Thumbnail

'რუსი ძიუდოისტები არმიაში მსახურობენ' - უკრაინამ IJF-ს ბოიკოტი გამოუცხადა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

უკრაინის ძიუდოს ფედერციამ სხვა ნაციონალურ ფედერაციებს წერილები დაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ უარს ამბობს ყველა იმ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, რომლებიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება. უკრაინელთა ბოიკოტი გაგრძელდება იქამდე, სანამ IJF-ის შეჯიბრებებიდან რუსეთისა და ბელარუსის ფედერაციებს, ნებისმიერი სტატუსით არ ჩამოაშორებენ.

მანამდე IJF-მა რუსებს ნება დართო, ნეიტრალური სტატუსით ტურნირებში გამოვიდნენ, გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ სპორტი მშვიდობას უნდა ემსახურებოდეს. ამის პასუხად, უკრაინის ძიუდოს ფედერაცია მსოფლიოს შეახსენებს, რომ აქამდე არცერთ რუს ძიუდოისტს დაუგმია მისი ქვეყნის უკრაინაზე თავდასხმა. ამასთან, რუსი ძიუდოისტები ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათგან არაერთი კი რუსეთის ფედერაციის არმიის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა.  

"ყველა, ვინც მეტ-ნაკლებად თვალყურს ადევნებს მსოფლიო სპორტს, ამჩნევს, რომ რუსი სპორტსმენები მათი ქვეყნის აგრესიული პოლიტიკის პროპაგანდის ნაწილი არიან. რუსეთსა და სპორტზე საუბრისას, შეუძლებელია თქმა იმისა, რომ "სპორტი პოლიტიკის გარეშეა". რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისა და მწვრთნელების დუმილი მხარდააჭერაა უკრაინის წინააღმდეგ ომის და ის კლავს უკრაინის ათასობით მოქალაქეს", - ნათქვამია უკრიანის ძიუდოს ფედერაციის წერილში, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს. 

ამრიგად, უკრაინის დელეგაცია ნამდვილად არ გამოვა ულან-ბატორის გრანდ სლემზე (24-26 ივნისი), ასევე უახლოეს ტურნირებში უნგრეთსა (8-10 ივლისს) და ზაგრებში (15-17 ივლისს), ბოიკოტს კი გააგრძელებს იქამდე, სანამ IJF თავის გადაწყვეტილებას არ გადახედავს. 

შეგახსენებთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ძიუდოში უკრაინელთა მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი ზანთარაიამ გამოაცხადა, რომ უარს იტყვის თავის ტიტულზე, თუკი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს IJF-ის ტურნირებში დაუშვებენ. 

ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს ამ შემთხვევაში საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, რომელსაც ულან ბატორის გრანდ სლემზე მონაწილე არ ჰყავს, 8-10 ივლისს, ბუდაპეშტის გრანდ სლემზე კი (8-10 ივლისი) გამოსვლას 13 სპორტსმენით აპირებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები