Thumbnail

ზინედინ ზიდანი: იმედი მაქვს, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გავხდები

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

15 ტიტული ფეხბურთელის რანგში, 11 ტიტული - მწვრთნელობისას, "ოქროს ბურთი", საოცარი თამაშის მანერა, გადამწყვეტი გოლები ეპიკურ მატჩებში - მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი გენიოსი ზინედინ ზიდანი დღეს იუბილარია. ლეგენდარული ფრანგი 50 წლის გახდა.

"არასდროს მიფიქრია, რომ რაიმეს განსაკუთრებულს ვიმსახურებდი, მაგრამ გამარჯვებაში დარწმუნებული ყოველთვის ერთი კვირით ადრე ვიყავი. საერთოდ არ ვნანობ, რომ კარიერაში უფრო მეტი ტიტული ვერ მოვიგე", - განაცხადა ზიზუმ L'Équipe-თან ინტერვიუში.

იყო თუ არა ზიდანის კარიერაში საუკეთესო 1998 წელი, როდესაც "ოქროს ბურთი" მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა? ფრანგის პასუხი ასეთია: "1998 წლის პირველი 6 თვე კი და მეორე 6 თვე - არა. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კატასტროფულად ვთამაშობდი! ჩემი მეგობრები ხუმრობით ამტკიცებდნენ, რომ მუნდიალის შემდეგ იუვეში ნამდვილი ზიდანის ბიძაშვილი თამაშობდა. ისიცაა, რომ როდესაც ისეთ დიდ ტიტულს იგებ, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატია, ბუნებრივია, რომ ცოტათი ეშვები. იანვრის შემდეგ კარგ ფორმაში დავბრუნდი და 1999/2000 წლების სეზონისთვის უკვე სრულყოფილად მზად ვიყავი, რაც ევროპის ჩემპიონატის მოგებით დაგვირგვინდა. 1998 წელი ჩემი იყო, მაგრამ 1999/2000 წლების სეზონიც ძალიან მაგარი გვქონდა, როგორც მე, ასევე მთლიანად ფრანგულ თაობას".

მუნდიალის ფინალში ბრაზილიის ნაკრებთან გატანილი გოლი

ზიდანმა საკლუბო დონეზე სულ ოთხ გუნდში ითამაშა - კანში, ბორდოში, იუვენტუსსა და რეალში. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებში ის ტურინულ გრანდში თამაშის პერიოდში გაერია, მაგრამ კარიერის პიკი მადრიდის რეალში უფრო ჰქონდა. "სამეფო კლუბს" ის 2001 წელს იმ დროისთვის სარეკორდო ფასად შეუერთდა. ზიდანმა გაიხსენა, ფლორენტინო პერესთან მისი პირველი შეხვედრა, როცა ჯერ კიდევ იტალიაში თამაშობდა:

"ფლორენტინო პერესთან ერთად ვიყავი გალა-ვახშამზე მონაკოში, სადაც ჯილდოს მისაღებად მიმიწვიეს. ჩვენ გვერდიგვერდ არ ვისხედით, მაგრამ მან ხელსახოცი მომაწოდა, რომელზეც ეწერა: "გინდა ჩვენთან გადმოხვიდე?" მე ინგლისურად ვუპასუხე - კი. ახლაც მაინტერესებს, ინგლისურად რატომ ვუპასუხე, შემეძლო ფრანგულად დამეწერა, რადგან პერესმა ფრანგული იცის, ან ესპანურად. ყველაფერი ასე დაიწყო. არჩევანი არც მქონია, იუვენტუსსაც სურდა ჩემი გაყიდვა, რადგან რეალი ძალიან დიდ ფულს იხდიდა. 29 წელი ახალი შესრულებული მქონდა, გამოცდილებაც გამაჩნდა, მაგრამ ვიცოდი, რომ რეალში თამაში მაკლდა, ეს ახალი თავგადასავალი მეც მჭირდებოდა, შემეძლო კარიერულად უფრო წინ წავსულიყავი. იუვეში 5 წელი გავატარე და ყველაფერი მოვიგე ჩემპიონთა ლიგის გარდა, რომლის ორი ფინალი მქონდა წაგებული. ამიტომაც, მჭირდებოდა ახალი გამოწვევა".

ზიდანმა "დელე ალპის" პუბლიკას ოქროს ბურთი წარუდგინა [1998 წლის 4 დეკემბერი]

ზიდანმა რეალში ოცნება მალევე აიხდინა. ჩემპიონთა ლიგა პირველივე სეზონში მოიგო და თანაც, გამარჯვების გოლი თავად გაიტანა. 2002 წელს, "ჰემპდენ პარკზე" ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ლევერკუზენის ბაიერს წარმოუდგენელი სილამაზის გოლი გაუტანა.

"არ ვიცი, იყო თუ არა ჩემი კარიერის ყველაზე ლამაზი გოლი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამდვილად. ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგებაში დამეხმარა. მანამდე სამი ევროპული ფინალი მქონდა წაგებული და მეოთხე შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. გამარჯვება, როგორც ფეხბურთელის და როგორც მწვრთნელის რანგში განსხვავებულია, მაგრამ ორივე შემთხვევაში მშვენიერი განცდაა. გამარჯვება იღბლით არასდროს მიიღწევა, ამას შრომა სჭირდება. როგორც მწვრთნელიც მაგრად ვმუშაობდი და ფეხბურთელებს ჩემი სჯეროდათ. როცა მწვრთნელი ხარ, ყოველთვის ფიქრობ მოედანზე რა მოხდება, ფეხბურთელობისას კი დილის ვარჯიშის შემდეგ სახლში მიდიხარ და ყველაფერი აქ მთავრდება. შეიძლება მუდამ წარმატებას ვერ მივაღწიო, მაგრამ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, მაქსიმალურად ვიხარჯები. მწვრთნელის რანგში ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე? ალბათ, იუვენტუსის წინააღმდეგ მოგებული ფინალი. როგორც ფეხბურთელმა ამ გუნდთან ერთად ორი ფინალი წავაგე. იუვეში ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი მაგარი თამაში ჩავატარე, მაგალითად 1997 წელს ნახევარფინალში აიაქსთან".

ზიზუს შედევრი ლევერკუზენთან ფინალში

ზიდანი მწვრთნელის რანგშიც წარმატებულია და ჩემპიონთა ლიგა უკვე 3-ჯერ მოიგო. ახლა ის არ მუშაობს, მაგრამ საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. უფრო მეტიც, მისი მიზანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობაა:

"ინსტიქტური ტიპი ვარ, არ მიყვარს წინასწარ გაწერილი რაღაცები, ხვალ ამას გავაკეთებ ან იმას. წინასწარ არაფერს ვგეგმავ. მაგალითად, მწვრთნელად რომ ვმუშაობდი, დადგა მომენტი, როდესაც აღარ მსურდა ამ საქმის კეთება და რეალიდან წავედი. როცა ისევ მზად ვიქნები, დავბრუნდები. ცხადია, მინდა სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება, მაგრამ ასევე მსურს, რომ ვიყო პროექტის ნაწილი, სადაც ლიდერი ვიქნები, ისეთი ფუნქცია მექნება, როგორც მაგალითად კლუბის პრეზიდენტს აქვს ან რომელიმე კომპანიის ლიდერს. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გავხდები. როდის მოხდება ეს, ჩემზე არაა დამოკიდებული, მაგრამ აღნიშნული ნამდვილად მინდა".

ზიზუმ არც პარი სენ-ჟერმენის მწვრთნელობა გამორიცხა, რომელსაც ბოლო კვირებში ძალიან აქტიურად უკავშირებენ. "არასოდეს თქვა არასოდეს. როცა მწვრთნელი ხარ, არ არის ირგვლივ 50 კლუბი, სადაც წასვლა შეგიძლია, მხოლოდ ორი-სამი ვარიანტი გაქვს. თუ რომელიმე კლუბში წავალ, მხოლოდ ტიტულების მოსაგებად უნდა ვიბრძოლო, ამიტომაც, ნებისმიერ კლუბში მუშაობას ვერ დავთანხმდები. არის სხვა ფაქტორებიც, მაგალითად ენობრივი ბარიერი. ზოგჯერ მეკითხებიან ხოლმე, წავალ თუ არა, მანჩესტერში - ინგლისური ენა მესმის, მაგრამ ბოლომდე ვერ ავითვისე. ვიცი, რომ არიან მწვრთნელები, რომლებიც კლუბებში ენის ცოდნის გარეშე მუშაობენ, მაგრამ მე სხვანაირად ვმუშაობ".

რა თქმა უნდა, ინტერვიუს მარკო მატერაცისთან ცნობილი ინციდენტის გახსენების გარეშე არ ჩაუვლია. ზიდანმა თქვა, რომ იტალიელმა მაშინ შეურაცხყოფა მის დას მიაყენა:

"მატერაცის დედაჩემზე არაფერი უთქვამს. ეს თავადაც არაერთხელ უთქვამს, თუმცა, ჩემი და შეურაცხყო. ის იმ დროს დედაჩემთან გახლდათ, რომელიც ცუდად იყო".

კომენტარები

ბოლო ამბები