- სადიო მანემ ბაიერნთან კონტრაქტი 2025 გააფორმა
- 30 წლის სენეგალელი ამ ზაფხულს მიუნხენელთა მე-3 ახალწვეულია
- ლივერპული ტრანსფერში 41 მილიონ ევროს მიიღებს
- ‘ამიტომ მოვედი ბაიერნში’ - მანეს პირველი ინტერვიუ მიუნხენში
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
ახლა უკვე ოფიციალურად: სადიო მანე მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელია.
30 წლის სენეგალელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გერმანულ გრანდთან კონტრაქტს ხელი მოაწერა. მთლიანობაში მანეს ტრანსფერის ღირებულება 41 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 32 მილიონი ფიქსირებული თანხაა, 9 მილიონი ევრო კი - ბონუსები. ზოგადად, ბაიერნი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ძალიან აქტიურობს და მანემდე აიაქსის ორი მოთამაშე დაიმატა - რაიან გრავენბერხი და ნუსაირ მაზრაუი.
"სადიო მანე მსოფლიო დონის ვარსკვლავია, რომელიც ხაზს უსვამს ბაიერნის სიძლიერეს და აამაღლებს ბუნდესლიგის მიმზიდველობას. სწორედ ასეთი განუმეორებელი ფეხბურთელების გამო დადიან ფანები სტადიონზე. შესანიშნავია, რომ ოლივერ კანმა და ჰასან სალიჰამიჯიჩმა ასეთი ფეხბურთელის ჩვენთან გადმოყვანა მოახერხეს," - განაცხადა რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა.
“სადიო მიუნხენში თავს შესანიშნავად გრძნობს. მისი უახლოესი მეგობრები და მრჩეველიც აქ არიან. გვიხარია და ვამაყობთ, რომ მისი სახით ერთ-ერთი დიდებული ფეხბურთელი და მსოფლიო დონის ვარსკვლავი მიუნხენში ჩამოვიყვანეთ,” - ეს რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებია. “ბრაცომ” დასძინა, რომ მანე ძალიან მოტივირებულია და ტიტულების მოგება უნდა.

ამგვარად, მანეს ლივერპულური კარიერა, რომელიც 6 წელი გაგრძელდა დასრულდა. სენეგალელმა "წითლების" მაისურით 269 მატჩში 120 გოლი გაიტანა. აფრიკელმა შემტევმა ინგლისურ გრანდში თითოჯერ მოიგო პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
მანეს კარიერაში ასევე იყო მეცი (23 თამაში, 2 გოლი), ზალცბურგი (87 თამაში, 45 გოლი) და საუთჰემპტონი (75 თამაში, 25 გოლი). სადიო 2012 წლიდან სენეგალის ნაკრების წევრია და ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 91 შეხვედრაში თავის გამოჩენა 33-ჯერ მოახერხა.
კომენტარები