Thumbnail

+20 ქულა და 3 პოზიცია - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფიფამ ივნისის მატჩების შემდეგ რეიტინგი ოფიციალურად განაახლა
  • საქართველოს ნაკრები განახლებულ რეიტინგში 82-ე ადგილზეა
  • მოწინავე ათეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა, მაგრამ ლიდერი არ შეცვლილა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ერთა ლიგაზეც მიმდინარე თვეში შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ფიფას რეიტინგზე ეს ჯერჯერობით მხოლოდ მცირედით ისახება.

ფიფამ ივნისის სანაკრებო მატჩების შემდეგ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრები მხოლოდ 3 პოზიციით დაწინაურდა, თუმცა TOP 80-ში ვერ შევიდა და 82-ე ადგილზეა. ერთა ლიგის მატჩებმა საქართველოს 20.15 სარეიტინგო ქულა შემატა და 1296.46 ქულით 85-ე ადგილიდან 82-ე პოზიციაზე დაწინაურდა.

...79. გაბონი - 1301 ქულა
80. ჰონდურასი - 1299
81. ბოლივია - 1298

82. საქართველო - 1296
83. გვინეა - 1294
84. კურასაო - 1293
85. ბაჰრეინი - 1289

როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა ივნისში 4 ოფიციალური მატჩი ჩაატარა - 3 მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა. სანიოლის გუნდმა გიბრალტარი 4:0, ბულგარეთი 5:2 და ჩრდილოეთ მაკედონია 3:0 დაამარცხა, ხოლო ბულგარეთთან მეორე დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. სხვათა შორის, რეიტინგში რეგრესი განიცადეს როგორც ბულგარელებმა (74-ე ადგილზე დაქვეითდნენ), ისე ჩრდილომაკედონიელებმა (64-ე პოზიციაზე).

ფიფას რეიტინგის ლიდერი უცვლელია: სათავეში ისევ ბრაზილიაა, მეორე ადგილზე კი ბელგიის ნაკრებია. სამაგიეროდ, ათეულში რამდენიმე ცვლილება მაინც მოხდა. მაგალითად, არგენტინამ საფრანგეთს გადაასწრო, ესპანეთმა იტალიას, ნიდერლანდებმა პორტუგალიასა და დანიას გადაასწრო, ხოლო დანიამ თავის მხრივ მექსიკას და სკანდინავიელები ათეულში შევიდნენ.

ფიფას რეიტინგის TOP 10

1. ბრაზილია - 1837 ქულა
2. ბელგია - 1821
3. არგენტინა - 1770
4. საფრანგეთი - 1764
5. ინგლისი - 1737
6. ესპანეთი - 1716
7. იტალია - 1713
8. ნიდერლანდები - 1679
9. პორტუგალია - 1678
10. დანია - 1665

აქვე გეტყვით, რომ ფიფას მორიგი რეიტინგი 25 აგვისტოს გამოქვეყნდება, თუმცა, მასში ძირეული ცვლილებები ნაკლებ მოსალოდნელია, რადგან ამ პერიოდში სანაკრებო მატჩები დაგეგმილი არაა.

კომენტარები

ბოლო ამბები