Thumbnail
  • ევროპის U21 ჩემპიონატამდე ზუსტად წელიწადი რჩება
  • ევრო 2023-ს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ
  • საქართველოს 3 ქალაქსა და 4 სტადიონზე სულ 16 მატჩი გაიმართება, მათ შორის - ფინალი
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

თბილისში იყო ევროპის სუპერთასი, შემდეგ რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი ფეხბურთში, სულ მალე იქნება ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში და მერე ევროპის U21 ჩემპიონატი ფეხბურთში - ეს, იმ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებათა ჩამონათვალია, რომლისთვის საქართველოს უმასპინძლია ან ახლო მომავალში უმასპინძლებს.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც საქართველოსთვის ისტორიული იქნება, რადგან რუმინეთთან ერთად ჩვენი ქვეყანა თანამასპინძელია. შესაბამისად, ისტორიაში პირველად, ევროპის U21 ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს, რომელსაც სხვათა შორის, 2020 წლის შემდეგ არ წაუგია და 7-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს (6 მოგება, 1 ფრე).

გარდა იმისა, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ, დებულების თანახმად, კონკრეტულად ევროპის ჩემპიონატისთვის, გუნდის გაძლიერება საგრძნობლადაა შესაძლებელი. საქმე ისაა, რომ ფინალურ ეტაპზე თამაში შეუძლიათ 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელებს, ამ ასაკობრივ კრიტერიუმს კი ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი აკმაყოფილებს, რომლებიც ახლა ვილი სანიოლის გუნდის ლიდერებად მიიჩნევიან და 21-წლამდე ნაკრებში დიდი ხანია არ უთამაშიათ. თუმცა, თუ ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი საჭიროდ ჩათვლის, მათ ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეუძლიათ.

21-წლამდელთა ნაკრებს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რომლის მიმდინარეობისას ინგლისიც დაამარცხა

გიორგი მამარდაშვილი, ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც უკვე ეროვნული ნაკრების მუდმივი წევრები არიან, მაგრამ ასაკით მომავალ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშიც შეუძლიათ. დანარჩენი კი, ცხადია, მთავარ მწვრთნელისა და მისი შტაბის არჩევანსა და გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოსა და რუმინეთის გარდა, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვეს ბელგიის, ესპანეთის, გერმანიის, პორტუგალიის, ინგლისის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის ნაკრებებმა.

დანარჩენი ოთხი მონაწილე სექტემბერში გაირკვევა, როდესაც ორმატჩიან პლეი-ოფში შემდეგი წყვილები ითამაშებენ და გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე გავლენ:

ხორვატია V დანია
სლოვაკეთი V უკრაინა
ირლანდია V ისრაელი
ისლანდია V ჩეხეთი

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე ჩატარდება. ტურნირი ბუქარესტში გაიხსნება, სამაგიეროდ, ფინალურ მატჩს ბათუმი უმასპინძლებს. 4 ჯგუფიდან ორი ჯგუფის (A და C) მატჩები საქართველოში გაიმართება, ასევე ორი მეოთხედფინალისა და ერთი ნახევარფინალის მატჩებიც.

🟠 ბათუმის სტადიონი მთლიანობაში ხუთ შეხვედრას უმასპინძლებს - C ჯგუფის 3 მატჩს, ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს.

🟠 ქუთაისში, "რამაზ შენგელიას" სტადიონზე გაიმართება C ჯგუფის 3 მატჩი და ერთი მეოთხედფინალი - სულ 4 შეხვედრა.

🟠 თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაგეგმილია ასევე 4 მატჩი - A ჯგუფის 3 მატჩი და ერთი მეოთხედფინალი.

🟠 თბილისში, "დინამო არენაზე" მხოლოდ სამი თამაში გაიმართება, სამივე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მონაწილეობით და სამივე A ჯგუფში.

ამდენად, უკვე ცნობილია, რომ საქართველო A ჯგუფში მოხვდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ საქართველო ჯგუფიდან გავა, აუცილებლად საკუთარ მოედანზე ითამაშებს მეოთხედფინალურ მატჩს - პირველი ადგილით გასვლის შემთხვევაში "მიხეილ მესხზე", მეორე ადგილის შემთხვევაში კი ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე". ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაშიც საქართველოს თამაში შინ მოუწევს, ამჯერად ბათუმში. მოკლედ, კალენდარი ისეა შედგენილი, რომ რამაზ სვანაძის გუნდს ნებისმიერი თამაშის საკუთარ მოედანზე გამართვა მოუწევს, რასაც ვერ ვიტყვით რუმინეთზე, რადგან მაგალითად რუმინელები ფინალში რომ გავიდნენ, ბათუმში ითამაშებენ. მანამდე, კი მათთვისაც მორგებულია კალენდარი.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისი 16 ნოემბერს დაამარცხა

რუმინეთის 21-წლამდე ნაკრები B ჯგუფში ითამაშებს, შესაბამისად, ამ ჯგუფისა და ასევე D ჯგუფის მატჩები რუმინეთში ჩატარდება, ისევე, როგორც ორი მეოთხედფინალური და ერთი ნახევარფინალური მატჩი.

კალენდარი

A და B ჯგუფის მატჩები: 21 ივნისი (I ტური), 24 ივნისი (II ტური), 27 ივნისი (III ტური)
C და D ჯგუფის მატჩები: 22 ივნისი (I ტური), 25 ივნისი (II ტური), 28 ივნისი (III ტური)
მეოთხედფინალები: 1 და 2 ივლისი
ნახევარფინალები: 5 ივლისი
ფინალი: 8 ივლისი

ვინაიდან ჯერ ფინალური ეტაპის მხოლოდ 12 მონაწილეა გარკვეული, უცნობია, რომელი გუნდები ჩაატარებენ ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველოში. ეს მხოლოდ პლეი-ოფის დასრულების შემდეგ გაირკვევა. უფრო კონკრეტულად კი ჯგუფური ეტაპის წილისყრა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, ბუქარესტში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები