Thumbnail
  • ანორთოსისთან განშორებული მწვრთნელი სამუშაოს შესაძლოა მალევე დაუბრუნდეს
  • 54 წლის ქართველ სპეციალისტს კვიპროსული მედია ეროვნულ ნაკრებს უკავშირებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ფამაგუსტას ანორთოსისთან განშორების შემდეგ, თემურ ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა ახლო მომავალშივე დაუბრუნდეს. 54 წლის ქართველი სპეციალისტის მიწვევით კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში ინტერესდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, რომლის ცნობით, საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა კიდეც. 

"ბევრი საუბრობს, რომ თემურ ქეცბაიას ყველაზე მეტი შანსი აქვს ჩვენი ნაკრების მომდევნო მწვრთნელი გახდეს. საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ ფაქტობრივად, პირველი კონტაქტი მაშინვე შედგა, როდესაც სპეციალისტსა და ანორთოსისს შორის თანამშრომლობა გაწყდა. ქეცბაიას პასუხი კი ასეთი იყო: "ცოტას დავისვენებ და შემდეგ განვიხილოთ", - წერს კვიპროსული Goal.com.cy.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიამ ანორთოსისი ხელმეორედ 2019 წელს ჩაიბარა და 2020/21 წლების სეზონში კი კლუბს კვიპროსის თასი მოაგებინა. კლუბმა და სპეციალისტმა თანამშრომლობის გაწყვეტის გადაწყვეტილება ამ ზაფხულს მიიღეს. 

საქართველოს ნაკრებში ქეცბაიას 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქამდე რეკორდად რჩება

თემურ ქეცბაიას მთავარ მწვრთნელად ასევე უმუშავია ბერძნულ ოლიმპიაკოსსა და აეკ-ში, კვიპროსულ აპოელ-სა და რუსულ ორენბურგში, 2009-14 წლებში კი სათავეში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ედგა. 

კვიპროსის ნაკრებს, რომელსაც ამჟამად ბერძენი ნიკოლაოს კოსტენოგლუ წვრთნის, უეფას ერთა ლიგაში არცთუ სახარბიელო მდგომაროება აქვს. გუნდმა C ლიგის მე-2 ჯგუფში 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 ფრედ დაასრულა, 2 კი დათმო და ბოლო ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები