Thumbnail
  • საქართველო 3:0 ლიხტენშტეინი
  • ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა კვიპროსთან მატჩში გაირკვევა

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის ევროპული ზონის მესამე ჯგუფში მე-2 ტურის მატჩიც დამაჯერებლად მოიგო და პლეი ოფში თამაში გაინაღდა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე მოთამაშე საქართველომ სასტარტო შეხვედრაში სომხეთს 3:0 სძლია და დღეს, ლიხტენშტეინსაც იდენტური ანგარიშით აჯობა.

მონტენეგროს ქალაქ ულცინში მიმდინარე შეჯიბრზე, დღის პირველ შეხვედრაში ალექსანდრე ბაკშიმ ერიკ პეპარდს 6:0, 6:2 მოუგო, შემდეგ საბა ფურცელაძემ ანდრეი სპასოევიჩი დაჯაბნა – 6:2, 6:1, ბოლოს კი წყვილთა თანრიგის ჯერი დადგა და ქართველი ჩოგბურთელების უპირატესობა ამ შემთხვევაშიც აშკარა გახლდათ. ბაკშიმა და ზურა ტყემალაძემ ჯან-კარლო ბესიმო და სპასოევიჩი 6:1, 6:2 დაამარცხეს.

ამგვარად, თუ ვინ დაიკავებს A ჯგუფში პირველ ადგილს, ხვალ გაირკვევა, როდესაც საქართველოს ნაკრები კვიპროსს გაეჯიბრება. ამ დროისთვის, ამ გუნდებს მაქსიმალური შედეგი აქვთ და თანაც, ტურნირის განმავლობაში სეტიც კი არ დაუთმიათ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული ზონის მესამე ჯგუფის B პულში მოლდოვა, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია და მასპინძელი მონტენეგრო თამაშობენ. აღნიშნული 8 ნაკრებიდან 3 საუკეთესო (ჯგუფის საუკეთესოებს პლუს მეორეადგილოსნებს შორის გამარჯვებული) მეორე ჯგუფის პლეი ოფში მიიღებს მონაწილეობას, სამი გუნდი ისევ მესამე ჯგუფში დარჩება, ხოლო 2 უარესი ნაკრები მესამედან მეოთხე ლიგაში დაქვეითდება.

საქართველოს ნაკრებმა დევისის თასის მესამე ჯგუფში შარშანაც ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე ითამაშა და დაწინაურება ვერ მოახერხა. ქართველმა ჩოგბურთელებმა ჯგუფში ისლანდიას სძლიეს, კვიპროსთან დამარცხდნენ, პლეი ოფში კი სხვა ჯგუფის მეორეადგილოსან ირლანდიასთან წააგეს და იმავე დონეზე დარჩნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები