Thumbnail
  • ორლანდო მეჯიქმა დრაფტზე პირველ ნომრად პაოლო ბანკერო აიყვანა
  • ჯაბარი სმითი ჰიუსტონ როკეტსმა აირჩია, ოკლაჰომამ ჩეტ ჰოლმგრენი
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დღეს გამთენიისას NBA-ს 2022 წლის დრაფტი გაიმართა და ორლანდო მეჯიქმა, ყველასათვის მოულოდნელად, პირველ ნომრად პაოლო ბანკერო აიყვანა.

“ვერ ვიჯერებ იმას, რაც ახლა მოხდა. NBA-ში მინდოდა, მაგრამ ამას ნამდვილად არ მოველოდი,” - განაცხადა ბანკერომ მას შემდეგ, რაც კომისიონერმა ადამ სილვერმა სცენაზე პირველად სწორედ მას უხმო.

ადამ სილვერი და პაოლო ბანკერო

დრაფტის წინ NBA-ს ინსაიდერი ადრიან ვოინაროვსკი წერდა, რომ ორლანდო, უდიდესი ალბათობით, პირველ პიკად ჯაბარი სმითს აირჩევდა, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა: მეჯიქმა ბანკეროზე შეაჩერა არჩევანი. ორლანდომ მისი სახით დიდი ტალანტი მიიღო, რომელსაც NBA-ში კარგ კარიერას უწინასწარმეტყველებენ. კოლეჯში ბანკერო საშუალოდ 17,2 ქულას, 7,8 მოხსნას და 3,2 ასისტს აგროვებდა. თამაშიდან მისი სროლების 47,8 პროცენტი იყო ზუსტი, სამქულიანებში კი 33,8-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა.

სმითი, რომელსაც პირველ ნომრობას უწინასწარმეტყველებდნენ, საბოლოოდ ჰიუსტონ როკეტსში აღმოჩნდა - ის მესამე ნომრად აირჩიეს. მანამდე, მეორე ნომერი ჩეტ ჰოლმგრენი გახდა, რომელიც ოკლაჰომა სიტი თანდერში წავიდა. ოკლაჰომა ყურადღების ცენტრში იყო: სიტი თანდერმა ნიუ იორკ ნიქსთან ტრეიდით უსმან დიენგი (მე-11 პიკი) მიიღო და მე-12 ნომრად ჯეილენ უილიამსიც აირჩია. 30-ე ნომრად კი ოკლაჰომამ პეიტონ უოტსონიც აირჩია.

TOP 5 კი ასე დაკომპლექტდა: მეოთხე ნომრად კიგან მარი იქნა არჩეული, რომელიც საკრამენტოში წავიდა, მეხუთედ კი - ჯეიდენ აივეი, რომელიც დეტროიტ პისტონსმა მიიღო.

მეექვსე არჩევანი გოგა ბითაძის ინდიანას ჰქონდა და პეისერსმა არჩევანი არიზონას მცველზე, ბენედიქტ მატურინზე შეაჩერა არჩევანი.

1. ორლანდო: პაოლო ბანკერო
2. ოკლაჰომა: ჩეტ ჰოლმგრენი
3. ჰიუსტონი: ჯაბარი სმითი
4. საკრამენტო: კიგან მარი
5. დეტროიტი: ჯეიდეინ აივეი
6. ინდიანა: ბენედიქტ მატურინი
7. პორტლენდი: შედონ შარპი
8. ნიუ ორლეანსი (ლეიკერსიდან): დაისონ დენიელსი
9. სან ანტონიო: ჯერემი სოჩანი
10. ვაშინგტონი: ჯონი დევისი
11. ნიუ იორკი (ოკლაჰომაში): უსმან დიენგი
12. ოკლაჰომა (კლიპერსიდან): ჯეილენ უილიამსი
13. შარლოტი (ნიუ იორკში): ჯეილენ დურენი
14. კლივლენდი: ოჩაი აგბაჯი

კომენტარები

ბოლო ამბები