Thumbnail
  • საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგას ცვლილებებით ხვდება
  • გია გეგუჩაძის გუნდი შეტევის ხაზს მათე ვაწაძით აძლიერებს
  • ელგუჯა ლობჯანიძის დამატება ყაზახური ყიზილჟარს სურს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია 

დინამო ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს, სადაც ბრატისლავის სლოვანს უნდა დაუპირისპირდეს, ცვლილებებით ხვდება. 

ცნობილია, რომ გია გეგუჩაძე გუნდის შეტევის ხაზის გაძლიერებას გაგრას ცენტრფორვარდით, მათე ვაწაძით გეგმავს და ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. სამაგიეროდ, საქართველოს ჩემპიონების დატოვება ელგუჯა ლობჯანიძეს მოუწევს, რომელიც დიდი ალბათობით, ყაზახეთში დაბრუნდება. 

ყაზახური მედიის ინფორმაციით, ელგუჯა ლობჯანიძე კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის ყიზილჟართან. პეტროპავლოვსკის კლუბს, რომელმაც 2021 წლის სეზონში ქვეყნის ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა, 29 წლის ქართველი თავდამსხმელი, პირველ რიგში, კონფერნსლიგაში უნდა დაეხმაროს. 

ელგუჯას ყაზახეთში სამი სეზონი აქვს გატარებული

ელგუჯა ლობჯანიძე, რომლის ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 11 მატჩია, ყაზახეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. 2019 წლიდან მოყოლებული, ელგუჯამ ამ ქვეყანაში თარაზში, ქაისარსა და ტობოლში ითამაშა. ცენტრფორვარდი დინამო ბათუმს წელს იანვარში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ეროვნული ლიგის 11 შეხვედრაში გოლითა და 3 საგოლე პასით გამოირჩა.

რაც შეეხება მათე ვაწაძეს, 33 წლის თავდამსხმელი სამშობლოში წლის დასაწყისში დაბრუნდა და გაგრას შეუერთდა, კარიერის განმავლობაში კი უზბეკეთში, ლატვიაში, დანიასა და რუსეთში გამოდიოდა. მის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 15 თამაში და 4 გოლია. 

მათეს კარიერის გამორჩეული ეტაპი დანიურ ორჰუსს უკავშირდება

პეტროპავლოვის ყიზილჟარს ყაზახეთის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 14 მატჩში 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. ლობჯანიძის პოტენციური გუნდი კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატულ ოსიეკს ეთამაშება. პირველ მატჩს ყიზილჟარი შინ, 21 ივლისს გამართავს, სტუმრად კი 28 ივლისს ითამაშებს.

დინამო ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავას სლოვანს ხვდება. საქართველოს ჩემპიონები პირველ შეხვედრას სტუმრად სლოვაკეთში 6 ივლისს ჩაატარებენ, საპასუხო შეხვედრა ბათუმის სტადიონზე კი 13 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები