Thumbnail

ციხე 8-იდან 25 წლამდე - მარადონას ექიმები სასამართლოს წინაშე წარდგებიან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლეგედნარული არგენტინელი ფეხბურთელი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • მედიკოსებს ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ედებათ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

რვა ექიმი, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონას მკურნალობდნენ, არგენტინის სასამართლოს წინაშე წარდება. სასამართლო სხდომების ჩატარების ვადები მოგვიანებით გამოცხადდება.

მედიკოსებს ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ედებათ და მათ თავისუფლების აღკვეთა 8-იდან 25 წლამდე ვადით ემუქრებათ. 

დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში, 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების მეორე დღეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ გამოაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა იყო გამოცხადებული

გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე, მარადონა ანემიისა და გაუწყლოების სიმპტომებით სამკურნალოდ ბუენოს აირესის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ის საავადმყოფოდან გამოწერეს.

ექსპერტთა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც მარადონას სიკვდილის მიზეზს იკვლევდა, დაასკვნა, რომ მას არ გაეწია სათანადო დახმარება ოპერაციის შემდეგ, რომელიც თავის ტვინში გემატომის მოცილებისთვის ჩაუტარდა. 

გენიალურმა "ათიანმა" არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები