Thumbnail

შეკრება კიევის დინამოსთან ერთად - ლუჩესკუ წიტაიშვილს შვეიცარიაში დააკვირდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კიევის დინამოსთან ერთად პირველ შეკრებაზე გაემგზავრა. მირჩა ლუჩესკუს 25 ფეხბურთელისგან შემდგარი გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას შვეიცარიაში დაიწყებს. 

მანამდე უკრაინის მოქმედი ჩემპიონები კიევში არასრული შემადგენლობით შეიკრიბნენ, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარეს და რამდენიმე დღით კლუბის ბაზაზე მოემზადნენ. კიევის დინამოს ფეხბურთელები ორი დღით ბუქარესტში გაჩერდებიან, რის შემდეგაც შვეიცარიაში გადაინაცვლებენ, სადაც რამდენიმე ამხანაგური მატჩის ჩატარება იგეგმება. 

ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს ლუჩესკუ წიტაიშვილთან დაკავშირებით

ლუჩესკუს გუნდს ორ ადგილობრივ კლუბთან სპარინგი უკვე შეთანხმებული აქვს - 26 ივნისს ივერდონ სპორტთან, 29-ში ლოზანა სპორტთან. მატჩები საქველმოქმედო ხასიათისაც იქნება და ჩატარდება ლოზუნგით "Play for Peace. Stop the War".

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი დიდ ფეხბურთში კიევის დინამოს აკადემიიდან მოვიდა, თუმცა მთავარ გუნდში დამკვიდრება აქამდე ვერ შეძლო და იჯარით სხვადასხვა კლუბებში გამოდიოდა - პოლტავის ვორსკლაში, ოდესის ჩერნომორეცში, ბოლოს კი პოლონურ ვისლა კრაკოვში ითამაშა, რომლის მაისურით ექსტრაკლასაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები