Thumbnail
  • ეროვნულმა ლიგამ საქართველოს ჩემპიონატის მე-2 წრე შეაჯამა
  • ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშეა, გიორგი მიქაძე - მწვრთნელი
  • სიმბოლურ ნაკრებში ფეხბურთელები 4 გუნდიდან მოხვდნენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ჩემპიონატის მე-2 წრე დასრულდა და ტრადიციულად, წრის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დასახელდა.

მე-2 წრის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს, რომელმაც უშუალოდ მეორე წრეში 7 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ხვიჩამ დინამო ბათუმი პრაქტიკულად უკვე დატოვა, ის გია გეგუჩაძის გუნდში აღარ ითამაშებს და ივლისიდან ნაპოლის შეუერთდება.

ეროვნული ლიგის მე-2 წრის საუკეთესო მწვრთნელად კი წყალტუბოს სამგურალის თავკაცი გიორგი მიქაძე დაასახელეს. მისმა გუნდმა ამ პერიოდში 7 მატჩი მოიგო, ერთხელ ფრე ითამაშა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (ბოლო ტურში). საერთოდაც, სამგურალმა მეორე წრეში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა (22) და ზოგადად, 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

რაც შეეხება სიმბოლურ ნაკრებს: ყველაზე მეტი ფეხბურთელი სწორედ სამგურალიდან მოხვდა (4). 3-3 მოთამაშით არიან წარმოდგენილი დინამო ბათუმი და დინამო თბილისი, ხოლო ერთი ფეხბურთელი სიმბოლურში თელავიდან მოხვდა.

მეკარე: ანდრეს პრიეტო (დინამო თბილისი)

მცველები: თედო კიკაბიძე (სამგურალი), ანტონ თოლორდავა (თელავი), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი), ნიკა კალანდარიშვილი (სამგურალი).

ნახევარმცველები: დემურ ჩიხლაძე (სამგურალი), ჯეფერსონ ჯერალდო (სამგურალი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (დინამო ბათუმი), ფლამარიონ ჯოვინო (დინამო ბათუმი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო ბათუმი).

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგას, რომლის ნახევარი უკვე გავიდა, დინამო ბათუმი 41 ქულით ლიდერობს და 6 ქულით უსწრებს დინამო თბილისს. საქართველოს ჩემპიონატში მიმდინარე თვეში კიდევ 2 ტური გაიმართება, შემდეგ კი 13 აგვისტომდე პაუზა გამოცხადდება.

კომენტარები

ბოლო ამბები