Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა რომის ტურნირზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო
  • პეტრიაშვილის ოქრო, მაჭარაშვილის ვერცხლი, ოდიკაძის ბრინჯაო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა იტალიის დედაქალაქ რომში, მატეო პელიცონეს სახელობის ტურნირზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. 24 ივნისს მედლები 97 და 125 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდა, ქართველებმა კი 3 მედალი მოიპოვეს.

97 კგ-ში გივი მაჭარაშვილმა და ელიზბარ ოდიკაძემ იასპარეზეს. მაჭარაშვილმა ფინალამდე გზიდან უნგრელი ვლადისლავ ვაიცაიევი (14-9), აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი (10-0) და გერმანელი ერის სვენ ტილე (11-1) ჩამოიშორა, მედლისთვის შეხვედრაში კი სლოვაკეთის სახელით მოჭიდავე ოს ბატირბეკ ცაკულოვს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, მაჭარაშვილი ციკულოვთან 4:10 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

იმავე ცაკულოვთან დამარცხებულმა ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი რეპეშაჟიდან მიიღო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი პოლონელ ზბიგნევ ბარანოვსკის 9:3 აჯობა და მესამე ადგილი დაიკავა.

125 კგ-ში გენო პეტრიაშვილმა ჯერ გერმანელი გენადი კუდინოვიჩი იოლად დაამარცხა (11-0), შემდეგ კი დამაჯერებლად ბერძენ აზამატ ხოსონოვსა (12-1) და უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (9-2) აჯობა. ფინალში ტიტულოვანი ქართველი მოჭიდავის მეტოქე პოლონელი რობერტ ბარანი იყო, რომელშიც გამარჯვება ქართველმა მოიპოვა - 6:0.

რომის სარეიტინგო ტურნირი 25 ივნისამდე გაგრძელდება. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ათ წონით კატეგორიაში 20 სპორტსმენით წარსდგება. შაბათს ხალიჩაზე ბექა ბუჯიაშვილი, რობერტ დინგაშვილი (ორივე 57 კგ), თეიმურაზ ვანიშვილი, გიორგი ღონიაშვილი (ორივე 61 კგ), ბექა ლომთაძე, თორნიკე ქათამაძე (ორივე 65 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ოთარ ბაგაური, დიმტრი ჯიოევი (ორივე 74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე, გიორგი სულავა, ევსემ შველიძე (სამივე 79 კგ), სანდრო ამინაშვილი, ტარზან მაისურაძე, ზაური ბერაძე (სამივე 86 კგ), მარიან მაისურაძ და, საბა ჩიხრაძე (ორივე 92 კგ) გავლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები