Thumbnail

მამუჩაშვილის სუპერ ჯარიმა! დინამო ბათუმმა ტორპედო დაამარცხა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმი 4:0 ტორპედო
  • დინამო ბათუმმა სეზონის პირველი ნახევარი 41 ქულით დაასრულა
  • ტორპედოს 21 ქულა აქვს და პლეი აუტის ზღვარზეა

საქართველოს ჩემპიონატის 2022 წლის სეზონის ნახევარი მიილია და მე-2 წრის ბოლო მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა დინამო ბათუმმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და 4:0 გაიმარჯვა.

იმერული გუნდი ამ შეხვედრას ზედიზედ 2 მოგებით შეხვდა, მაგრამ ამჯერად, ვერაფერი გაახერხა. ზღვისპირებელი მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და 3 ქულის მოპოვება არ გასჭირვებიათ. პირველი სახიფათო მომენტი ირაკლი აზაროვმა შექმნა, რომლის შორეული დარტყმა როინ კვასხვაძემ ეფექტური ნახტომით მოიგერია. ტაიმის ბოლოს ტორპედოს მეკარე ვერაფერს გახდა, რადგან ლადო მამუჩაშვილმა შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმა ფანტასტიკურად შეასრულა და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა.

მამუჩაშვილის ჯარიმა უბრალოდ შედევრი იყო

მე-2 ტაიმის დასაწყისში ბათუმელებმა უპირატესობა გაზარდეს. მათე აბულაძემ საჯარიმოში ფლამარიონ ჯოვინო წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც მამუჩაშვილმა გოლად აქცია და დუბლი გაიფორმა. ტორპედოს ყველაზე რეალური შანსი 59-ე წუთზე მიეცა, მაგრამ გიორგი არაბიძის დარტყმა ლაზარე კუპატაძემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე გიული მანჯგალაძემ ითამაშა, მაგრამ ბათუმელებმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანეს. 77-ე წუთზე კი აბულაძემ ჯოვინო საჯარიმოში კიდევ ერთხელ წააქცია, მეორე პენალტი აიკიდა და თვითონ წითელი ბარათი მიიღო. ამჯერად თერთმეტმეტრიანი მამუჩაშვილს აღარ დაურტყამს, ბურთთან ჯოვინო მივიდა და გაიტანა. ბათუმელები ამას არ დასჯერდნენ, 89-ე წუთზე მოედანზე ახალშესულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა ანგარიშის სხვაობა გაზარდა - 4:0. აქვე აღვნიშნოთ, რომ დინამოს განაცხადში ისევ არ იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ბათუმური კარიერა უკვე დასრულებულია და 1-ლი ივლისიდან ნაპოლის შეუერთდება.

გია გეგუჩაძის გუნდს ორი წრის შემდეგ 41 ქულა აქვს, ლიდერია და უახლოეს მდევარ დინამო თბილისს 6 ქულით უსწრებს, ხოლო კახა ჩხეტიანის შეგირდები სეზონის ზუსტად ნახევარი მონაკვეთის შემდეგ 21 ქულით მე-7 ადგილზე არიან. მომდევნო ტურში 25 ივნისს, დინამო ბათუმი ბოლნისის სიონს უმასპინძლებს, ხოლო ქუთაისის ტორპედო სტუმრად დინამო თბილისს დაუპირისპირდება.

დღესვე ეროვნული ლიგის მე-18 ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც თბილისის საბურთალომ თელავი დაძაბულ ბრძოლაში ბენედიკ მიოჩის გოლით 1:0 დაამარცხა.

დინამო ბათუმი 4:0 ტორპედო

გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (39), 2:0 მამუჩაშვილი (53. პენ), 3:0 ჯოვინო (77. პენ), 4:0 გაფრინდაშვილი (89)

დინამო ბათუმი (4-3-3): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - მამუჩაშვილი (88. დენკოვიჩი), ტეიდი (81. ფალავანდიშვილი), ალთუნაშვილი (88. გაფრინდაშვილი) - დავითაშვილი (74. ბიძინაშვილი), ჯოვინო, ჯიღაური (74. ზარია).

ტორპედო (4-1-4-1): კვასხვაძე - გოგლიჩიძე (68. მჭედლიშვილი), აბულაძე, მირცხულავა, ნადარაია - კუხიანიძე (78. სანდოხაძე) - შულაია, ვაჩიბერაძე (68. ცინცაძე), მანჯგალაძე, ქიმაძე (68. ახვლედიანი) - მჭედლიძე (58. არაბიძე).

კომენტარები

ბოლო ამბები