Thumbnail

SpazioNapoli-ის ინფორმაციით, ცნობილია ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში ჩასვლის და ნაპოლისთან კონტრაქტის გაფორმების თარიღები. "ნაპოლის ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია დინამო ბათუმის ბოლო მატჩებში არ გამოჩენილა. ის უკვე მზად არის, "აძურის" შეუერთდეს. ქართველი გარემარბი ნაპოლიმ კაპიტნის, ლორენცო ინსინიეს შემცვლელად აიყვანა, რომელიც კარიერას MLS-ის ტორონტოში გააგრძელებს", - წერს იტალიური გამოცემა.

"კვარაცხელიას შეძენის ინფორმაცია ოფიციალურად სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ანუ პირველ ივლისს გამოქვეყნდება. ფეხბურთელი 30 ივნისის ჩათვლით დინამო ბათუმის წევრად ითვლება. დღევანდელი Repubblica-ს ინფორმაციით, ცნობილია, თუ როდის გამოცხადდება კვარაცხელია კასტელ ვოლტურნოში სამედიცინო შემოწმებისთვის. ეს მოხდება ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებიდან მეექვსე დღეს, ქართველი უკვე კამპანიაში იქნება. 

წაიკითხე | საქართველოს ნაკრები სხვა გუნდი გახდა - რა დავინახეთ იმ 4 თამაშში

ასე რომ, სულ ცოტა რჩება ყველა დეტალის გარკვევამდე, სანამ ის ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში იქნება. დიმაროში ნაპოლის საწვრთნელი შეკრება 9 ივლისს იწყება. ორი ამხანაგური თამაში უკვე ცნობილია, რომ 14-ში და 17-ში".

Repubblica წერს, რომ ხვიჩას უკვე 14-ში შეიძლება მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება. tuttomercatoweb.com: "კვარაცხელია - ქართველი ტალანტი, რომელიც ინსინიეს დაგვავიწყებს". 

რუსული Cпорт-Экспресс-ის ცნობით, დინამო ბათუმმა ნაპოლისგან ოფიციალური წერილი მიიღო, მოთხოვნით, რომ ქართულმა კლუბმა ხვიჩა კვარაცხელია აღარ ათამაშოს. უახლოეს დღეებში ის იტალიაში გაფრინდება და ახალი სეზონისთვის მზადებას ნაპოლიში დაიწყებს. ასე რომ, გამორიცხულია, ხვიჩა დინამო ბათუმს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო წრეში სლოვაკური სლოვანის წინააღმდეგ დაეხმაროს. 

შეგახსენებთ, რომ პირველად 27 აპრილს დაადაასტურა ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელი გახდება. 21 წლის ქართველი გარემარბი ნაპოლისთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები