Thumbnail

შოთა არველაძე საქართველოს 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნებს შეიძენს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • შოთა არველაძე ბიბლიოთეკების ფონდის შევსების პროექტში ჩაერთო
  • ქართველი მწვრთნელი საქართველოს მასშტაბით 64 ბიბლიოთეკას დაეხმარება
  • შოთა იმედოვნებს, რომ მას სხვა სპორტსმენები და მწერლებიც მიბაძავენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე საქართველოს მასშტაბით 64 ბიბლიოთეკას წიგნებით მოამარაგებს. შოთამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ შეჩერდა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია და ამიტომაც გადაწყვიტა, რომ საკუთარი ფინანსებით 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნები შეიძინოს.

არველაძე იმედოვნებს, რომ ეს სხვა სპორტსმენებისთვის და მწერლებისთვის გადამდები იქნება. ჰალის მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას ორი მთავარი მიზანი აქვს - მნიშვნელოვანი პროექტის გადარჩენა და მკითხველის, ახალი თაობის წახალისება.

"წლების განმავლობაში ჩემი და ჩემი ძმების ერთ-ერთი საყვარელი პროექტი იყო საფეხბურთო თერაპია, რომელიც რეგიონში მცხოვრები მოზარდებისთვის ფეხბურთის თამაშის, დამეგობრების და სოციალურ აქტივობებში ჩართვის შესანიშნავი საშუალებაა. ჩვენი ფონდის მიერ ორგანიზებულმა პროექტმა სხვადასხვა ტურნირის, აქტივობის და ფესტივალის ფარგლებში 1000-მდე მოზარდი გააერთიანა. არაერთი პარტნიორის, საელჩოს თუ მეგობრის დახმარებით საქართველოს 6 რეგიონში, ბევრი რამ გაკეთდა, როგორც ინფრასტრუქტურის განახლების, ისე მოზარდებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის გაჩენის კუთხით.

ფეხბურთის თამაშის ხელმისაწვდომობის ზრდის გარდა, მნიშვნელოვანი იყო და დღემდე რჩება რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდებისთვის განათლების მიცემის დამატებითი შესაძლებლობაც. რეგიონში და განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის ნებისმიერი სიახლე, აქტივობა და წახალისება მიცემული შანსია, რომელსაც ბევრი მათგანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ზოგიერთის შემთხვევაში ეს შანსი შეიძლება იყოს ფეხბურთის თამაში, სხვების შემთხვევაში წიგნები, შემეცნება და ა.შ

სინანულით უნდა ვთქვა, რომ ხშირად გვიჭირს ჩვენი ყურადღების იმ ქალაქებისა და სოფლებისთვის დათმობა, სადაც უამრავი ნიჭიერი მოზარდი ელემენტარული საჭიროებების გარეშე ცხოვრობს. ამის ფონზე, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული 64 ბიბლიოთეკა დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია. ამ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, 64 ქალაქის ბიბლიოთეკა სრულიად ახალი წიგნებით მარაგდება.

არ ვისაუბრებ დეტალებზე და არც იმაზე, რა მიზეზით შეჩერდა ეს პროექტი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა: არცერთი მოზარდი და რეგიონში მცხოვრები ადამიანი არ უნდა დარჩეს განახლებული ლიტერატურის და საჭირო წიგნის გარეშე. რთულ პირობებში ცხოვრების პარალელურად, წიგნი შეიძლება ერთ-ერთ იშვიათ შესაძლებლობად ჩავთვალოთ, რაც ცხოვრებას უფრო ხალისიანს, საინტერესოს და იმედით სავსეს ხდის.

ამიტომ, ვერთვები ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების პროექტში და ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

ჩემს ჩართულობას აქვს ორი მიზანი: გადარჩენა და წახალისება - გადარჩენა უმნიშვნელოვანესი პროექტის და წახალისება მკითხველისა და ახალი თაობის, რათა მეტი მოტივაციით გააგრძელონ სწავლა და შემეცნება.

მადლობა შესაძლებლობისთვის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას. იმედი მაქვს, პროექტში აქტივობების სახით არაერთი სპორტსმენი, მწერალი და მოზარდებისთვის საყვარელი ავტორი ჩაერთვება", - წერს შოთა არველაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები