს 29 გამორჩეული დარტყმა მიაყენა, თავად კი 1-ით ნაკლები მიიღო. დანარჩენ ყველა კომპონენტში (0 თეიქდაუნი, 20-20 წამი კონტროლში) კი სრული თანაფარდობა იყო, ამიტომ ძალიან უცნაურია, 3-დან 2-მა რეფერიმ ბოლო რაუნდში გამარჯვება ყაზახს რატომ დაუწერა. მესამე მსაჯის მოქმედებები (სამივე რაუნდში გამარჯვებულად ისმაგულოვი დაასახელა) კი საერთოდ, ყოველგვარ რეალობას იყო აცდენილი. ამაზე თავად ისმაგულოვის კომენტარიც (მესამე რაუნდის წინ 1:1 იყო) მეტყველებს.

კომენტარები

ბოლო ამბები