Thumbnail
  • 'ქართველებს სწრაფი კალათბურთი არ უყვართ და მუდმივად ტემპს აგდებენ'
  • უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

უკრაინის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მოახლოებული საკვალიფიკაციო მატჩების შესახებ ისაუბრა და დიდი დრო დაუთმო საქართველოს ეროვნულ გუნდთან თამაშს, რომელიც 1 ივლისს მის მშობლიურ რიგაში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები სწორედ ლატვიაში შეიკრიბა და იქ 11 ივნისამდე ემზადებოდა, შემდეგ შეკრება ჰქონდა იტალიურ როზეტო დელე აბრუციში, დღეს კი გეზს პორტუგალიური ვიანა დუ კაშტელუსკენ აიღებს, სადაც ამხანაგურად პორტუგალიასა და სლოვაკეთს შეხვდება. ბაგატსკისის შეგირდები რიგაში 26 ივნისს დაბრუნდებიან და უშუალოდ საქართველოსთან მატჩზე გადაერთვებიან.

ლატვიელი სპეციალისტი უკრაინის ნაკრების ვარჯიშზე

აინარს ბაგატსკისი (უკრაინის ნაკრების მწვრთნელი):

...იტალიურ შეკრებაზე: იტალიაში ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვქონდა, თუმცა, ძალიან ცხელოდა და ვცდილობდით, ძალიანაც არ გადავტვირთულიყავით. ვცდილობთ, სწორად გადავანაწილოთ აქცენტები, პირველ რიგში საკუთარ თამაშზე ვფიქრობთ, თუმცა, იმასაც ვაკვირდებით, როგორ ემზადებიან ქართველები.

...ლიდერების არყოფნაზე: ახლა, ჩვენს განკარგულებაში 14 კალათბურთელია, რომელთა შორის არ არიან ბლიზნიუკი, ლიპოვი და ვოიანლოვიჩი. ამ ფონზე უნდა გავარკვიოთ, ვინ შესძლებს ლიდერობის საკუთარ თავზე აღებას. გასულ მატჩებში ამ მხრივ სწორედ ბლიზნიუკი, ლიპოვი და რენდლი გამოირჩეოდნენ, რომელიც ნაკრებში ასევე აღარ გახლავთ. ამ მხრივ, დიდი სამუშაო გასაწევი. თუკი დიდი დანაკლისის ფონზე მაღალ დონეზე მხოლოდ ორიოდ კალათბურთელმა ითამაშა, წარმატებას ვერ მივაღწევთ”.

...საქართველოს ნაკრების წინა ხაზზე: “თბილისში ცუდი მატჩი ნამდვილად არ ჩაგვიტარებია, წაგებაში (საქართველომ 88:83 იმარჯვა - რედ.) კი დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ზუსტად შეხვედრის წინ ტრავმის გამო გერუნი გამოგვაკლდა. გადამწყვეტ მომენტებში ფარქვეშ სიმაღლე ძალიან დაგვაკლდა. შენგელიას და შერმადინის შესაძლებლობები ყველამ იცის და ამ მხრივ ვერაფერს დავამატებ და თუკი მათ ბითაძეც დაემატათ, სამწამიან ზონაში ძალიან სერიოზულ ძალას ვიღებთ. სამივე მათგანი ტექნიკურია, საშუალო და შორი დისტანციიდან სროლაც ეხერხებათ. ცხადია, ამ მხრივ გარკვეული ჩანაფიქრები გვაქვს და ვარჯიშებზე ამ მიმართულებით ვმუშაობთ”.

უკრაინის ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით ემზადება

...თად მაკფადენსა და დუდა სანაძეზე: “საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ფორმაში ჩავა თად მაკფადენი, რომელმაც თბილისური მატჩის პირველ ტაიმში უბრალოდ გაგვანადგურა. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ მის წინააღმდეგ დაცვაში კარგად ვითამაშეთ: თავიდან რამდენჯერმე წინააღმდეგობის გარეშე ესროლა, კარგი სტარტის შემდეგ კი, მისი შეჩერება ძალიან რთული იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა ქართველებს დუდა სანაძეც ეყოლებათ, რომელიც ძალიან გამოცდილი მოთამაშეა”.

...საქართველოს ნაკრების ძალაზე: დამერწმუნეთ, ამ საქართველოს ნაკრებს ძალიან სერიოზული მიზნები აქვს. ალბათ, გახსოვთ, რომ ჩვენთან პირველი მატჩისთვის ჩამოიყვანეს შენგელია, მერე კი უბრალოდ მისცეს თამაში ესპანელებს. აქცენტი სწორედ უკრაინასთან დაპირისპირებაზე იყო გაკეთებული, მომდევნო ფანჯრის დროს კი, მაკედონიელებს შესუსტებული შემადგენლობითაც გადაურბინეს”.

...გეგმაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის: “ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველი კალათბურთელები მზად არ აღმოჩნდნენ კონკრეტული სათამაშო სტილისთვის. როგორც ახლა ვხედავ, ისინი კომფორტულად ვერ გრძნობენ თავს სწრაფი კალათბურთის დროს, როდესაც მატჩის ინტენსიურობა და დინამიკა მაღალია. საპირისპიროდ, კარგად აქვთ ათვისებული პოზიციური კალათბურთი, რის გამოც მუდმივად ტემპის დაგდებას ცდილობენ. ჩვენი ამოცანა სწორედ თამაშის აჩქარებაა, თუმცა, ამ დროს შეცდომების მატების საფრთხეც არსებობს. მიუხედავად ამისა, სხვა გაზს ვერ ვხედავ. თუკი საქართველოს ნაკრების დამარცხება გვსურს, პირველივე წუთებიდან სწრაფად და აგრესიულად უნდა ვითამაშოთ”.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ივლისის საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს გაირკვევა, მოახერხებს თუ არა უკრაინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაციაში მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასვლას. ამ დროისთვის, G ჯგუფს 4-დან 3 მოგებით საქართველო ლიდერობს, შემდეგ კი ესპანეთი (3-დან 3 გამარჯვება) მოდის. ამ ორ ნაკრებს მომდევნო რაუნდის საგზური უკვე განაღდებული აქვს, მე-3 იღბლიანის ვინაობა კი უკრაინასა (1 მოგება, 2 წაგება) და ჩრდილოეთ მაკედონიას (4 მარცხი) შორის გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები