Thumbnail
  • ლონდონში ბასილაშვილს, გორგოძეს, ბოლქვაძეს, კალაშნიკოვასა და ძალამიძეს ვიხილავთ
  • ბასილაშვილს ერთეულებში 23-ე განთესვა აქვს, ძალამიძეს კი წყვილებში - მე-13

27 ივნისს სტარტს აიღებს უიმბლდონის ძირითადი ბადის მატჩები და შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ დიდი სლემის ეს ტურნირი ქართული ჩოგბურთისთვის ისტორიულია, რადგანაც ერთეულთა და წყვილებში საქართველოს ერთბაშად ხუთ წარმომადგენელს ვიხილავთ. ამასთან, 4 მათგანი ძირითად ბადეშია.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ერთეულებში ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი ნიკოლოზ ბასილაშვილს აქვს. რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების დისკვალიფიკაციის გათვალისწინებით, ნიკოლოზი უიმბლდონში 23-ე განთესვით ჩაებმება და თუკი წილისყრამ არ უმტყუნა, საწყის რაუნდში შედარებით იოლი მეტოქე უნდა ერგოს. ბასილაშვილი წყვილთა შეჯიბრში თამაშსაც გეგმავს, სადაც მისი პარტნიორი მოლდოველი რადუ ალბოტია.

თუკი კაცთა ტურნირში ერთადერთი წარმომადგენელი გვყავს, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ქალებში, სადაც ერთეულთა ძირითად ბადეში კარიერაში პირველად იქნა დაშვებული ეკატერინე გორგოძე, ხოლო მარიამ ბოლქვაძე კვალიფიკაციაში ირჯება და პირველი რაუნდი უკვე გაიარა. იმისთვის, რომ მარიამი ძირითად ბადეში მოხვდეს, დღეს ხორვატი იანა ფეტი უნდა დაამარცხოს და შემდეგ მე-3 წრეში კიდევ ერთ მეტოქეს სძლიოს.

შარშანდელ უიმბლდონზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ენდი მარისთან წააგო

უიმბლდონზე ქალების წყვილთა ტურნირში 3 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. უკვე ტრადიციულად, გორგოძის პარტნიორი რუმინელი ირინა ბარა იქნება, რომელთანაც ერთადაც WTA-ს მიერ ორგანიზებული 5 ტურნირი აქვს მოგებული.

პოლონელი კატარჟინა პიტერი შეარჩია მეწყვილედ ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელმაც შარშან უიმბლდონზე კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. გასულ წელს ოქსანამ რუს ვარვარა გრაჩევასთან ერთად მე-3 წრემდე მისვლა მოახერხა.

დიდი სლემის ტურნირზე საქართველოს სახელით დებიუტი ექნება ნათელა ძალამიძეს, რომელმაც რუსეთის დროშის ქვეშ თამაშზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ოკუპანტ ქვეყანას სანქციები დაუწესეს. საინტერესოა, რომ ძალამიძისა და სერბი ალეკსანდრა კრუნიჩის წყვილი მე-13 ნომრად არის განთესილი.

როგორც აღვნიშნეთ, უიმბლდონის ძირითადი ბადის მატჩები 27 ივნისს დაიწყებს და 10 ივლისამდე გაგრძელდება, წილისყრა კი 24 ივნისს არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები