Thumbnail

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ შემადგენლობა დაასახელა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი მე-3 ფანჯრის მატჩებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთშიც მეტოქე საქართველოს ეროვნული გუნდი იქნება.

საინტერესოა, რომ 15-კაციან სიაში არცერთი კალათბურთელი არაა ევროლიგის (რეალი, ბარსელონა, ბასკონია) ანაც NBA-ს კლუბებიდან, რაც მოულოდნელობად შეიძლება ჩაითვალოს იმ ფონზე, რომ ზაფხულის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ნაკრებთა უმრავლესობა უძლიერესი შემადგენლობის შეკრების მცდელობაშია.

სკარიოლომ შეკრებაზე ჯონატან ბარეირო, დარიო ბრისუელა, ალბერტო დიაზი, ხაიმე ფერნანდესი (ყველა – უნიკახა), ფერან ბასასი, ხოელ პარა (ორივე – ხუვენტუტი), კინო კოლომი (აეკ, საბერძნეთი), დანი დიეზი (სან ბაპლო ბურგოსი), ფრან გერა (ტენერიფე), ხაბი ლოპეს-აროსტეგი, ხაიმე პრადილია (ორივე – ვალენსია), მიკელ სალვო (გრან კანარია), სებას საისი (ტოკიო, იაპონია), იანკუბა სიმა (მანრესა) და სანტი იუსტა (სარაგოსა) გამოიძახა, ანდორას წევრი ტაისონ პერესი კი სათადარიგო მოთამაშედ მოიაზრება.

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერჯო სკარიოლო

შეამჩნევდით, რომ ნაკრებში ყველაზე მეტი – 4 წარმომადგენელი მალაგის უნიკახას ჰყავს, ორ-ორი კალათბურთელია მიწვეული ხუვენტუტიდანა და ვალენსიადან, ფრან გერა კი, გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფეს წარმოადგენს და გუნდში სწორედ ქართველი ცენტრის შემცვლელია. ესპანეთის ნაკრებში მხოლოდ 2 ლეგიონერია და თუკი კინო კოლომი ბერძნული აეკ-იდან გუნდის ლამის უცვლელი წევრია, ცოტა მოულოდნელი სჩანს იაპონური ალვარკ ტოკიოდან 27 წლის ცენტრის სებას საიზის გამოძახება.

“როგორც ყოველთვის, ნაკრები ამჯერადაც გამოცდილი კალათბურთელებისა და ახალი თაობის წარმომადგენლების კარგი ნაზავია. ივლისში სამი საკმაოდ რთული მატჩი გველის. ეს თამაშები დაგვეხმარება იმის გარკვევაში, არსებული კონტიგენტიდან ვის შეეძლება მოხვდეს იმ გუნდში, რომელიც აგვისტოდან ევრობასკეტისთვის მზადებას დაიწყებს”, - განაცხადა სერჯო სკარიოლომ, რომელიც იტალიურ ვირტუს ბოლონიაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას დამრიგებელია.

არსებული განრიგის თანახმად, ესპანეთის ნაკრები მომავალი მატჩებისთვის 27 ივნისს სარაგოსაში შეიკრიბება, 1 ივლისს კი, იქვე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. 4 ივლისს, თბილისში, საქართველოსთან თამაშია, 7-ში კი, რიგაში, უკრაინასთან მატჩი, რომელიც ჯერ კიდევ წინა ფანჯრის დროს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ომის გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის G ჯგუფში საქართველოს ნაკრები 4 შეხვედრიდან 3 მოგებით ლიდერობს. თითო მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული ესპანეთსა და უკრაინას, რომლებსაც შესაბამისად 3 და 1 გამარჯვება აქვთ მოპოვებული. ბოლო ადგილზეა ოთხივე წაგების მქონე ჩრდილოეთ მაკედონია. საქართველოსა და ესპანეთს შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ, მე-3 საგზურის ბედი კი უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირებაში გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები