Thumbnail

'თავიდანვე ვთქვი: რეალი ან არაფერი!' - მადრიდში რიუდიგერი წარადგინეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ანტონიო რიუდიგერმა რეალთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • მას მე-2 ნომრით თამაში სურდა, მაგრამ 22 მიიღო
  • მადრიდელებმა 29 წლის გერმანელი მედიის წინაშე წარადგინეს

მადრიდის რეალმა ანტონიო რიუდიგერი ოფიციალურად წარადგინა. გერმანელმა მცველმა, რომელიც 'სამეფო კლუბს' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა და 22-ნომრიანი მაისური მოირგო, რადგან მისი საყვარელი ორიანი გუნდში დაკავებულია.

29 წლის ფეხბურთელმა მედიის წინაშე განაცხადა, რომ ეს დღე მისთვის და მისი ოჯახისთვის განსაკუთრებულია: "ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებული დღეა. პირველ რიგში მინდა, ჩემს მშობლებს მადლობა გადავუხადო მთელი ცხოვრების განმავლობაში მხარდაჭერისთვის. მათ გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდი. ასევე მადლობას ვუხდი რეალის პრეზიდენტს, რომ მომცა ამ დიდებულ კლუბში თამაშის შესაძლებლობა. ყველაფერს გავიღებ და აქ ყველა ტიტულის მოგება მინდა. ანჩელოტის ველაპარაკე და მითხრა, რომ მენდობა და შემიძლია გუნდის დახმარება. რა თქმა უნდა, რეალში რთული კონკურენცია იქნება, მაგრამ მზად ვარ".

გერმანელმა რეალთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

გერმანელმა ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ მისი გადაბირება ბარსელონასაც სურდა, მაგრამ მისთვის არჩევანი ძალიან მარტივი იყო - მხოლოდ რეალში თამაში უნდოდა: "დიახ, ბარსელონას ინტერესი არსებობდა, მაგრამ ვთქვი, ან რეალი, ან არაფერი-მეთქი. ჩემთვის, ზოგადად, მშვენიერი შესაძლებლობაა სხვადასხვა ქვეყანაში თამაში. გერმანიაში ძალიან ფიზიკური ფეხბურთია, იტალიაში ტაქტიკურად გამორჩეული, ინგლისში ინტენსიური, ხოლო ესპანეთში ძალიან ტექნიკური".

ბოლოს რიუდიგერმა კილიან მბაპეს პსჟ-ში დარჩენის გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა: "მას არ ვიცნობ, მაგრამ გულწრფელად არ მესმის, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა, ყველა იმას აკეთებს, რასაც საჭიროდ მიიჩნევს და ეს მისი არჩევანია".

შეგახსენებთ, რომ ანტონიო რიუდიგერმა კარიერა შტუტგარტში დაიწყო, შემდეგ რომას ღირსებას იცავდა, ხოლო ჩელსიში 2017-2022 წლებში ჩატარებულ 203 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები