Thumbnail

ოლას 35-წლიანი ეპოქა სრულდება - ლიონს ახალი მფლობელი ჰყავს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჟან-მიშელ ოლამ 35 წლის შემდეგ ლიონის უმეტესი წილი გაყიდა
  • ფრანგულ კლუბს ამერიკელი მეწარმე უხელმძღვანელებს

ლიონში ჟან-მიშელ ოლას 35-წლიანი ეპოქა დასრულდა. ფრანგული კლუბი გაიყიდა და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ლიონი ოლამ 1987 წელს შეიძინა და სწორედ მის სახელს უკავშირდება კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდი. ამიერიდან კი ოლიმპიკელთა ახალი პრეზიდენტი ჯონ ტექსტორი იქნება, რომელიც კომპანია Eagle Football Holdings-ის ხელმძღვანელია და ეს კომპანია საფეხბურთო სამყაროში უკვე ფლობს ბრაზილიურ ბოტაფოგოს, კრისტალ პალასის 40%-იან წილსა და ბელგიის მეორე დივიზიონის კლუბ მოლენბეეკს.

ამ საუკუნის პირველ ათწლეულში ლიონი ძალიან მაგარი გუნდი იყო

ამერიკელი მეწარმის განკარგულებაში თავდაპირველად აქციების 66.56% იქნება, თუმცა, მომდევნო წლებში მისი წილი 88.55%-მდე გაიზრდება. კლუბში დარჩება ჟან-მიშელ ოლაც, რომელიც მომდევნო სამი წელი ლიონის აღმასრულებელი დირექტორი იქნება:

"ამ პროექტით ლიონის შესანიშნავ ისტორიაში ახალი თავი იხსნება. 35 წლის განმავლობაში ჩემი სურვილი ყოველთვის იყო, რომ კლუბი უნიკალურ მოდელად მექცია. ჩვენი პროფესიული ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდები, ჩვენი აკადემია, სტადიონი და სპორტული დარბაზები ლიონის ამბიციების ძლიერი ნიშანია", - აღნიშნა ოლამ.

ჟან-მიშელ ოლას პერიოდში ლიონმა 7-ჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი (თანაც ზედიზედ, 2002-2008 წლებში), 8-ჯერ საფრანგეთის სუპერთასი, 5-ჯერ საფრანგეთის თასი და ერთხელ საფრანგეთის ლიგის თასი. გარდა ამისა, ლიონი ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა (2010 და 2020 წლებში). ოლას პერიოდშივე ლიონის ქალთა გუნდი ქალთა ფეხბურთის მთავარ დომინანტად ჩამოყალიბდა და ჩემპიონთა ლიგა 8-ჯერ მოიგო, ამასთან, კლუბი ძველი სტადიონიდან (სტად ჟერლანი) ახალ, Groupama arena-ზე გადავიდა, რომელიც 60 ათას მაყურებელს იტევს.

კომენტარები

ბოლო ამბები