Thumbnail
  • საქართველო ნაკრების ფეხბურთელმა ჯერ არ იცის, სად ითამაშებს მომავალ სეზონში
  • უკრაინული მედია კიევის დინამოში 21 წლის ნახევარმცველის პერსპექტივაზე წერს 
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კიევის დინამოს ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა ჯერ არ იცის, სად და როგორ გააგრძელებს კარიერას. 21 წლის ფეხბურთელმა შარშანდელი სეზონის პირველი ნახევარი იჯარით ოდესის ჩერნომორეცში გაატარა, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და იქ ომის დაწყების შემდეგ კი პოლონეთში გადაბარგდა, სადაც ზაფხულამდე ვისლა კრაკოვში გამოდიოდა. 

როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი წიტაიშვილთან დაკავშირებით კიევის დინამოს ხელმძღვანელობა და გუნდის მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ, ცნობილი მოგვიანებით გახდება, უკრაინული სპორტული მედია კი დინამოში ქართველი გარემარბის პერსპექტივაზე წერს.

გიორგი წიტაიშვილს ვილი სანიოლი ნდობას სისტემატურად უცხადებს

"21 წლის ვინგერმა ვისლას 7 მატჩში ითამაშა და ექსტრაკლასაში გოლითა და ორი ასისტით გამოირჩა. სეზონის პირველ ნახევარში ურიგო არ იყო ჩერნომორეცში, მაგრამ ის მაინც არ არის ის გიო, რომელიც დუბლებში მაღალი კოტირებით გამოირჩეოდა. 

20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების (უკრაინის ნაკრებთან ერთად) შემდეგ, წიტაიშვილმა მძიმე ტრავმა გადაიტანა, რამაც ხელი შეუშალა ვორსკლაში იჯარით თამაშის დროს გახსნილიყო. მან შეიცვალა საფეხბურთო მოქალაქეობაც. ვერ ვიტყვით, რომ ეს ორივე მოვლენა უკრაინის პრემიერლიგაში მის შანსს ზრდის, მაგრამ დღეს, პრაქტიკულად, ლეგიონერების არყოფნაში, ქართველს ლიმიტი საფიქრალი არ აქვს. 

გიომ 2021/22 წლების სეზონი პოლონურ ვისლა კრაკოვში დაასრულა

იმის გათვალისწინებით, რომ დინამო წელს თავის ყველაზე გამოცდილ განაპირა ნახევარმცველს გამოეთხოვა (დე პენა დაბრუნებას ალბათ აღარ აპრიებს), ვერბიჩი კი, რომელსაც თეორიულად შეეძლო ფლანგზე თამაში, ლეგიაში გაუშვა, გიო დინამოს ძალიანაც სჭირდება. 

ასე რომ, პირველად ორი წლის განმავლობაში, წიტაიშვილს დინამოში შესაძლოა რეალური შანსი გაუჩნდეს. ნიჭიერმა გარემარბმა კი უნდა აჩვენოს სტაბილური თამაში და თავი თანამედროვე უკრაინის პრემიერლიგის დონეზე წარმოაჩინოს", - წერს Sportarena.

კიევის დინამოსთვის ახალი სეზონი ივლისის ბოლოდან დაიწყება, როდესაც მირჩა ლუჩესკუს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ ფენერბაჰჩეს უნდა დაუპირისპირდეს. ვარაუდობენ, რომ 19 ან 20 ივლისს გასამართ საშინაო შეხვედრას კიეველები პოლონეთში ჩაატარებენ. 

გიომ უკრაინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო

გიორგი წიტაიშვილი წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია. გიო დიდ ფეხბურთში კიევის დინამოს აკადემიიდან მოვიდა და ბოლო დრომდე უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით თამაში გადაწყვიტა. ნახევარცველს ვილი სანიოლის გუნდში 10 მატჩი აქვს ჩატარებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები