Thumbnail

პსჟ-ს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება - ყველაფერი შეთანხმებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მაურისიო პოჩეტინო პარიზულ გუნდში თანამდებობას კრისტოფ გალტიეს დაუთმობს
  • ნიცას ყოფილი მთავარი მწვრთნელი პსჟ-ში საქმიანობას მომავალი კვირიდან შეუდგება

პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მოურისიო პოჩეტინოს კრისტოფ გალტიე შეცვლის. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს. 55 წლის სპეციალისტი, რომელიც ბოლოს სათავეში ნიცას ედგა, პარიზულ კლუბში თანამდებობას ოფიციალურად მომავალი კვირის დასაწყისში დაიკავებს.

პარი სენ-ჟერმენსა და კრისტოფ გალტიეს შორის ხელშეკრულება 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე გაფორმდება, სპეციალისტის ხელფასი კი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე პოჩეტინოს ჰქონდა. დაიწერა ასევე, რომ ნიცა კომპენსაციის სახით პსჟ-ისგან 10 მილიონ ევროს მიიღებს. 

გალტიე პარიზულ გუნდში საქმიანობას უკვე 4 ივლისიდან უნდა შეუდგეს, როდესაც ფეხბურთელებმა შვებულების შემდეგ ვარჯიში უნდა განაახლონ.

პარიზელი ვარსკვლავები ახალი სეზონისთვის მზადებას ახალი მწვრთნელთან ერთად დაიწყებენ

კრისტოფ გალტიეს მთავარ მწვრთნელად, ნიცას გარდა, სენტ ეტიენსა და ლილშიც უმუშავია. ამ უკანასკნელთან ერთად კი სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა ჰქონდა - 2020/21 წლების სეზონში გუნდს საფრანგეთის ჩემპიონობა მოიპოვებინა. 

რაც შეეხება მაურისიო პოჩეტინოს, რომელიც პსჟ-ს 2021 წლის იანვრიდან წვრთნიდა, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობას არგენტინელ სპეციალისტსა და მის სამწვრთნელო შტაბთან პირგასამტეხლო თანხაზე მოლაპარაკება გაუჭიანურდა. მაურისიო კონტრაქტის გაწყვეტისთვის 15 მილიონ ევროს ითხოვდა, საბოლოოდ კი მხარეები 10 მილიონზე შეთანხმდნენ.

პარი სენ-ჟერმენმა გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონობა იზეიმა, ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა კი ⅛-ფინალურ სტადიაზე, მადრიდის რეალთან წაგების შემდეგ დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები