Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები სხვა მენტალობის და ხასიათის გუნდი გახდა
  • სანიოლმა სტაბილური სათამაშო სისტემის შექმნაც მოახერხა და როტაციაც გამოსდის
  • სამმცველიან ტაქტიკაში დაცვა სტაბილურად ნულზე თამაშობს
  • კვარაცხელიას და კაშიას ნაკრებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ნაკრების მორიგი, 4-მატჩიანი შეკრებიდან კვირაზე მეტი გავიდა. შეგვიძლია, რაღაცეებს ცოტა მშვიდად და ანალიტიკურად შევხედოთ. ბევრმა რამემ გაგვახარა, რაღაცების დახვეწაც შეიძლებოდა - მოკლედ, ამ ფაქტორების შესახებ ‘ევროპოპის’ სტატიაში.

გუნდი ლიდერის ფსიქოლოგიით

‘თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს, ოთხიდან ოთხი თამაშის მოგებას ვაპირებთ’ - ასე დაიწყო ვილი სანიოლმა თავისი პრესკონფერენცია ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩის წინ.

‘ჩრდილოეთ მაკედონიაში რევანშისთვის ჩავდივართ, რადგან მათთან გვაქვს ძალიან დიდი რაღაცა დარჩენილი, რაც უნდა დავიბრუნოთ’ - ეს უკვე ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარია ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის წინ.

ალბათ არავის გვახსოვს, როდის იყო საქართველოს ნაკრები ასე თავდაჯერებული. ჩვენი კალიბრის გუნდისთვის ეს ძალიან თამამი განაცხადი იყო და, რაც ყველაზე მთავარია, გუნდმა ეს განაცხადი საკუთარი თამაშით მოედანზე გაამყარა. არადა, მატჩის წინ გუნდები, მწვრთნელები და ფეხბურთელები ყოველთვის ფრთხილობენ ხოლმე და ცდილობენ, ზედმეტი მოლოდინი არ შექმნან. ხმამაღალ განცხადებებს ერიდებიან.

საქართველოს ნაკრები დომინანტი და ლიდერი გუნდი იყო ამ ოთხივე მატჩის ყველა ეტაპზე. მაშინაც კი, როცა დაცვიდან თამაში უწევდა, გუნდს ეტყობოდა, რომ იცოდა, რას აკეთებდა და ყველა მომენტში სჯეროდა თავისი გამარჯვების.

ვილი სანიოლი ბულგარეთთან თბილისური მატჩის დროს
📸 | ფოტო: TAMUNAPHOTO

ჩვენ არ ვიცით ზუსტად, თუ რას აკეთებს ვილი სანიოლი გუნდის გასახდელში, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ გუნდს სხვა ფსიქოლოგია, მენტალიტეტი და განწყობა აქვს. ხალისით თამაშობს და არა შიშით, გამარჯვების რწმენით და არა წაგებულის ფსიქოლოგიით. ეს ვერბალურ დონეზეც აისახა - გუნდი გამარჯვებაზე და რევანშზე საუბრობდა და არა ფატალურ არგამართლებაზე და მსაჯებზე, რომელთაც "რატომღაც" პათოლოგიურად სძულთ საქართველო (არადა, ბულგარეთთან ბოლო მატჩის მსაჯს უკეთ მუშაობა ობიექტურად შეეძლო).

ამ მხრივ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო მატჩი იყო, ბულგარეთთან. მატჩი, რომელიც უნდა მოგვეგო და ვერ მოვიგეთ - ცოტა დაგვაკლდა, ცოტა ბურთს შესვლა არ უნდოდა მეტოქის კარში. თუმცა 10 დღეში 4 მატჩის ერთ დონეზე თამაში შეუძლებელია, ესეც გვესმის. ამ მატჩმა აჩვენა სწორედ ის ცვლილება განწყობაში, საკუთარი თავის აღქმაში, რომელზეც წინა აბზაცებში გესაუბრებოდით. სავსე სტადიონზე გულშემატკივარი არა ეჭვით, კითხვებით და შიშით, არამედ თავისი გუნდის გამარჯვების რწმენით იყო მისული. ამ გუნდმაც ბულგარეთის, საშუალო ევროპული გუნდის წინააღმდეგ, ითამაშა აშკარა პირველ ნომრად - ხშირად იყო მომენტები, როცა საქართველოს ნაკრები მთელი გუნდით მეტოქის ნახევარზე იყო.

ხვიჩა პოზიციებს ხშირად იცვლიდა - მარცხენა შემტევიც იყო და მეორე თავდამსხმელიც
📸 | ფოტო: TAMUNAPHOTO

აქამდე, ასე დომინანტურად მხოლოდ ანდორასთან და გიბრალტართან გამოგვდიოდა თამაში. ახლა, ბულგარეთსაც ეშინოდა და მთელი გუნდით დაცვაში იდგა, არგაშვებაზე თამაშობდა და საქართველოს ნაკრებმაც ისე ითამაშა, როგორც დიდმა გუნდმა პატარის წინააღმდეგ. არადა, ევროპის საფეხბურთო რუკაზე თავისი წონით და მნიშვნელობით ჩვენთვის კარგ შემთხვევაში საქართველო და ბულგარეთი დაახლოებით ერთი კატეგორიის გუნდებია. უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევაში ბულგარეთი უკეთესი გუნდია ხოლმე. მწარე 2:6-ებიც გვახსოვს.

ზრდის და პროგრესის შემდეგ ეტაპზე ასეთი მატჩების მოგების კულტურა, ტრადიცია და გამოცდილება უნდა მოვიდეს. როცა უპირატესობის გოლად გარდასახვა კლასზე შეგიძლია. იმიტომ, რომ ეს ვერგატანილი გოლი პლეი ოფში, შესაძლოა, საშინაო მოედნის დათმობის უპირატესობად დაუჯდეს სანიოლის გუნდს.

როტაცია და სისტემა

10 დღეში 4 მატჩის ჩატარება თითქმის შეუძლებელი ამოცანაა გონივრული როტაციის გარეშე. არადა, საქართველოს ნაკრები სანიოლამდე ეპოქაში ცალკეულ ფეხბურთელებსა და მათ ინდივიდუალურ ოსტატობაზე დამოკიდებული გუნდი იყო. გოლი რომ გაგვეტანა, ვიცოდით, რომ კვარაცხელიას ან ოქრიაშვილს რამე უნდა მოეფიქრებინათ. სანიოლის მუშაობის პირველ ეტაპზეც საკვანძო მოთამაშეების დანაკლისი ძალიან მძიმედ აისახა ნაკრებზე კოსოვოსთან და საბერძნეთთან საშინაო შეხვედრების დროს.

ახლა ნაკრებს უკვე აქვს სათამაშო სქემა, რომელიც გუნდის მოთამაშეების ძლიერ მხარეებზეა მორგებული. ეს სქემა ნაკრებს სტაბილურ სათამაშო სტრუქტურას აძლევს. თანაც, გუნდი ახერხებს, რომ სქემა არამხოლოდ თამაშიდან თამაშამდე შეცვალოს და უფრო ფრთხილი და დაცვაში საიმედო 3-5-2 უფრო შემტევ 3-4-3-ზე გადააწყოს, არამედ ამას თამაშის მსვლელობის დროსაც აკეთებს.

მაგალითად, ბულგარეთთან გასვლითი მატჩის დროს, ზურიკო დავითაშვილის პოზიციის მიხედვით, ნაკრები იოლად ცვლიდა თავის სქემას უფრო შემტევ და დაცვით მოდელებზე. დავითაშვილი დაცვის დროს აბურჯანიასთან და კვეკვესკირთან ერთად ნახევარდაცვის სამეულს ქმნიდა, თუმცა შეტევის დროს თავისი დინამიურობის წყალობით სტაბილურად ახერხებდა, რომ მესამე შემტევის როლი მოერგო და ბუდუს და ხვიჩას დახმარებოდა. პირველი გოლიც ასე გავიდა - კვარაცხელია სიღრმიდან შემორბენილ დავითაშვილს დაელოდა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში სივრცე და დარტყმის მომენტი იპოვა.


3-მცველიანი ტაქტიკის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ფლანგის მოთამაშეების როლი. მთელი ფლანგი ერთ კაცს აბარია და ამ პირობებში როტაციის გარეშე თამაში წარმოუდგენელია. ძალიან კარგი იყო, რომ სანიოლი ფლანგებზე მოთამაშეებს ცვლიდა, თუმცა ხარისხი არ ეცემოდა. მარცხნიდან აზაროვი და წიტაიშვილი, მარჯვნიდან კაკაბაძე და ლობჟანიძე სტაბილურად ერთ დონეზე ახერხებდნენ თამაშს. როტაციით იცვლებოდა მხოლოდ სტილი და განწყობა (მაგალითად, მარჯვნიდან კაკაბაძე უფრო დაცვითი ვარიანტია, ლობჟანიძე - შემტევი), თუმცა არა ხარისხი.

ფლანგები კარგად ერთვებოდნენ შეტევაში, რაც შეტევის დროს ნაკრებს აძლევდა საშუალებას, მოედნის მთელი სიგანე გამოეყენებინა და სივრცე შეექმნა. შემთხვევითი არ არის, რომ საგოლე პასებით და გოლებით თავი გამოიჩინეს წიტაიშვილმაც, ლობჟანიძემაც და აზაროვმაც (მის გოლს მეტოქის ავტოგოლად ნამდვილად არ მივიჩნევ).


სანიოლი როტაციას მოედნის ცენტრშიც სტაბილურად მიმართავდა, თუმცა მიუხედავად იმისა, თუ ვინ თამაშობდა იქ (აბურჯანია, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი თუ კვეკვესკირი), ხარისხი და სათამაშო სტრუქტურა არ იცვლებოდა. იცვლებოდა მხოლოდ მეტოქის, ანგარიშის და თამაშის ხასიათის მიხედვით ნახევარდაცვის მახასიათებლები. ანუ, საქართველოს ნაკრებს აქვს გამართული სათამაშო სტრუქტურა, რომელიც დოგმატური და სქემატური საერთოდაც არ არის და სიტუაციის მიხედვით ისე იცვლება, რომ ხარისხობრივი ვარდნა არ ხდება.

ცალკე უნდა გამოიყოს საქართველოს ნაკრების დაცვა, რომელმაც ბოლო 9 თამაშში გოლი მხოლოდ ორჯერ გაუშვა და ჯამურად სამი გოლი აქვს მიღებული. საქართველოს ნაკრების მცველები (კაშია, ხოჭოლავა, კვერკველია) ძალიან სწრაფები არ არიან. ამიტომ, 3-მცველიანი ტაქტიკა მათ საშუალებას აძლევთ, უფრო მეტი სივრცე დაფარონ და ცარიელი ზონები არ დარჩეთ. იმ სივრცეს, რომელსაც ორი მოთამაშე ინაწილებადა, ახლა სამი მცველი აკონტროლებს.

თბილისურ შეხვედრაში ბულგარეთს სულ სამი დარტყმა ჰქონდა
📸 | ფოტო: TAMUNAPHOTO

ბულგარეთმა პირველ თამაშში, რომელშიც მთელი შეხვედრა აგებდა, თავისი დარტყმების 56 პროცენტი საჯარიმოს გარედან შეასრულა. მაკედონიას ბურთი საქართველოზე დიდხანს ჰქონდა და თავისი დარტყმების 79 პროცენტის საჯარიმოს გარედან შესრულება მოუწია. როდის ურტყამენ ასე ხშირად საჯარიმოს გარედან? მაშინ, როცა საჯარიმოში ვერ შედიან და დასარტყმელ პოზიციაზე გასვლას ვერ ახერხებენ. თბილისურ შეხვედრაში ბულგარეთს საერთოდაც სულ სამი დარტყმა ჰქონდა, როგორც ლორიას კარში, ისე კარის მიმართულებით და მთელი მატჩის მანძილზე სახიფათო მომენტიც არ შეუქმნიათ.

ეს სტატისტიკაც ადასტურებს, რომ საქართველო თავს ორგანიზებულად და სისტემურად იცავს და ეს გამართლების, ან მეტოქის ცუდი რეალიზაციის შედეგი არ არის.

შეუცვლელები

კარგი როტაციის მიუხედავად, ნაკრებს ჰყავს თავისი აშკარა ლიდერები. ხვიჩა კვარაცხელიაზე ახალს ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ქართველი ფეხბურთელების უსაფუძლო, თუ ზედმეტად ოპტიმისტური ქება არასოდეს მჩვევია, მაგრამ კვარაცხელია რომ ქართული კი არა, მთლიანად ევროპული ფეხბურთის მომავალია, ამაში დარწმუნებული ვარ.

ოთხივე მატჩი ჩაატარა, სამი გოლი შეაგდო, ორი საგოლე პასიც გააკეთა და მუდმივად ხიფათს ქმნიდა მეტოქისთვის. ბულგარეთთან გასვლით შეხვედრაში პირველი ოთხი გოლი მისი ზონიდან გავიდა. გამოვყოფდი მის გოლს მაკედონიასთან, როდესაც ძალიან კრიტიკულ მომენტში, მაშინ როცა მაკედონიას თითქოს შტურმი უნდა დაეწყო საქართველოს ნაკრების კართან, თამაში თავის თავზე აიღო და გაიტანა.


