Thumbnail

უეფა, FedEx Performance Zone-სთან ერთად, ევროპული ქვეყნების ნაკრებების ფეხბურთელთა რეიტინგს სანაკრებო მატჩების შემდეგ სისტემატურად ანახლებს. 

ივნისის სანაკრებო მატჩების შემდეგ, განახლებული რეიტინგის TOP 15 მოთამაშეს შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დინამო ბათუმის 21 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დღე-დღეზე სერია A-ს ნაპოლის შეუერთდება.

უეფას რეიტინგში პირველ-მეორე ადგილებს ფრანგები იკავებენ

რეიტინგში პირველ ადგილზე საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპეა, რომელსაც ბოლო სამ სანაკრებო მატჩში კარში 6 დარტყმა, 1 გოლი და პასების 82%-იანი სიზუსტე ჰქონდა. 23 წლის ფეხბურთელს ჯამში 454 ქულა აქვს. 

მეორე პოზიციას საფრანგეთის ეროვნულ გუნდში კილიანის თანაგუნდელი ქარიმ ბენზემა იკავებს, რომელსაც ბოლო სამ მატჩში კარში 5 დარტყმა, პასების 86%-იანი სიზუსტე და 1 გოლი ჰქონდა (320 ქულა).   

რეიტინგის სამეულში მოხვდა ნიდერლანდების ეროვნული გუნდის თავდამსხმელი მემფის დეპაი, რომელსაც ბოლო 3 მატჩში 3 გოლი, კარში 7 დარტყმა და 1 საგოლე პასი აქვს (307), მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი, შესაბამისად, ინგლისის ნაკრების ფორვარდი ჰარი კეინი (259) და პორტუგალიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო (249) იკავებენ. 

რეიტინგის ასეულში საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშიაც მოხვდა

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს და მის ფეხბურთელებს, ვილი სანიოლის გუნდმა უეფას ერთა ლიგაში ივნისში ოთხი მატჩი ჩაატარა. შინ გიბრალტარს მოუგო (4:0), სტუმრად ბულგარეთი (5:2) და ჩრდილოეთ მაკედონია (3:0) დაამარცხა, ბოლოს კი თბილიში ბულგარეთს უგოლოდ დაშორდა (0:0). 

უეფას და FedEx Performance Zone-ს რეიტინგში საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელიაა (მე-15 ადგილი), რომელსაც ბოლო 3 შეხვედრაში 2 გოლი, 1 საგოლე პასი, კარში 4 დარტყმა და ჯამური 194 ქულა აქვს. ასეულში მოხვდა გურამ კაშიაც, რომელიც 148 ქულით 74-ე პოზიციას იკავებს. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გრაფაში ბოლო 3 მატჩში 2 მშრალი შეხვედრა, ბურთის 16 დაბრუნება და ბურთის 6 ამოტანაა მითითებული. 

საქართველოს ნაკრების TOP 10
1. (15) ხვიჩა კვარაცხელია - 194 ქულა.
2. (74) გურამ კაშია - 148.
3. (134) დავით ხოჭოლავა - 127.
4. (225) ოთარ კაკაბაძე - 105.
5. (248) გიორგი ლორია - 102.
6. (300) ნიკა კვეკვესკირი - 91.
7. (365) საბა ლობჟანიძე - 82.
8 (402) გიორგი მიქაუტაძე - 76.
9 (496) ირაკლი აზაროვი - 65
10 (576) ბუდუ ზივზივაძე - 58.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს

FedEx Performance Zone - ეს არის რეიტინგი, რომელიც ევროპული ნაკრებების ფეხბურთელთა ფორმას რეალურ დროში ასახავს. მას სპეციალური ალგორითმი ადგენს, რომელიც მხოლოდ ფეხბურთელთა მიერ ერთა ლიგასა და ევროპულ შესარჩევებში ნაჩვენებ სტატისტიკას ეყრდნობა (მასზე არ აისახება მონაცემები საკლუბო ფეხბურთიდან). რეიტინგი იცვლება თითოეული ტურის შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ როგორ ითამაშა ამა თუ იმ ამპლუის ფეხბურთელმა. რეიტინგი არ ამტკიცებს, რომ ერთი მოთამაშე მეორეზე უკეთესია.

კომენტარები

ბოლო ამბები