Thumbnail
  • იტალია (U20) 36:19 საქართველო (U20)
  • საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მარცხი 6 ერის ზაფხულის სერიებზე

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა 6 ერის ზაფხულის სერიის პირველი მატჩი მასპინძელ იტალიასთან გამართა და 17 ქულით დამარცხდა - 19:36. ლადო კილასონიას გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე ნიკა სუთიძის ლელოთი დაწინაურდა, თუმცა იტალიელებმა ჩამორჩენა მალევე აღმოფხვრეს და წინ გავიდნენ.

საქართველო კიდევ ერთხელ პაატა გალდავამ დააწინაურა, რომელმაც შალვა აფციაურის ბრწყინვალე თამაშის წყალობით დადო ლელო, მაგრამ იტალიელებმა პირველი ტაიმი მაინც მოიგეს. ქართველმა მორაგბეებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და შესვენებაზე 10 ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ - 12:22.

იტალია მეორე ტაიმის სტარტზე კიდევ უფრო გააქტიურდა. უმცროს ბორჯღალოსნებს განსაკუთრებით უჭირდათ ლორენცო პანისა (15) და ნიკოლო ტენეგის (10) შეჩერება. მასპინძლებმა ლელოც დადეს და 17 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მართალია, შალვა აფციაურმა ტაიმის მიწურულს ლელო დადო და ჩამორჩენა ათ ქულამდე შემცირდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ქართველმა მორაგბეებმა ბურთი დაკარგეს და ნაცვლად იმისა, რომ სხვაობა 3 ქულამდე დასულიყო, იტალიამ კიდევ ერთი ლელო გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 36:19.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო ადგილს შოტლანდია იკავებს, რომელმაც უელსთან წააგო (15:45). საქართველო მეორე ტურში სწორედ ჯგუფის ლიდერ უელსს შეხვდება, მატჩი 30 ივნისს გაიმართება და 19:00-საათზე დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები