Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი სერია A-მ და ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურეს
  • ქართველმა იტალიურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • ხვიჩა მესამე ქართველია, რომელიც იტალიის სერია A-ში ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერი ჯერ კიდევ აპრილში კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, ამჯერად კი სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ქართველი ფეხბურთელის ნაპოლიში ტრანსფერი დარეგისტრირებულია. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ კვარაცხელია ოფიციალურად ნაპოლის წევრია.

მოგვიანებით ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა ნაპოლის ვებგვერდის მიერაც და გარდა ამისა, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ტვიტერში "კვარას" ტრანსფერზე დაწერა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება, ხვიჩა!" იქვე, დე ლაურენტისმა მეორე პოსტიც გამოაქვეყნა: "ზღვისა და ცის ფერი იყოს შენი სულისა და ფეხების იდენტობის ფერი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნაპოლის კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას".

ამგვარად: კვარაცხელიამ ნაპოლისთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მის კარიერაში ახალი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. 21 წლის ფეხბურთელი ლუჩანო სპალეტის გუნდთან ერთად მზადებას 9 ივლისიდან შეუდგება, როდესაც ნაპოლის წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი დაიწყება.

კვარაცხელია საქართველოს ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, რომელიც სერია A-ში ითამაშებს - კახა კალაძისა (მილანი, ჯენოა) და ლევან მჭედლიძის (პალერმო, ემპოლი) შემდეგ. იტალიურ კლუბებში თავის დროზე გიორგი ნემსაძეს, ირაკლი შეყილაძესა და რომან ჭანტურიასაც უთამაშიათ, მაგრამ ქვედა ლიგებში და სერია A-ში გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცემიათ. ძალიან მცირე პერიოდით გიორგი ჭანტურია ვერონაში ირიცხებოდა, მაგრამ კლუბი ისე დატოვა, რომ არ უთამაშია.

'კვარა' ამიერიდან ნაპოლის ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 5 მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა. 2018 წელს ის რუსთავის ღირსებას იცავდა (18 თამაში, 3 გოლი), ხოლო 2019 წლის ზამთარში იჯარით მოსკოვის ლოკომოტივში გადავიდა, რომლის მაისურით 10 თამაშში 1 გოლი გაიტანა და რუსეთის თასი მოიგო. 2019 წელს კვარაცხელიამ რუბინს მიაშურა და ყაზანურ გუნდში 2022 წლამდე 73 შეხვედრაში 9 გოლი და 18 საგოლე პასი მიითვალა.

ამ წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მან რუსული კლუბი დატოვა და დროებით კარიერა საქართველოს ჩემპიონ დინამო ბათუმში გააგრძელა. ქართულ კლუბში ხვიჩამ 11 თამაშში 8 გოლით და 2 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა.

ხვიჩა ბათუმელ გულშემატკივარს დინამოების დერბის დროს დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრებში კვარაცხელიას დებიუტი 2019 წლის ივლისში, გიბრალტარის ნაკრებთან ჰქონდა. მას შემდეგ მან ეროვნულ გუნდში 17-ჯერ ითამაშა, თუმცა უკვე მოახერხა 8 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება, რაც ბრწყინვალე შედეგია. კვარაცხელია 2019/20 და 2020/21 წლების სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო 2020 და 2021 წლებში ზედიზედ ორჯერ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

კვარაცხელია ნაპოლიში ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით ითამაშებს

ნაპოლიმ გასულ სეზონში სერია A-ში მე-3 ადგილი დაიკავა და შესაბამისად, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. იტალიის ჩემპიონატს კი, რომელიც სტარტს 13 აგვისტოს აიღებს, სტუმრად ჰელას ვერონასთან შეხვედრით გახსნის.

კომენტარები

ბოლო ამბები