Thumbnail
  • ერიკ ტენ ჰაგი მანჩესტერში ლისანდრო მარტინესის მიყვანას აპირებს
  • ინგლისელები არგენტინელის სანაცვლოდ 41 მილიონ ევროს იხდიან

მანჩესტერ იუნაიტედი ცდილობს, ამსტერდამის აიაქსის მცველის ლისანდრო მარტინესის ტრანსფერი განახორციელოს. ნიდერლანდური მედიის ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა 24 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთავაზება გააუმჯობესა.

როგორც ჩანს, ტრანსფერით განსაკუთრებით დაინტერესებულია მანკუნიანელთა ახალი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი, რომელიც ლისანდრო მარტინესს აიაქსში მუშაობის პერიოდში, წლების განმავლობაში წვრთნიდა. 

ლისანდრო ტენ ჰაგთან ერთად ნიდერლანდების ჩემპიონი ორჯერ გახდა

როგორც ირკვევა, მანჩესტერელებმა ნიდერლანდების ჩემპიონს თავდაპირველად 40 მილიონი ევრო შესთავაზეს, მოგვიანებით კი თანხა 41 მილიონამდე გაზარდეს, რასაც ბონუსების სახით 4 მილიონს დაამატებენ.
 
სავარაუდოდ, ამსტერდამის აიაქსი არც მეორე შეთავაზებას დათანხმდება, რადგან ნიდერლანდური კლუბი მარტინესის სანაცვლოდ არანაკლებ 50 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს.

52 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი მანჩეტერ იუნაიტედში საქმეს უკვე შეუდგა

ლისანდრო მარტინესი ამსტერდამის აიაქსში 2019 წელს გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირის 26 მატჩში ითამაშა, გაიტანა 1 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი. მცველმა არგენტინის ნაკრებთან ერთად, რომლის შემადგენლობაში 7 შეხვედრა ჩაატარა, გასულ ზაფხულს კოპა ამერიკაზე გაიმარჯვა, წელს კი ფინალისიმა მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები