Thumbnail
  • U20 | საბერძნეთი 95:70 საქართველო
  • მილოშ გლიგორიევიჩის გუნდს ბერძნებთან კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი ელის
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საბერძნეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მასპინძელ თანატოლებთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 70:95 (18:16, 15:22, 15:34, 22:23) წააგო. საინტერესოა, რომ ქართველი კალათბურთელები 3 მეოთხედის განმავლობაში მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ, მატჩის ბედი კი მე-3 ათწუთეულმა გადაწყვიტა, რომელიც ბერძნებმა 34:15 მოიგეს.

მილოშ გლიგორიევიჩის გუნდში საუკეთესო შედეგი ზურაბ ვაშაკიძეს ჰქონდა: მან 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 15 ქულა მოაგროვა. სარგებლიანობის კოეფიციენტის მხრივ (15) ლუკა ლიკლიკაძე გამოირჩა, რომელმაც 13 ქულას 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 პასი წაამატა, ვლადიმერ სალარიძემ კი 12 ქულა ჩააგდო. სამწუხაროდ, არ წაუვიდა თამაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ვლადიმერ თავაქარაშვილს, რომელმაც 21:27 წუთში რვავე სროლა (3 ორქულიანი, 5 სამქულიანი) ააცილა და უქულოდ დარჩა.

ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქეს მოხსნებში მცირედით (34:30) აჯობეს, სამაგიეროდ, საგრძნობლად ჩამორჩნენ პასებსა (14:22) და ჩაჭრებში (6:13) და დაკარგვა (22:9) და პერსონალური ფოლიც (33:19) გაცილებით მეტი ჰქონდათ. საინტერესოა ისიც, რომ საბერძნეთის ნაკრებმა ერთბაშად 41 საჯარიმო ესროლა, საიდანაც 18 (!) ააცილა.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები საბერძნეთში 30 ივნისამდე დარჩება და დღეს მასპინძლებთან კიდევ ერთ მოსამზადებელ მატჩს ჩაატარებს, 1-3 ივლისს ბულგარული შეკრებაა დაგეგმილი, სადაც მასპინძლებთანა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრები შედგება, 6-10 ივლისს საერთაშორისო ტურნირია თურქეთში, მასპინძლების, ბერძნების, ნიდერლანდელებისა და ქართველების მონაწილეობით, 12 ივლისს კი იმავე ნიდერლანდელებს თბილისში დავუხვდებით.

შეგახსენებთ, რომ მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება, რომელსაც 15-24 ივლისს თბილისი უმასპინძლებს. საქართველოში 18 ქვეყნის ნაკრები ჩამოვა და მატჩებს ახლადაშენებულ სპორტის სასახლესთან ერთად ოლიმპიური სასახლეც მიიღებს. მომავალი ტურნირის ფორმატი ასეთია: 19 ნაკრები (გუნდების კენტი რაოდენობა რუსეთის მოკვეთის შედეგია) ოთხ ჯგუფშია გადანაწილებული, ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო ნაკრები კი მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას პლეი ოფში განაგრძობს. 

U20 | საბერძნეთი 95:70 (16:18, 22:15, 34:15, 23:22) საქართველო

საქართველო: ქვარცხავა (15 წ. 2 ქ.), ლიკლიკაძე (21 წ. 13 ქ. 4 მ.), რატიანი (19 წ. 8 ქ. 8 მ.), გოგბერაშვილი (17 წ. 3 ქ.), თავაქარაშვილი (21 წ.); კაპანაძე (13 წ. 3 ქ. 3 მ.), ოგბაიძე (5 წ.), ვაშაკიძე (20 წ. 15 ქ.), აბულაძე (10 წ. 4 ქ.), ხვედელიძე (9 წ.), სალარიძე (19 წ. 12 ქ. 3 მ.), მესხი (10 წ. 2 ქ. 3 მ.), გაფრინდაშვილი (21 წ. 8 ქ. 6 მ.).

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი. 15-24 ივლისი, თბილისი

A ჯგუფი: რუმინეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ესტონეთი.
B ჯგუფი: საქართველო, შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ავსტრია, კოსოვო.
C ჯგუფი: ლატვია, უნგრეთი, ირლანდია, ბულგარეთი.
D ჯგუფი: ფინეთი, სერბეთი, ალბანეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი.

კომენტარები

ბოლო ამბები