Thumbnail

უკრაინის საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ვიაჩესლავ კრავცოვმა (17-წლიანი კარიერის განმავლობაში NBA-ში დეტროიტსა და ფინიქსშიც უთამაშია) მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოსთან მოახლებულ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი კალათბურთელების სისწრაფის ხარჯზე დაჯაბვნას ეცდებიან.

“როგორც წესი, საქართველოს ნაკრები გამოცდილი შემადგენლობით თამაშობს. ასაკოვანი კალათბურთელების მიწვევას არ ერიდებიან. მაგალითად, შერმადინი 33 წლისაა და ჭორებს თუ ვენდობით, მეტისაც, თუმცა, მაინც საოცარი შედეგები აქვს. ჩვენთან პირველ თამაშში მან 23 ქულა ჩააგდო. საქართველოს ნაკრებს სისწრაფის ხარჯზე უნდა მოვუგოთ და შეცდომების რაოდენობაც მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. დისციპლინასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება და რაც მთავარია, მათ მაღლებს უნდა გავუმკლავდეთ. თბილისურ შეხვედრაში შერმადინი და შენგელია თავს ძალიან დამაჯერებლად გრძნობდნენ”.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში, რომელიც ქართველმა კალათბურთელებმა 88:83 მოიგეს, 34 წლის კრავცოვს არ უთამაშია, ახლა კი, შემადგენლობაში აუცილებლად იქნება. სამაგიეროდ, ვიაჩესლავისვე თქმით, გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა თბილისური მატჩის ერთ-ერთი გმირი ბოგდან ბლიზნიუკი (18 ქულა). დაშავებულია უკრაინის ნაკრების კაპიტანი ოლეკსანდრ ლიპოვიც და ჯერაც გაურკვეველია, NBA-ში მოთამაშე ლეგიონერების ალეკსეი ლენისა და სვიატოსლავ მიხაიულიუკის საკითხიც.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ივლისის საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს გაირკვევა, მოახერხებს თუ არა უკრაინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაციაში მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასვლას. ამ დროისთვის, G ჯგუფს 4-დან 3 მოგებით საქართველო ლიდერობს, შემდეგ კი ესპანეთი (3-დან 3 გამარჯვება) მოდის. ამ ორ ნაკრებს მომდევნო რაუნდის საგზური უკვე განაღდებული აქვს, მე-3 იღბლიანის ვინაობა კი უკრაინასა (1 მოგება, 2 წაგება) და ჩრდილოეთ მაკედონიას (4 მარცხი) შორის გაირკვევა.

ლატვიელი აინარს ბაგატსკისის მიერ გაწვრთნილი უკრაინელები მოახლოებული საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 11 ივნისამდე რიგაში ემზადებოდნენ, ახლა, იტალიურ როზეტო დელე აბრუციში იმყოფებიან, მომდევნო საწვრთნელ ეტაპს 22-დან 26 ივნისამდე პორტუგალიურ ვიანა დუ კაშტელუში გაივლიან და ამხანაგურად პორტუგალიასა და სლოვაკეთს შეხვდებიან, 26 ივნისიდან კი ლატვიას დაუბრუნდებიან. უკრაინის ნაკრები სწორედ რიგაში 1 და 7 ივლისს, შესაბამისად, საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ გუნდებს უმასპინძლებს, 4-ში კი, გასვლითი შეხვედრას სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები