Thumbnail
  • დინამო თბილისი 5:0 გაგრა
  • გიორგი ჭიაბრიშვილის კარგი დასაწყისი თბილისურ გუნდში

გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი დინამო თბილისში ძალიან პოზიტიური გამოდგა. საქართველოს ჩემპიონატის მე-18 ტურში დინამომ საკუთარ მოედანზე გაგრა 5:0 გაანადგურა და ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა.

მასპინძელთა უპირატესობა პირველივე წუთებიდან თვალშისაცემი იყო და ნათელი გახლდათ, რომ გაგრა მატჩის ბოლომდე მეტოქის ზეწოლას ვერ გაუძლებდა. დინამოელებმა 5 გოლი გაიტანეს და თითქმის ყველა შესანიშნავ კომბინაციას მოჰყვა.

პირველ ტაიმში ერთი გოლი გავიდა. 22-ე წუთზე ოსეი ბარნსის ჩაწოდების შემდეგ უსმანე კამარამ თავური დარტყმით ბექა ქურდაძეს ეფექტური გოლი გაუტანა. კამარა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ეს მეორე ტაიმის დასაწყისშიც დამტკიცდა. მან ჯერ პენალტი მოიპოვა, რომელიც გიორგი მოისწრაფიშვილმა ზუსტად დაარტყა. 6 წუთის მერე კამარამ გოლსა და მოპოვებულ პენალტს საგოლე პასიც დაამატა და სხვაობა ბარნსიმ გაზარდა. ბრწყინვალე კომბინაციის შედეგი იყო დინამოელთა მე-4 გოლი, რომელიც ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანა, მაგრამ სანამ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მეკარესთან პირისპირ დარჩებოდა, დავით სხირტლაძის დიდებული პასია გამოსაყოფი. სწორედ სხირტლაძემ დააფიქსირა საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე, როდესაც თავით აიღო მეტოქის კარი.

სხვათა შორის, მატჩის წინ დინამო თბილისმა ევროკავშირის დროშის ფონზე გადაიღო გუნდური ფოტო, შესაბამისად, მესიჯი ნათელი იყო: თბილისური გუნდი შეუერთდა პარალელურად მიმდინარე აქციას - "შინ ევროპისკენ".

ამგვარად, დინამო თბილისმა მოიგო, 35 ქულა დააგროვა, მე-2 ადგილზე გადავიდა და მომდევნო მატჩს 25 ივნისს, ქუთაისის ტორპედოსთან ჩაატარებს. თავის მხრივ გაგრას ძალიან ცუდი პერიოდი აქვს და ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო. შედეგად, გაგა კირკიტაძის გუნდი 17 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში გორის დილას შეხვდება.

ეროვნული ლიგის მე-18 ტური მანამდე ბოლნისში დაიწყო, სადაც სიონმა აუტსაიდერი ლოკომოტივი 5:1 გაანადგურა. გორის დილამ კი წყალტუბოს სამგურალი თორნიკე კაპანაძის გოლით დაამარცხა. სამგურალის 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა, დილა კი გიორგი მიქაძის გუნდს ქულებით გაუთანაბრდა (33-33) და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. ასე რომ, საქართველოს ჩემპიონატის მე-2 წრის ბოლო ტური შედეგიანად და მასპინძელთა დომინირებით დაიწყო.

დინამო თბილისი 5:0 გაგრა

გოლები: 1:0 კამარა (22), 2:0 მოისწრაფიშვილი (52. პენ), 3:0 ბარნსი (58), 4:0 მექვაბიშვილი (74), 5:0 სხირტლაძე (82)

დინამო თბილისი (4-2-3-1): პრიეტო - მალი, ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე - მოისწრაფიშვილი (62. პაპავა), მექვაბიშვილი - კირკიტაძე (62. გაბედავა), ბარნსი (62. ანტილევსკი), კამარა (75. სტეფენი) - ბილენკი (57. სხირტლაძე).

გაგრა (4-2-3-1): ქურდაძე - ხოსიტაშვილი, კვერკველია, ნოზაძე, ქობულაძე - შეწირული, სულთანიშვილი (67. კერძევაძე) - ხაბელაშვილი (67. ბუხაიძე 67), ვეკუა (56. ჩოგაძე), კვირკვია (81. ოლხოვი) - ვაწაძე (81. ფარულავა).

კომენტარები

ბოლო ამბები