Thumbnail

კვერკველია სტიაუაში? რუმინელებს საბას მოთხოვნები არ მოსწონთ

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • სტიაუას პრეზიდენტმა და დირექტორმა ქართველი მცველის შესახებ ისაუბრეს
  • სტოიკას თქმით, ლოკომოტივში ყოფნისას კვერკველიათი ტოტენჰემი ინტერესდებოდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

როგორც რუმინული Digi Sport წერს, ბუქარესტის სტიაუას (FCSB) საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვერკველიას შეძენა სურს. კლუბის პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ პრესკონფერენციაზე გაგრას ფეხბურთელზე ისაუბრა.

ბეკალიმ საბას ტრანსფერზე საუბრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ახლად შეძენილ ჯოისკიმ დავას ქართველის სიტუაცია გაანდო, რათა კამერუნელს რეალობა 'ნათლად' დაენახა. 

"კარგად ავუხსენი კვერკველიასთან დაკავშირებული ვითარება, რათა დავას ზედმეტი პრეტენზიები არ ჰქონოდა. ქართველთან მოლაპარაკებები მქონდა, მაგრამ ის ევროკავშირის მოქალაქე არაა და მე 70%-იანი გადასახადის გადახდას არ ვაპირებ. კვერკველიას გუნდში აყვანა გამორიცხული არაა, ის ნაკრების ფეხბურთელია, ძალიან მაღალი და ძლიერი მცველია. ვნახოთ რა მოხდება. ამ სატრანსფერო ფანჯრისას ორი მცველი ავიყვანე, პირობებს ორივე უპრეტენზიოდ დათანხმდა, სწორედ ეს მინდოდა," - თქვა კლუბის პრეზიდენტმა. 

აღსანიშნავია, რომ კლუბის გენერალურმა დირექტორმა მიჰაი სტოიკამ პრესკონფერენციამდე განაცხადა, რომ საბა კვირკველიასთან მოლაპარაკებები დასრულებული იყო და ქართველი რუმინულ გუნდში არ გადავიდოდა. 

"კვერკველიას რუბინში თამაში პერიოდიდან ვიცნობ. მოსკოვის ლოკომოტივში ყოფნისას მისით ტოტენჰემი ინტერესდებოდა. ეს პიკში იყო, ახლა კი იმ დონეზე აღარ თამაშობს. მისთვის სტიაუაში გადმოსვლას მხოლოდ ფინანსური მნიშვნელობა ჰქონდა. ქართველის ფინანსური მოთხოვნები კი რუმინეთის ჩემპიონატის რეალობას სცდება," - თქვა სტოიკამ. 

ამჟამად საბა კვერკველია გაგრას წევრია და საქართველოს ეროვნული ლიგაში თამაშობს. მას შემდეგ რაც ცენტრალურ მცველს მოსკოვის ლოკომოტივთან კონტრაქტი ამოეწურა, საბამ რუსეთის ჩემპიონატი დატოვა და კარიერა ხარკოვის მეტალისტ 1925-ში განაგრძო. თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს კლუბის დატოვება მოუწია.

კომენტარები

ბოლო ამბები