Thumbnail

იტალიელი მორაგბე: არ ვიცი, ქართველები ამ წაგებას როგორ გადაიტანენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მათ ძალიან უნდათ დაგვამარცხონ, თუმცა, ახლა ძალთა რეალური შეფარდება გამოჩნდება'
  • 'აძურის' მწვრთნელისა და მოთამაშეების კომენტარები ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

იტალიის მორაგბეთა ნაკრები საზაფხულო ტესტებისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც ევროპას არ გასცდება და ძალებს პორტუგალიასთან, რუმინეთთანა და საქართველოსთან მოსინჯავს. მოახლოებული თამაშების შესახებ “აძურის” ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ქირან ქროულიმა და მორაგბეებმა ისაუბრეს. მათ არ დაუმალავთ, რომ ყველაზე რთულ შეხვედრას საქართველოში ელიან, თუმცა, წარმატებაშიც დარწმუნებულები არიან.

ქირან ქროული: “პორტუგალიასთანა და რუმინეთთან საწყის მატჩებში ბევრი მორაგბის გამოცდას ვაპირებთ. უნდა ვნახოთ, ვის რა შეუძლია. ჩვენთან უკვე დიდი კონკურენციაა და ყველას სურს იმ პროგრესში იყოს ჩართული, რაც იტალიურმა რაგბმა განიცადა. მე ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობდი, სხვებმა კი მხოლოდ უელსთან მოგების შემდეგ დაინახეს. ახლაც, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. მაგალითად, პორტუგალია რუმინეთსა და საქართველოზე უკეთ ათამაშებს ბურთს და სწრაფ რაგბს მისდევს. ისინი მსოფლიო თასზე მოსახვედრად იბრძვიან და ეცდებიან, ყველას ანახონ, რომ ამას იმსახურებენ. რუმინეთი და საქართველო უფრო ფორვარდებით თამაშზე არიან ორიენტირებულნი”.

ლეონარდო მარინი: “3 მატჩი გველის და ჩვენი მიზანიც ნათელია – ყველა მათგანი უნდა მოვიგოთ, მითუმეტეს, რომ მეტოქეები იმ რანგს მიეკუთვნებიან, რომელთა დამარცხებაც შეუძლებელი ნამდვილად არაა. გასაკვირი არ იქნება, თუკი ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ინტერესით საქართველოსთან მატჩს ველი. ვიცი, მასში მონაწილეობას მიღება ყველას სურს. ცხადია ამის მიზეზი ის ვირტუალური დაპირისპირებაა, რომელიც ბოლო წლებია ქართველ მორაგბეებთან გვაქვს. მათ მართლაც კარგი შემადგენლობა ჰყავთ, საფრანგეთში ბევრი ქართველი თამაშობს და თანაც, საკმაოდ მაღალ დონეზე. ეს ნამდვილად გამოწვევაა და სწორედ ამიტომ, ძალიან გვინდა მათ მოვუგოთ. ნამდვილად არ ვიცი, ისინი ამ მარცხს როგორ გადაიტანენ, ჩვენ კი, უელსთან გამარჯვების შემდეგ, ნამდვილად ჩინებულ ხასიათზე ვართ”.

ჯანმარკო ლუკეზი: “ახლა, ყველანი პორტუგალიასთან, რუმინეთთანა და საქართველოსთან მატჩებზე ვფიქრობთ და კარგად გვაქვს გათავისებული, რომ წაფორხილების უფლება არ გვაქვს. გვესმის, რომ იტალია ფავორიტია, თუმცა, იმ ნაკრებებს უნდა შევხვდეთ, რომელთაც დასაკარგი არაფერი აქვთ და წარმატებისთვის ყველაფერს გაიღებენ. ბოლოს ასეთ სიტუაციაში ურუგვაისთან მატჩის წინ ვიყავით და ვერ ვიტყვი, რომ სიტუაციას კარგად გავუმკლავდით: მეტოქემ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შეგვიქმნა. ამდენად, მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. ყველა ტესტზე ისე უნდა გავიდეთ, თითქოს, ახალ ზელანდიას ან საფრანგეთს ვეთამაშებოდეთ”.

იტალიელთა კაპიტანი მიკელე ლამარო ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე

ალესანდრო ფუსკო: “დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ მატჩებში საკმარისი სათამაშო დრო მომეცემა. ყველა ამბობს, რომ მთავარი საქართველოსთან ტესტია, თუმცა, ჩემი აზრით, მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ. ჯერ პორტუგალიასთან თამაშია, მერე – რუმინეთთან და ბოლოს – საქართველოში. გამოწვევების არ გვეშინია, თუკი ისევ ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია, პრობლემები არ უნდა გვქონდეს”.

მიკელე ლამარო: “კარდიფში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ახლა, სწორი მიმართულებით სვლა უნდა განვაგრძოთ. მხოლოდ მატჩების მოგება არაა საკმარისი, ისე უნდა ვითამაშოთ, რომ სალაპარაკო არავის დავუტოვოთ. შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ პორტუგალიასთან, რუმინეთთანა და საქართველოსთან მატჩები იოლი იქნება, თუმცა, ეს, ასე არაა. დიახ, ექვს ერთან შედარებით, ალბათ, ნაკლებ წნეხს უნდა ველოდეთ, სამაგიეროდ, მათ ძალიან კონკრეტული მიზანი აქვთ: როგორმე თამაში მოგვიგონ და თავი იქ დაიმკვიდრონ, სადაც ჩვენ ვართ. ჯერ პორტუგალიასთან და რუმინეთთან მატჩებია, რომლებსაც შეიძლება რთული ვუწოდოთ, საქართველოსთან კი ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტია. სწორედ იმ თამაშში გამოჩნდება ძალების რეალური შეფარდება”.

შეგახსენებთ, რომ იტალიის მორაგბეთა ნაკრებმა მოახლოებული ტესტებისთვის მზადება 17 ივნისს დაიწყო, საზაფხულო ტურნეს 25 ივნისს ლისაბონში პორტუგალიასთან მატჩით გახსნის, 1 ივლისს, ბუქარესტში რუმინეთთან ტესტია, ყველაზე საინტერესო დაპირისპირება კი 10 ივლისს ბათუმში იგეგმება საქართველოს წინააღმდეგ.

იტალიელთა ახალზელანდიელმა თავკაცმა “აძურის” რიგებში 33 მორაგბეს უხმო. მათ უმეტესობას 6 ერის თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს, თუმცა, არის დანაკლისიც. ნაკრების კაპიტანი ბენეტონის მესამეხაზელი მიკელე ლამარო იქნება, ყველაზე მეტი კეპი (61) ინგლისური ჰარლექვინსის მგეზავ ტომაზო ალანს აქვს, დებიუტანტი კი ოთხია.

სხვადასხვა მიზეზთა გამო, იტალიელები რიკარდო ფავრეტოს, მონტანა იოანეს, აბრაჰამ სტეინს (ყველა – ბენეტონი), ჯოვანი ლიკატას, იოჰან მეიერს, ანტონიო რიცის (ყველა – ძებრე), ჯეიკ პოლედრის, სტივენ უორნის (ორივე – გლოსტერი, ინგლისი), მარკო რიჩონისა (სარასენსი, ინგლისი) და ჯოსუე ზილოჩის (ლონდონ აირიში, ინგლისი) მოისაკლისებენ.

იტალიის ნაკრები საზაფხულო ტესტებისთვის

ბურჯები: პიეტრო ჩეკარელი (ბრივი, საფრანგეთი, 21 კეპი), სიმონე ფერარი (ბენეტონი, 34), დანილო ფისკეტი (ძებრე, 20), იონ ნეკულაი (ძებრე, დებიუტანტი), ივან ნემერი (ბენეტონი, 6 კეპი), ჩერიფ ტრაორე (ბენეტონი, 14).
კვაჭები: ეპალაჰამე ფაივა (ბენეტონი, 4), ჯანმარკო ლუკეზი (ბენეტონი, 11), ჯაკომო ნიკოტერა (ბენეტონი, 2).
მეორე ხაზი: ნიკოლო კანონე (ბენეტონი, 20), მარკო ფუსერი (ნიუკასლი, ინგლისი, 38), ფედერიკო რუცა (ბენეტონი, 30), დავიდ სისი (ძებრე, 21), ანდრეა ძამბონი (ძებრე, 1).
მესამე ხაზი: რენატო ჯამაროლი (ძებრე, 5), ტოა ჰალაფიჰი (ბენეტონი, 5), მიკელე ლამარო (ბენეტონი, 15, კაპ.), ჯოვანი პეტინელი (ბენეტონი, 6), მანუელ ზულიანი (ბენეტონი, 2).
9 ნომრები: მანფრედი ალბანეზე (კალვისანო, დებიუტანტი), ალესანდრო ფუსკო (ძებრე, 6), ალესანდრო გარბისი (ბენეტონი, დებიუტანტი).
მგეზავები: ტომაზო ალანი (ჰარლექვინსი, ინგლისი, 61), ჯაკომო და რე (ბენეტონი, დებიუტანტი), პაოლო გარბისი (მონპელიე, საფრანგეთი, 18).
შუამარბები: ხუან იგნასიო ბრექსი (ბენეტონი, 13), ლეონარდო მარინი (ბენეტონი, 5), ტომაზო მენონსელო (ბენეტონი, 1), მარკო ძანონი (პო, საფრანგეთი, 12).
გარემარბები: პიერ ბრუნო (ძებრე, 3), ანგე კაპუოზო (გრენობლი, საფრანგეთი, 2), ედოარდო პადოვანი (ბენეტონი, 35), ჯაკოპო ტრულა (ძებრე, 7).

კომენტარები

ბოლო ამბები