Thumbnail
  • გენტის 22 წლის ნახევარმცველი ბრატისლავას სლოვანში იჯარით გადავიდა
  • გიორგი ვლადიმირ ვაისს, კაბა კანკავასა და გურამ კაშიას გუნდში ითამაშებს
  • ბრატისლავას სლოვანი ჩემპიონთა ლიგაში დინამო ბათუმის მეტოქეა   

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს. 22 წლის ფეხბურთელი იჯარით ბრატისლავას სლოვანში სეზონის ბოლომდე ითამაშებს და მის ღირსებას 70-ნომრიანი მაისურით დაიცავს. 

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდს საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, რომელიც გიორგის შესაძლებლობებს საკმაოდ კარგად იცნობს. ამავე კლუბის ღირსებას იცავენ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. ამასთან, სლოვანი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმის მეტოქეა.

გიორგი ჩაკვეტაძე იჯარით სლოვაკეთში ითამაშებს

"გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, რომლებიც ნაკრებში ჩემი თანაგუნდელები არიან, სლოვანი კარგად დამიხასიათეს. ისინი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, მაგრამ შეხვედრა არამხოლოდ მათთან, ყველა ახალ თანაგუნდელთან მსურს. ასევე კარგად ვიცნობ ვლადიმირ ვაისს, რომლის ხელმძღვანელობითაც ეროვნულ ნაკრებში თამაში დავიწყე. ვიცი, რას ითხოვს ის ფეხბურთელებისგან და როგორი ფეხბურთი მოსწონს.

სლოვანში მოვედი, რათა გუნდს დავეხმარო როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ისე - ევროთასებზე. თავს უკვეთ შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, ე.წ. "ათიანზე" ვგრძნობ, თუმცა თამაში მარცხენა ფრთაზეც შემიძლია. ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ ამ სტადიონზე. მოუთმენლად ველი სლოვანში ვარჯიშის დაწყებას", - აქვეყნებს გიორგის სიტყვებს სლოვანის ოფიციალური საიტი.

ვლადიმირ ვაისი გიორგი ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრებში წვრთნიდა

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურ გენტში 2017 წელს დინამო თბილისიდან გადავიდა და კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ნიჭიერ ფეხბურთელს, რომლის მიმართ ინტერესს არაერთ დიდ ევროპულ კლუბს მიაწერდნენ, შესაძლებლობების წარმოჩენაში ხელი ტრავმებმა შეუშალა. ჩაკვეტაძემ ბელგიურ კლუბში ჯამში 80 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და მიითვალა 18 საგოლე პასი.

გიორგიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით მეორე ბუნდესლიგის ჰამბურგში გაატარა, რომლის მაისურით ყველა ტურნირის 12 შეხვედრაში ითამაშა და თითო გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, გერმანულმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა.  

გიორგიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი ჰამბურგში გაატარა

საქართველოს და სლოვაკეთის ჩემპიონები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 6 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება, საპასუხო ბათუმში კი - 13 ივლისს.

გიორგის სლოვანში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა დახვდნენ

გიორგი ჩაკვეტაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის შემადგენლობაში დებიუტი 2018 წლის მარტში ჰქონდა, 14 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 5 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები