Thumbnail

'მზად ვიყავი, მომეკლა' - უკრაინელი მოცურავე რუს ოლიმპიურ ჩემპიონზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

უკრაინელი მოცურავე მიხაილო რომანჩუკი აცხადებს, რომ "მზად იყო, მოეკლა" რუსი ევგენი რილოვი, მისი ყოფილი მეგობარი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში, როცა აღმოაჩინა, რომ ის მოსკოვში პროპუტინისტურ მსვლელობას დაესწრო. რომანჩუკი რუსი სპორტსმენების მოკვეთის აქტიური მომხრეა. მაშინ, როცა მან ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საწყლოსნო სახეობებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მამამისი უკრაინის არმიის რიგებში ქვეყნის დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.

რომანჩუკმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი მედალი მოიგო. 25 წლის მოცურავემ ბუდაპეშტში 800 მეტრზე თავისუფალ ცურვაში მესამე შედეგი აჩვენა. ის რუს მოცურავე ევგენი რილოვთან მას მერე მეგობრობდა, რაც ორივე საერთაშორისო ცურვის ლიგაში თანაგუნდელები იყვნენ. რილოვი ახლა ფინა-ს მიერ მოკვეთილია, მას მერე, რაც პუტინის მხარდაჭმერ აქციაში Z სიმბოლოთი გამოჩნდა. სწორედ აქ შეწყდა უკრაინელი და რუსი სპორტსმენების ძმობაც.

ევგენი რილოვი

"თუკი ვინმე გაბედავს და მეტყვის, რომ სპორტი პოლიტიკა არაა, ძალიან შეცდება. პირიქით, სპორტი ხშირად პოლიტიკის მთავარი იარაღია, სამწუხაროდ. სწორია, რომ აქ, მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსები არ არიან, შეიძლება თავი ვერ შემეკავებინა და მათ მიმართ აგრესიული ვყოფილიყავი. როცა რილოვი პუტინის აქციაზე გამოვიდა "ლუჟნიკის" სტადიონზე, მარტში, მზად ვიყავი, მომეკლა. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, მაგრამ იმ დღემ ყველაფერი შეცვალა. 
უკრაინაში ომი არ დასრულებულა, ის უფრო საშინელ ხდება. რუსებმა ბევრი ჩვენი ქალაქი გაანადგურეს, რასაც რა თქმა უნდა, სპორტული ინფრასტრუქტურაც შეეწირა. 7 საცურაო აუზი სრულიად განადგურებულია, ასევე 50-მდე სტადიონი. ათზე მეტი გამოჩენილი სპორტსმენი დაიღუპა მათ გამო და არ ვიცით, ეს როდემდე გაგრძელდება", - განუცხადა რომანჩუკმა The Times-ს ინტერვიუში.

ევგენი რილოვი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ის ფინა-მ პუტინის საჯარო მხარდაჭერისთვის 9-თვიანი დისკვალიფიკაციით მოკვეთა. 

კომენტარები

ბოლო ამბები