Thumbnail

PUBG Nations Cup 22 | ღონისძიება Peak Viewers-ის საუკეთესო ხუთეულში შევიდა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ჩემპიონატში რუსეთის ნაკრები არ დაუშვეს
  • ტურნირის გამარჯვებული ბრიტანული გუნდი გახდა
  • ფინალურ რუკას ერთბაშად 239 000 ადამიანი უყურებდა

PUBG Nations Cup გეიმინგში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურნირია. წლევანდელი შეჯიბრი ტაილანდის ქალაქ ბანგკოკში, 16-იდან 19 ივნისის ჩათვლით ჩატარდა. მსოფლიოს გამორჩეულ 16 ნაკრებს შორის საუკეთესო ბრიტანეთის გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტი გამოხმაურება ჰქონდა და მატჩებს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი ადევნებდა თვალყურს. 

თამაშები TRUE ICON HALL ICONSIAM-ის არენაში ჩატარდა. ჩემპიონატს მხოლოდ ჩინური გუნდი ვერ დაესწრო, რომელიც გუანჯოუს LAN ადგილიდან დისტანციურად ასპარეზობდა. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ ტურნირში ბოლო გათამაშების გამარჯვებული რუსეთის ნაკრები არ დაუშვეს, მიზეზად კი რუსეთ-უკრაინის ომი დასახელდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩემპიონობა ბრიტანეთის გუნდმა იზეიმა, რომელიც FaZe Clan-ის, Team Liquid-ის, Heroic-ისა და XPLDZ-ის მოთამაშეებისგან იყო დაკომპლექტებული. ღონისძიების საპრიზო ფონდი 500 000 დოლარს შეადგენდა, საიდანაც ჩემპიონმა 100 000 დოლარი მიიღო.

ბრიტანულ გუნდს ფავორიტად არავინ მიიჩნევდა

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ტურნირის მიმართ გამოწვეული ინტერესი გახლდათ. თამაშები რამდენიმე ენაზე გადაიცემოდა. ღონისძიება Peak Viewers-ის ისტორიაში საუკეთესო ხუთეულში შევიდა. PUBG Nations Cup 2022-ის მატჩები ეთერში 19 საათის განმავლობაში გადიოდა, ამ დროში კი 2,3 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, ხოლო ლაივს საშუალოდ 120 000 ადამიანი უყურებდა.

ლოგიკურია, რომ გულშემატკივართა აქტიურობა მატჩიდან მატჩამდე იზრდებოდა. ფინალურ რუკას ერთდროულად 239 ათასზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. ისტორიაში აუდიტორიის მაღალი ჩართულობა PUBG Global Invitational-ზე დაფიქსირდა, რომელშიც ღონისძიების ლაივ ტრანსლაციას 759 000 ადამიანი ადევნებდა თვალყურს.

PUBG esports-ის ტურნირები ივლისში გაგრძელდება. მომდევნო ორ თვეში PUBG Continental Series 7-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდება, რომელიც ოთხ რეგიონალურ დივიზიონს გააერთიანებს.

კომენტარები

ბოლო ამბები