Thumbnail

ნიკა ამაშუკელი: ამ კითხვაზე პასუხი მოედნის მიღმა უნდა ვეძებოთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'თითზე ჩამოსათვლელია ქვეყნები, სადაც რაგბი ისე ესმით, როგორც სინამდვილეშია'
  • ყველაზე მაგარი ქართველი სარაგბო მსაჯი ევროპოპის რუბრიკის სტუმარი იყო

საქართველოს საუკეთესო სარაგბო არბიტრი ნიკა ამაშუკელი ევროპოპის რუბრიკა “ჩემი არგუმენტის” სტუმარი იყო და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის, როგორია ქართული რაგბის პერსპექტივები 6 ერში და ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ქართველი მორაგბე.

...რატომ არ გვიღებენ ექვს ერში: ეს ძალიან მტკივნეული თემაა და არა მხოლოდ ქართველი ქომაგებისთვის. რომ ნახოთ კომენტარები, ძალიან ბევრ უცხოელსაც რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ექვს ერში უნდა იყოს. ამის თაობაზე ოფიციალური პასუხი არ არსებობს, თუმცა, ჩემი აზრით, ეს არ ეხება უშუალოდ სარაგბო მოედანს, მიზეზი ის ამბებია, რაც სტადიონს მიღმა ხდება. უხეშად რომ ვთქვათ, ისინი საქართველოში მომგებიან ბაზარს ვერ ხედავენ. ექვსი ერი კერძო ორგანიზაციაა, რომელსაც პირადი ინტერესები ამოძრავებს. მისი ამოცანა არაა, რომ რაგბი გახადოს გლობალური. მისი ამოცანაა, რომ ნახოს მოგება.

...რატომ ჩამორჩება რაგბი სხვა გუნდურ სპორტებს: რაგბი გასაგებად ძალიან რთული სპორტია. ადამიანებს მოსწონთ ის სულისკვეთება, რომელიც ამ სპორტშია: როდესაც მორაგბეები ერთმანეთს ეჯახებიან, ჰაერში ხტებიან, ბოჭვას აკეთებენ, მაგრამ ამავე დრის სვამენ კითხვას, რისთვის ალეწავენ ისინი ერთმანეთს თავს? მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია ქვეყნები, სადაც რაგბი ისე ესმით, როგორც სინამდვილეშია. არადა, ძალიან მაგარი თამაშია, ჭადრაკია, ცოტა უხეშ ფორმებში. წლები გვჭირდება, რათა ეს სპორტი სათანადოდ მივიღოთ. ეს მხოლოდ დაჯახება არაა. ეს ბოლო ვარიანტია, მანამდე კი ძალიან ბევრი რამ ხდება. ეს ყველაფერი ძალიან რთული აღსაქმელია და ამიტომაა, რომ გაცილებით მარტივი და ხელმისაწვდომი ფეხბურთი წინაა და ყოველთვის ასე იქნება”.

...ყველაზე დიდ ქართველ მორაგბეზე: ეს, ჩემთვის უკონკურენტოდ მამუკა გორგოძეა, რომელმაც მსოფლიოს ქართული სარაგბო გენი დაანახა. უბრალოდ, ჩვენ უნდა მოვნახოთ სწორი მიმართულება, ეს გენი საითკენ უნდა მივმართოთ. მამუკამ იპოვა თავისი რაგბი და ამიტომ იყო ძალიან მაგარი.

...დავით ნინიაშვილის ფენომენზე: ის მართლაც განსაკუთრებულია. გარდა იმისა, რომ აქვს ძალიან მაგარი ფიზიკური მონაცემები, არის ძალიან ფეთქებადი, ხისტი და შესაბოჭად ძალიან რთული, თუმცა, მთავარი ისაა, რომ შიში არ გააჩნია. ქართული რაგბის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის თამაში წნეხში, რომელიც მოედანზე ძალიან დიდია. როგორც წესი, წლები და ძალიან მაგარი ფსიქოლოგიური მდგრადობაა საჭირო, რომ წნეხის ქვეშ სწორი მოქმედება ისწავლო, თუმცა, არიან მოთამაშეები, ვისაც ეს უბრალოდ აქვთ. მგონია, რომ დათუნა ამ მოთამაშეთა რიცხვს მიეკუთვნება. წახვიდე აქაური პირველი ლიგიდან TOP 14-ის ლიონში და ფინალში ჩესლინ კოლბი უბრალოდ მოედნიდან გააქრო, ეს რაღაც ფენომენალური ამბავია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ამაშუკელი მსოფლიო რაგბის სისტემაში უკვე საკმაოდ დაფასებული არბიტრია. მას არაერთი მატჩი უმსაჯია საფრანგეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა თასზე, თებერვალში მთავარი არბიტრი იყო ექვს ერზე ირლანდიისა და იტალიის თამაშში, მორიგი გამოწვევა კი ზაფხულში (2 ივლისს) ელის, როდესაც პრეტორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სამხრეთ აფრიკისა და უელსის შერკინებას განსჯის. ეს პირველი შემთხვევა იქნება მსოფლიო რაგბის ისტორიაში, როდესაც ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელი ტიერ1-ის ნაკრებების სრულფასოვან ტესტს იმსაჯებს.

📺 | ნიკა ამაშუკელი - ჩემი არგუმენტი

კომენტარები

ბოლო ამბები