ხვიჩა პოზიციებს ხშირად იცვლიდა - მარცხენა შემტევიც იყო და მეორე თავდამსხმელიც და ამის მიუხედავად, მისი ეფექტიანობა არ მცირდებოდა.

ნაკრების ფუნდამენტურ მნიშვნელობას ინარჩუნებს გურამ კაშია. ის დაცვის ლიდერია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველი პასით შეტევის დაწყება სწორედ მისი საქმეა. ბულგარეთთან თბილისურ შეხვედრაში კაშიას 94 გადაცემა ჰქონდა, მათ შორის 17 გრძელი პასი და ზუსტი გადაცემების 93.6%. ანუ, ის ძალიან ზუსტად და კარგად იწყებდა შეტევას, მათ შორის უფრო დაბალპროცენტიანი გრძელი გადაცემებით. კაშიამ სტანდარტიდან გოლიც შეაგდო. ზოგადად, ძალიან კარგი იყო, რომ ამ ციკლში საქართველომ სტანდარტებიდან ორი კარგი გოლი გაიტანა.

მაკედონიასთანაც კვეკვესკირი 40 პასით საუკეთესო იყო კაშიასთან ერთად
📸 | ფოტო: TAMUNAPHOTO

ბურთის გათამაშების და მოძრაობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ნიკა კვეკვესკირის ფაქტორი. ბულგარეთთან გასვლით შეხვედრაში კვეკვესკირს გუნდში ყველაზე მეტი, 55 გადაცემა ჰქონდა, 89-პროცენტიანი სიზუსტით. არადა, საქართველო მეორე ნომრად თამაშობდა და ბულგარეთი მუდამ ცდილობდა პრესინგზე წამოსულიყო. მაკედონიასთანაც რთულ და დაძაბულ შეხვედრაში კვეკვესკირი 40 პასით საუკეთესო იყო კაშიასთან ერთად და გადაცემების სიზუსტის პროცენტი 85 ჰქონდა.

რატომ გაამართლა რებრენდინგმა

ნაკრების რებრენდიგს, ანუ ახალი ფორმის, გერბის და ლოგოს შექმნას და მასთან დაკავშირებულ კამპანიას თავიდან თითქოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰქონდა. არადა, ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნისთვის, მათ შორის საფეხბურთო ნაკრებისთვის ახალ დასაწყისს, ე.წ. რესტარტს, ემოციურ დონეზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა დონეზე წაგებულის მენტალიტეტი გვაქვს და წარსულის წარუმატებლობები ფსიქოლოგიურ დონეზე მუდამ თავს გვახსენებს. ასეა ფეხბურთშიც. სიახლით დაწყება, ახალი სახის შექმნა, ახალი განაცხადის გაკეთება იმის ნიშანი შეიძლება გახდეს, რომ წარსულის წარუმატებლობებს ფსიქოლოგიურ დონეზე მაინც ვივიწყებთ და ახალ თავს ვიწყებთ, სუფთა ფურცლიდან, ჩვენს საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ისტორიაში. ბოლოს ასეთი მცდელობა 2006 წლის შესარჩევისთვის იყო, მაგრამ მაშინ ჯგუფიც სიკვდილის გვქონდა და თაობაც წამსვლელი იყო. ახლა ახალი თაობა მოდის. ახალი იმედებით და შანსებით.

სავსე დინამო არენა ბულგარეთთან მატჩის დროს
📸 | ფოტო: კახა მშვიდობაძე

ეს ყველაფერი სტადიონსაც ძალიან მოუხდა - ბულგარეთთან საშინაო მატჩის დროს ჰიმნიც და ახალგერბიანი დროშაც გულშემატკივარმა იოლად მიიღო და აიტაცა. მართლა საფეხბურთო ზეიმის ატმოსფერო შეიქმნა. მთავარია, ნაკრებმა პროგრესი განაგრძოს. ამ ჯგუფს აუცილებლად მოვიგებთ და მერე პლეიოფიც იქნება და B დივიზიონიც. საქართველოს ნაკრებს ჯერ ძალიან მცირე გზა აქვს გავლილი, მაგრამ კარგია, რომ სწორი მიმართულებით - 9-თამაშიანი წაუგებელი სერია შემთხვევით ვერ გექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები