Thumbnail
  • ნათელა ძალამიძე უიმბლდონზე საქართველოს სახელით იასპარეზებს
  • 29 წლის ჩოგბურთელმა ქართული პასპორტი 2014 წელს მიიღო
  • ევროპოპმა ძალამიძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა

რუსი ჩოგბურთელის, ნათელა ძალამიძის გადაწყვეტილებამ, ტურნირებში მონაწილეობა საქართველოს სახელით მიიღოს, დიდი რეზონანსი გამოიწვია. “რვა წელია, საქართველოს მოქალაქეობაც მაქვს და ისეთივე ქართველი ვარ, როგორც თქვენ“ - განუცხადა ევროპოპს ძალამიძემ, რომელიც ფიქრობს, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და არ ესმის, რატომ არიან სანქცირებულები რუსი სპორტსმენები. ჩვენ ძალამიძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

EUROPOP: რამდენი ხანია, თბილისში იმყოფებით და რას უკავშირდება თქვენი ჩამოსვლა? 

ნათელა ძალამიძე: თბილისში ხშირად ჩამოვდივარ. პერიოდულად აქ ვვარჯიშობ. სოფო ქვაცაბაია მეხმარება და აქედან გამომდინარე, თბილისში ყოფნა მიწევს ხოლმე. 

EUROPOP: რატომ გადაწყვიტეთ, რომ კარიერა არა ერთეულ, არამედ წყვილთა თანრიგში გაგეგრძელებინათ? 

ძალამიძე: ამის მიზეზი ფინანსური საკითხი იყო. წყვილთა თანრიგში უკეთესი რეიტინგი მქონდა. ვხვდებოდი, რომ დიდი სლემის ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში მექნებოდა, თუ წყვილებში ვითამაშებდი. შესაბამისად, უკეთესი შესაძლებლობა მქონდა, რომ მეტი თანხა გამომემუშავებინა. 2018 წელს საკმაოდ სერიოზული ტრავმა მივიღე, დამჭირდა ოპერაცია და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ფიზიკური თვალსაზრისით ერთეულებში და წყვილებში ვერ ვიასპარეზებდი. ხომ იცით, ორ კურდღელს თუ გამოეკიდები, ვერცერთს დაიჭერ. ამიტომაც, წყვილთა თანრიგი ავირჩიე.

EUROPOP: საკმაოდ ბევრი მეწყვილე გამოიცვალეთ, დაახლოებით ასი. რატომ? 

ძალამიძე: ცოტა გაკვირვებული ვარ ამ სტატისტიკის გამო. არა იმიტომ, რომ რაოდენობაა მითითებული, არამედ იმის გამო, რომ ასეთი სტატისტიკა საერთოდ არსებობს. ჩოგბურთს ოცი წელია ვთამაშობ. არიან მეწყვილეები, რომლებიც თამაშის სტილს მიესადაგებიან, ან არ მიესადაგებიან.

EUROPOP: ანუ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამდენი სათამაშო პარტნიორი ნორმალურია? 

ძალამიძე: კი, მე ასე მიმაჩნია. თუ თქვენ ჩოგბურთელთა დიდი ნაწილის სტატისტიკას ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ მათთანაც ანალოგიური ვითარებაა 

EUROPOP: რას უკავშირდება საქართველოს სახელით თამაშის გადაწყვეტილება? 

ძალამიძე: ამ მომენტში მე რეიტინგის მე-40 ნომერი ვარ და იმ შემთხვევაში, თუ გავაგრძელებ სტაბილურად კარგი შედეგების ჩვენებას, მაქვს კარგი შანსები, რომ ოლიმპიადაზე ვითამაშო.

EUROPOP: შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მომავალში სხვა ტურნირებზეც საქართველოს სახელით იასპარეზებთ? 

ძალამიძე: დიახ, ეს ნამდვილად ასეა.

EUROPOP: ხომ არ გეჩვენებათ უცნაურად, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეთ, რაც სპორტულმა სამყარომ რუსი სპორტსმენების სანქცირება მოახდინა? 

ძალამიძე: საუბრები იმის შესახებ, რომ მე საქართველოს სახელით ვიასპარეზო, უკვე რვა წელია მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეობა 2014 წელს მივიღე.

'8 წელია, ქართული პასპორტიც მაქვს. რუსეთში ჩემი გადაწყვეტილება არ გაუკვირდათ'

EUROPOP: ანუ, რვა წელია გაქვთ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციასთან ამ საკითხზე კონსულტაციები? 

ძალამიძე: კი, ეს ნამდვილად ასეა.

EUROPOP: როგორ აისახა რუს სპორტსმენებზე სანქციები?

ძალამიძე: მესმის თქვენი შეკითხვის არსი. ყველაზე დიდი ნეგატივი მე ქართველებისგან მივიღე. რუსეთში, ჩემი გვარიდან გამომდინარე, ყველასთვის ყველაფერი გასაგები გახდა. მე არ გადამიწყვეტია, რომ მეთამაშა აშშ-ის ან ინგლისის სახელით. მე ნათელა გიორგის ასული ძალამიძე ვარ. რატომ გამოიწვია ჩემმა გადაწყვეტილებამ ასეთი განცვიფრება საქართველოში, როდესაც რუსეთში ეს არავის გაჰკვირვებია? დღესდღეობით რუსი სპორტსმენები სანქცირებულები არიან. ჩოგბურთში ეს მხოლოდ უიმბლდონს შეეხება. იგივე ეხება ოლიმპიურ თამაშებსაც. შესაბამისად, არ მქონდა შანსი, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიმეღო. 29 წლის ვარ და მსურს, რომ ჩემი კარიერა გაგრძელდეს. რატომ უნდა დავიჩაგრო იმის გამო, რაც ახლა მსოფლიოში ხდება? მე მომეცა შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობას ვიყენებ. ისეთივე ქართველი ვარ, როგორც თქვენ.

EUROPOP: ანუ, თქვენი გადაწყვეტილება მხოლოდ სპორტულ მოტივაციას, კარიერულ წინსვლას ეფუძნება და სხვას არაფერს?

ძალამიძე: დიახ. ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ სპორტული ინტერესიდან მოდის. დედა რუსი მყავს, მამა ქართველი. ვთამაშობდი რუსეთის სახელით, ახლა კი ვითამაშებ საქართველოს სახელით. მიმაჩნია, რომ ვავლენ პატივისცემას ჩემი მეორე ეროვნების მიმართ.

EUROPOP: მოდით დავუბრუნდეთ წინა შეკითხვას: როგორ აისახა რუს სპორტსმენებზე სანქციები?

ძალამიძე: თუ ვსაუბრობთ ჩოგბურთზე და კონკრეტულად უიმბლდონზე, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა. მეორეს მხრივ, მადლობა WTA-ს და ATP-ს. მიუხედავად იმისა, რომ მათზე უდიდესი ზეწოლაა, ჩვენ გვაქვს თამაშის შესაძლებლობა. ეს ორგანიზაციები რუსების უფლებებს იცავენ და აცხადებენ, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს.

EUROPOP: სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს? 

ძალამიძე: მე ვთვლი რომ კი. რა შუაში არიან რუსი სპორტსმენები იმასთან, რაც ხდება? რატომ არიან რუსი სპორტსმენები პასუხისმგებლები იმაზე, რაც ხდება? სიტუაცია აბსურდულია. გუშინ რუსი ვიყავი, დღეს რუსი აღარ ვარ. მე ვთვლი, რომ სპორტსმენები დამნაშავენი არ არიან. ისევე, როგორც არ არიან დამნაშავენი მუსიკოსები, ექიმები, ბავშვები. ხალხი არაა დამნაშავე იმაში, რაც ახლა ხდება. რუსი სპორტსმენების სანქცირება მათთვის კატასტროფის ტოლფასია. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა მაღალი დონის შეჯიბრებებში. ამის შედეგად ისინი კარგავენ შემოსავალს. ამ ადამიანებმა დაკარგეს სამსახური, მათ დაკარგეს პროფესია. რა თქმა უნდა, ეს მათზე ძალიან უარყოფითად აისახება.

'რუსი სპორტსმენების სანქცირება მათთვის კატასტროფის ტოლფასია'

EUROPOP: საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტეთ იმის გამო, რომ სანქცირებული იყავით თუ ადრეც გქონდათ სურვილი? 

ძალამიძე: იმ რვა წლის მანძილზე, რაც მე ქართული პასპორტი მაქვს, ბევრი რამ მოხდა. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ჩემი შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი, შემდეგ იყო ტრავმა, შემდეგ პანდემია. ბუნებრივია, რომ მაშინ, როცა მე რეიტინგის 180-ე ნომერი ვიყავი, ქართული მხარის ჩემდამი ინტერესი არ იყო ასეთი დიდი. ახლა მე-40 ნომერი ვარ. არსებობდა პრობლემები საბუთებთან დაკავშირებითაც.

EUROPOP: თქვენ ითამაშეთ როლან გაროსზე ნეიტრალური სტატუსით. მოქალაქეობის საკითხი ჯერ არ იყო გადაწყვეტილი?

ძალამიძე: WTA-სთან ჩემი მოქალაქეობის საკითხი უკვე მარტში იყო გადაწყვეტილი, მაგრამ მე არ მინდოდა, რომ პირველი ტურნირი, რომელშიც საქართველოს სახელით მონაწილეობას მივიღებდი, დიდი სლემი ყოფილიყო. ამიტომ, ოფიციალური მიმართვა პარიზში ყოფნის დროს გავაკეთე. საფრანგეთის შემდეგ, ჩემი პირველი ტურნირი ბერლინში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მასში მონაწილეობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ მივიღე. ამიტომ გამოვიდა, რომ საქართველოს სახელით ჩემი სადებიუტო ტურნირი უიმბლდონი იქნება.

უიმბლდონის ღია პირველობაზე ნათელა ძალამიძე საქართველოს სახელით გამოვა, მისი პარტნიორი კი სერბი ალეკსანდრა კრუნიჩი იქნება. ახლა, ქართველ ქალთაგან საუკეთესო რეიტინგი (წყვილებში) სწორედ ძალამიძეს აქვს, შემდეგ კი, ეკატერინე გორგოძე (55-ე) და ოქსანა კალაშნიკოვა (82-ე) მოდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები