Thumbnail
  • ბასილაშვილი - როსოლი | გორგოძე - ბეგუ
  • ქართველ ჩოგბურთელებს პირველი წრის მატჩები ელით

27 ივნისს უიმბლდონზე ძირითადი ბადის მატჩები დაიწყება და კორტზე ორ ქართველ ჩოგბურთელს ვიხილავთ. ცხადია ისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი და ეკატერინე გორგოძე ტურნირში სხვადასხვა ამბიციებით ერთვებიან: თუკი ნიკა მსოფლიოს 27-ე ჩოგანია, ეკო უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველად ითამაშებს.

30 წლის ბასილაშვილი დიდი სლემის ლონდონურ ტურნირზე 22-ე ნომრადაა განთესილი და სასტარტო შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 14:00 საათიდან ლუკას როსოლთან ელის (მე-15 კორტზე, პირველ წყებაში). ნიკა ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ, რადგანაც 36 წლის ჩეხი ვეტერანი ATP-ს კლასიფიკაციაში მხოლოდ 278-ე პოზიციაზეა.

როსოლი უიმბლდონის ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვდა, სადაც ბრაზილიელი ტიაგო სეიბუტ ვაილდი – 6:2, 6:0, ამერიკელი კრისტოფერ ეუბანკსი – 7:6 (8:6), 6:4 და არგენტინელი რენცო ოლივო დაამარცხა – 7:6 (7:5), 7:6 (7:4), 6:4.

უიმბლდონზე ძირითადი ბადის მატჩები იწყება

ბასილაშვილი როსოლს კარიერის განმავლობაში 2-ჯერ შეხვედრია და თანაბარი ბალანსი აქვს. 2016 წელს შანხაის მასტერსის კვალიფიკაციაში ლუკასმა 7:6 (7:3), 4:6, 7:6 (7:5) იმარჯვა, იმავე წელს, კიცბიუელის ტურნირზე კი ნიკოლოზმა რევანშის აღება მოახერხა – 6:4, 7:6 (7:4).

თუკი საქართველოს პირველმა ჩოგანმა როსოლის ბარიერი დასძლია, მე-2 რაუნდში ყველა ვარიანტში ფრანგი მეტოქე ელის: ბენუა პერი ან ქუენტინ ჰალისი.

როგორც აღვნიშნეთ, უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველად სცდის ძალებს 30 წლის ეკატერინე გორგოძე, რომლის მეტოქეც რუმინელი ირინა კამელია ბეგუ იქნება. ეს შეხვედრა მე-16 კორტზე მე-4 წყებაში თბილისის დროით დაახლოებით 19:30 საათიდან აიღებს სტარტს.

გორგოძე 31 წლის ბეგუს კარიერაში ერთადერთხელ, წლეულს მადრიდის მასტერსზე შეხვედრია და 2:6, 4:6 აქვს წაგებული. თუკი ამჯერად გამარჯვება ეკოს დარჩა, მე-2 წრეში იტალიელი მოწინააღმდეგე დაუხვდება: მარტინა ტრევიზანი ან ელიზაბეტა კოჩიარეტო.

კომენტარები

ბოლო ამბები