Thumbnail

რუსმა ჩოგბურთელმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და უიმბლდონზე ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • WTA-ს ვებ-გვერდზე 29 წლის ნათელა ძალამიძის პროფილში უკვე საქართველოს დროშაა
  • ის წყვილებში წარმატებული ჩოგბურთელია და რეიტინგში 44-ე ადგილი უკავია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

29 წლის რუსმა ჩოგბურთელმა ნათელა ძალამიძემ მოქალაქეობა შეიცვალა და ამიერიდან საქართველოს დროშის ქვეშ იასპარეზებს. ნათელას გადაწყვეტილების უმთავრესი საფუძველი ის იყო, რომ მას მოახლოებულ უიმბლდონზე გამოსვლა სურდა, სადაც თამაში რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს აკრძალული აქვთ.

ცნობისთვის, ძალამიძე წყვილთა შორის საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია და WTA-ს მიმდინარე რეიტინგში 44-ე ადგილი უკავია. ნათელასთვის განსაკუთრებით წარმატებული გასული წელი გამოდგა, როდესაც ლინცსა და კლუჟ-ნაპოკაში 250-ათასიანი ტურნირები მოიგო.

ნათელა ძალამიძეს განახლებული პროფილი WTA-ს საიტზე

ნათელა მოსკოვშია დაბადებული და კარიერის განმავლობაში 370 ათას დოლარამდე აქვს გამომუშავებული. ამჟამად, ერთეულებში ფაქტობრივად აღარ თამაშობს, საუკეთესო შედეგი კი 2015 წელს ჰქონდა, როდესაც კლასიფიკაციაში 245-ე პოზიციას უწია. წყვილებში მისი შედეგი კარიერის რეკორდს მხოლოდ 1 საფეხურით ჩამორჩება.

ძალამიძემ რუსეთის სახელით (უფრო სწორად, ნეიტრალური დროშის ქვეშ) წლევანდელ როლან გაროსზე ითამაშა, სადაც ასევე რუს კამილა რახიმოვასთან ერთად 1/32-ფინალში წააგო, საინტერესოა კი ისაა, რომ მხოლოდ წელს 8 სხვადასხვა მეწყვილესთან ერთად ითამაშა. კიდევ უფრო გასაოცარი ისაა, რომ კარიერის განმავლობაში, ნათელას 98 (!) მეწყვილე ჰყოლია.

როგორც აღვნიშნეთ, უიმბლდონის მომავალ გათამაშებაში ძალამიძე საქართველოს სახელით გამოვა, მისი პარტნიორი კი სერბი ალეკსანდრა კრუნიჩი იქნება. ცხადია, ნათელას დამატება მნიშვნელოვანი უნდა იყოს საქართველოს ქალთა ნაკრებისთვისაც, სადაც საკმაოდ ძლიერი წყვილი შეიძლება შეიქმნას. ახლა, ქართველ ქალთაგან საუკეთესო რეიტინგი (წყვილებში) სწორედ ძალამიძეს აქვს, შემდეგ კი, ეკატერინე გორგოძე (55-ე) და ოქსანა კალაშნიკოვა (82-ე) მოდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები