Thumbnail
  • სადიო მანე მომავალი სეზონიდან მიუნხენის ბაიერნში ითამაშებს
  • 30 წლის ფორვარდს პირველი ინტერვიუ ბილდმა ჩამოართვა

ესეც ასე: სადიო მანე მიუნხენშია და მომდევნო სეზონიდან ბაიერნში ითამაშებს. რეკორდმაისტერში ოფიციალურ პრეზენტაციამდე 30 წლის სენეგალელ შემტევს პირველი ინტერვიუ გერმანულმა ტაბლოიდმა “ბილდმა” ჩამოართვა.

“ჩემი ცხოვრება ყოველთვის გამოწვევებით აღსავსე იყო. როდესაც ჩემმა მრჩეველმა ბაიერნის ინტერესის შესახებ შემატყობინა, ამ ამბავს უდიდესი სიხარულით შევხვდი, - უთხრა მანემ “ბილდს”, - ჩემი თავი ბაიერნში მაშინვე დავინახე. ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის სწორი გუნდია, სწორ დროს. ბაიერნი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელიც ყოველთვის ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძვის. ამიტომ, ჩემთვის აქ გადმოსვლა ძალიან კარგი იდეა და სწორი გადაწყვეტილებაა.”

'მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა. ბაიერნის გეგმაში ვიპოვე ჩემი თავი'

ლივერპულის ექს-ფორვარდმა დაადასტურა, რომ სხვა გრანდებშიც ეპატიჟებოდნენ, მაგრამ ამბობს: “როცა ბაიერნის წარმომადგენლებმა თავიანთი გეგმები წარმომიდგინეს, მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა. სწორედ ბაიერნის გეგმაში ვიპოვე ჩემი თავი გაცილებით უკეთესად, ვიდრე ნებისმიერ სხვა გეგმებში.”

გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენური გრანდი ლივერპულს 32 მილიონ ევროზე შეუთანხმდა, თუმცა ეს საწყისი თანხაა და ბონუსების სახით მერსისაიდელებმა შესაძლოა ჯამში 41 მილიონიც მიიღონ.

“სადიო მიუნხენში თავს შესანიშნავად გრძნობს. მისი უახლოესი მეგობრები და მრჩეველიც აქ არიან. გვიხარია და ვამაყობთ, რომ მისი სახით ერთ-ერთი დიდებული ფეხბურთელი და მსოფლიო დონის ვარსკვლავი მიუნხენში ჩამოვიყვანეთ,” - ეს რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებია. “ბრაცომ” დასძინა, რომ მანე ძალიან მოტივირებულია და ტიტულების მოგება უნდა. 

კითხვაზე, მოიგებს თუ არა ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგას პირველივე სეზონში, სენეგალელმა ასე უპასუხა: “არ მინდა, რომ არა ვთქვა. მსოფლიოში ნებისიერ ფეხბურთელს და ნებისმიერ ბავშვს სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება. ფაქტია, ძალიან, ძალიან კონკურენტუნარიან გუნდში ვარ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ლაპარაკი ჯერ ცოტა ადრეა. ახალ გუნდში ჯერ ერთხელაც კი არ მითამაშია. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეთ.”

თუ რამდენად ძლიერი იქნება ბაიერნის შემადგენლობა, ეს იმაზეცაა დამოკიდებული, წავა თუ არა რობერტ ლევანდოვსკი. მანე: “არ ვარ ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ასეთ საკითხებზე კონცენტრირდება. აქ ბაიერნისთვის ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მე და ჩემმა ახალმა თანაგუნდელებმა ტიტულები მოვიგოთ.”

კომენტარები

ბოლო ამბები