- რომში ჭიდაობაში ევროპის U20 ჩემპიონატი გრძელდება
- ოთარ ადეიშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
რომში გრძელდება ევროპის U20 ჩემპიონატი ჭიდაობაში - 2 ივლისს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 4 ქართველი იბრძოდა მედლებისთვის, ხუთი კიდევ ევროპის ჩემპიონატზე ჩაება და ხუთივემ შეძლო ნახევარფინალში გასვლა. ჯერ იმათზე დავწერთ, რომელთაც წინა დღეს იასპარეზეს და მედლებისთვის ბრძოლა გაინაღდეს.
79-ე კგ-მდე წონით კატეგორიაში ოთარ ადეიშვილი ფინალში იყო გასული. სამწუხაროდ, მან ვერცხლის მედალი იკმარა - გადამწყვეტი ორთაბრძოლა სომეხ მუშეღ მკრტიჩიანთან 4:9 დათმო. შეგახსენებთ, რომ წინა დღით ადეიშვილმა საწყის ეტაპზე გერმანიის სახელით მოასპარეზე ალან გოლმოჰამადი 9:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში ესპანელ გაბრიელ იგლესიას რამოსს 8:6 სძლია, ხოლო ნახევარფინალში ბულგარელ რადომირ სტოიანოვს გაეჯიბრა, რომელსაც 5:2 მოუგო და ფინალში გავიდა.
ლუკა ღვინჯილიამ (-57 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დიდი უპირატესობით მოუგო მოლდოველ დმიტრი კარასტოიანოვს - 10:0. 65 კილოში ლუკა ჯანეზაშვილი რეპეშაჟიდან მოხვდა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში და გაიმარჯვა. მან მეჰმეთ ჩელიკს (თურქეთი) 11:2 აჯობა. ბრინჯაოს მედალი მოიგო ლუკა ხუჭუამაც (97), რომელმაც აზერბაიჯანელი ვარის მეჰდიზადე დაამარცხა - 13:5. ასე რომ, მედლების პირველ დღეს საქართველომ 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა.
2 ივლისს ხუთ წონით კატეგორიაში დაიწყო ევროპირველობა და ყველა ნახევარფინალში ქართველი გავიდა.
დავით აბდალაძე (61) იოლად გაუსწორდა სამ მეტოქეს სანამ ფინალში გავიდოდა: 10:0 დაამარცხა ბულგარელი ჰუსეინ დინჩერ იბრაჰიმი, 3:3-ზე გამარჯვებული დარჩა სომეხ ჰაიკ აბრაჰამიანთან და 7:0 მოუგო რუმინელ დანიელ სანდუს. ფინალში აბდალაძის მეტოქე საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ხამზათ არსამერზუევია.
ლუკა ჩხიტუნიძემ (74) მაგომედ დელიევი (საფრანგეთი) 12:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი უმარ მავლაევს (შვეიცარია) მოუგო - 2:1. სამწუხაროდ, ნახევარფინალში ის მოლდოველ გეორგი კარასთან დამარცხდა (8:8) და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
დავით კოღუაშვილი (86) ფინალშია. მან ზედიზედ დაამარცხა ნანდორ ჰაიდუკი (უნგრეთი) 12:0, ფარიდ ჯაბაროვი (აზერბაიჯანი) - 5:3 და ნაზარ დოდი (უკრაინა) - 13:2. ფინალში მეტოქე ფრანგია - რახიმ მაგამადოვი.
ფინალშია ანდრო მარღიშვილიც (92), მან საკვალიფიკაციო წრიდან დაიწყო, ამიტომ ერთი მეტი ბრძოლა მოუწია. ანდრომ ჯერ ფინელი პატრიკ ვარტევა ჩამოიცილა - 11:0. მან სლოვაკ ადან იაკსიკს 15:4 აჯობა, ხოლო სომეხ სერგეი სარგსიანს - 12:2. აი, ნახევარფინალი კი გამოდგა დაძაბული, თუმცა ქართველმა მოჭიდავემ უკრაინელ დენის საჰალიუკს მაინც აჯობა 9:8 და ფინალში იონ დემიანს (მოლდოვა) შეხვდება.
ფინალშია მძიმეწონოსანი მერაბ სულეიმანაშვილი (125). მან უკრაინელ ვოლოდიმირ დიაჩენკოს 12:1 მოუგო, ნახევარფინალში კი ბულგარელ გეორგი ივანოვს გაუსწორდა - 13:3. მორიგი მეტოქე სომეხი ლიოვა გევორგიანია.
კომენტარები