Thumbnail

უკრაინის საკალათბურთო ნაკრების ცენტრმა არტიომ პუსტოვოიმ საქართველოსთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის შესახებ ისაუბრა და არ დაუმალავს, რომ მისი გუნდისთვის უმთავრესი სწორედ აღნიშნულ თამაშში გამარჯვება იქნება.

არტიომ პუსტოვოი: “საქართველოსთან პირველი მატჩის დეტალები არაერთხელ განვიხილეთ, მეტწილად, ის შეცდომები, რომლებიც დაცვაში დავუშვით. მწვრთნელებმა მთავარი ყურადღება იმაზე გაამახვილეს, რომ მეტოქეს იოლი ქულების ჩაგდების საშუალება არ უნდა მივცეთ. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ტაქტიკასაც, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ კონკრეტული კალათბურთელების წინააღმდეგ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მოახლოებული მატჩია. საქართველოს ნაკრებს ყველა ვარიანტში უნდა მოვუგოთ. ასე რომ, მომდევნო თამაშებზე არც ვფიქრობთ”.

არტიომ პუსტოვოისა და გიორგი შერმადინის დაპირისპირება რიგაშიც გაგრძელდება

შეგახსენებთ, რომ ესპანური გრან კანარიას 30 წლის კალათბურთელს კვალიფიკაციის პირველ წრეში თბილისში გამართული მატჩი (88:83) დიდად შედეგიანი არ ჰქონია: მაშინ 16 წუთში მხოლოდ 5 ქულა 5 მოხსნა მიითვალა. სამაგიეროდ, პუსტოვოიმ ძალიან აზარალა საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფურ ეტაპზე, როდესაც 30 წუთში 19 ქულას 8 მოხსნა წაამატა, მეტოქემ კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა – 88:81.

შეგახსენებთ, რომ ლატვიელი აინარ ბაგატსკისის მიერ გაწვრთნილი უკრაინელები საქართველოს 1 ივლისს რიგაში დაუხვდებიან, 4-ში, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრებიან, 7-ში კი ისევ ლატვიაში ესპანეთს ეთამაშებიან.

სწორედ ივლისის საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს გაირკვევა, მოახერხებს თუ არა უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაციაში მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასვლას. ამ დროისთვის, G ჯგუფს 4-დან 3 მოგებით საქართველო ლიდერობს, შემდეგ კი ესპანეთი (3-დან 3 გამარჯვება) მოდის. ამ ორ ნაკრებს მომდევნო რაუნდის საგზური უკვე განაღდებული აქვს, მე-3 იღბლიანის ვინაობა კი უკრაინასა (1 მოგება, 2 წაგება) და ჩრდილოეთ მაკედონიას (4 მარცხი) შორის გაირკვევა.

ოლეკსანდრ მიშულას განაცხადს მიღმა დარჩენა მოულოდნელი იყო

ვთქვათ ისიც, რომ უკრაინის ნაკრები 14 კალათბურთელის შემადგენლობით ემზადება, რომელთა შორის არ არის ჩეხური ბრნოს მცველი ოლეკსანდრ მიშულა. ეს მოულოდნელი ფაქტია იმის გათვალისწინებით, რომ მიშულა ბოლო წლებში ნაკრების ფაქტობრივად უცვლელი წევრი იყო და არც მის ტრავმაზე დაწერილა რამე.

ოლეკსანდრმა ბოლოს ეროვნულ გუნდში ევრობასკეტი 2022-ის საკვალიფიკაციო ციკლში ითამაშა და თუკი სლოვენიასთან პირველი მატჩი სუსტად ჩაატარა, მეორეში მოქმედ ევროპის ჩემპიონს 7 ქულა ჩაუგდო, ავსტრიასთან და უნგრეთთან კი, შესაბამისად, 20 და 18 ქულა ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები