Thumbnail
  • იულიან ნაგელსმანმა სადიო მანესთან პირველი საუბარი გაიხსენა
  • ბაიერნის მწვრთნელი ახალწვეულით აღფრთოვანებულია

სადიო მანე სუპერვარსკვლავია, მაგრამ უჩვეულოდ თავმდაბალი, რაშიც ამ დღეებში მიუნხენშიც ყველა დარწმუნდა. სენეგალელი ფორვარდი ბაიერნმა შეიძინა და მის ოფიციალურ პრეზენტაციაზეც გამოჩნდა, რომ ექს-ლივერპულელი ძალიან თავმდაბალია, თუმცა მანეს შესახებ მეორე დღეს ცალკე ისაუბრა რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა, რომელიც გაოცებულია მისი გუნდის ახალწვეულის ხასიათით.

“ჩვენი პირველივე საუბრისას დავინახე, რომ სადიო ძალიან უანგარო, თავმდაბალი და არაეგოისტური ადამიანია,” - ამბობს ბაიერნის მწვრთნელი, რომელიც მანესგან ამას არ ელოდა, - “ეს უცნაურია ისეთი დონის ფეხბურთელისგან, როგორიც მანეა. ძალიან მოკრძალებულად მითხრა, რომ ნებისმიერ პოზიციაზე თამაში წარმოუდგენია და პრობლემა არსად ექნება. მართალია, ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ, მაგრამ ფეხბურთელისგან ეს სიტყვები ასეთი გულწრფელობით არასდროს მომისმენია. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ მანე ერთ-ერთი ყველაზე გუნდური მოთამაშეა მათ შორის, ვისთანაც ოდესმე შეხება მქონია. სწორედ ამ საუბრის შემდეგ კიდევ უფრო მეტად მოვინდომეთ, რომ ბაიერნში გადმოგვეყვანა.”

'ამ საუბრის შემდეგ კიდევ უფრო მეტად მოვინდომეთ, რომ ბაიერნში გადმოგვეყვანა'

34 წლის ნაგელსმანმა იმაზე ისაუბრა, რომ მანეს ტრანსფერი ბაიერნის ძლევამოსილებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს: “ჩვენ მიუნხენის ბაიერნი ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის შეგვიძლია დიდი ვარსკვლავების გადმობირება. ხანდახან ფინანსური თვალსაზრისით საზღვრამდე მივდივართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასურველი ფეხბურთელი ინგლისში თამაშობს, მაგრამ მანეს შემთხვევაში სხვანაირად იყო, რადგან მას ძალიან მოსწონს ჩვენი პროექტი, ჩვენი გუნდი და თანაგუნდელები.”

ბაიერნის მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი და სადიო მანე

ნაგელსმანს არ უთქვამს, ზუსტად რომელ პოზიციაზე სურს მანეს გამწესება: “100 პროცენტით ამის თქმა ჯერ შეუძლებელია. უნდა დაველოდოთ, კიდევ რა მოხდება სატრანსფერო ბაზარზე და დავიმატებთ თუ არა სხვა შემტევსაც. რაც მთავარია, სადიო მანე ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც 4-5 პოზიციაზე უპრობლემოდ შეუძლია თამაში.”

30 წლის მანემ გერმანულ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. მთლიანობაში მანეს ტრანსფერის ღირებულება 41 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 32 მილიონი ფიქსირებული თანხაა, 9 მილიონი ევრო კი - ბონუსები.

კომენტარები

ბოლო ამბები