Thumbnail
  • გიორგი მამარდაშვილს 2022/23 წლების სეზონში დიდი მიზნები აქვს
  • 21 წლის მეკარე ფიქრობს, რომ ვალენსიას პირველი მეკარეობისთვის მზადაა

ესპანური ლა ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელიც ვალენსიაში მეორე გუნდში სათამაშოდ და პირველი გუნდის მე-4 მეკარის რანგში ჩავიდა, თუმცა სეზონი ძირითადი მეკარის სტატუსით დაასრულა.

ბუნებრივია, 21 წლის ქართველი კიპერის ირგვლივ ინტერესი კვლავაც დიდია. როგორც მამარდაშვილმა ესპანურ მარკასთან განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომდევნო სეზონში კიდევ უფრო უკეთ ითამაშოს:

"პრესეზონს მალე დავიწყებთ და ამის გამო, ბედნიერი ვარ. ახლა ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ ახალი სეზონი წინაზე ბევრად უკეთესი მქონდეს. გასულ სეზონში ნამდვილად დიდი გამოცდილება მივიღე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომდევნო სეზონებში ეს გამოცდილება გამოვიყენო. მართალია, ვალენსიაში მეორე გუნდში სათამაშოდ ჩავედი, მაგრამ შეიძლება ითქვას, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი და ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენე. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაფერმა, რაც განვიცადე და რასაც დღემდე ვსწავლობ. ლა ლიგაში თამაში ძალიან ემოციური იყო. მომდევნო სეზონში ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო და გუნდთან ერთად ევროტურნირების საგზური მოვიპოვოთ".

მამარდაშვილი დარწმუნებულია, რომ ვალენსიას ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად სათამაშოდ მზადაა: "საქართველოს დატოვება და ლა ლიგაში გადასვლა დიდი შრომის, ძალისხმევისა და გარკვეული იღბლის შედეგი გახლდათ. ახლა პირველი გუნდის წევრი ვარ და სრულებით მზად ვარ, ვალენსიაში სულ უფრო მეტი თამაში ვითამაშო".

გიორგი პირველ სეზონში აღმოჩენა იყო, ახლა მისგან გაცილებით მეტს ელიან

მამარდაშვილმა გასული სეზონის საწყისი 6 ტური შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ოქტომბრიდან თებერვლამდე არ უთამაშია:

"ძალიან რთული იყო იმ 4 თვის განმავლობაში სათადარიგო სკამზე დარჩენა, მაგრამ ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ ძირითად შემადგენლობაში დავბრუნებულიყავი. ეს იყო ერთადერთი გზა ამ სიტუაციის შესაცვლელად. ლა ლიგა ძალიან რთული ტურნირია, მაგრამ მას შემდეგ, რაც რეგულარულად თამაში დავიწყე, უფრო თავდაჯერებული გავხდი, უფრო მეტად ადაპტირება შევძელი და ყველაფერი უფრო გამიადვილდა".

გიორგი ფიქრობს, რომ გასული სეზონი კარგად ჩაატარა, მაგრამ სხვადასხვა ასპექტზე სამუშაო ჯერ კიდევ აქვს. გარდა ამისა, ვალენსიაში დარჩენის სურვილი გამოთქვა:

"გასულ სეზონში კარგად ვითამაშე და ბევრი ფიქრობს, რომ სხვადასხვა ასპექტები გავაუმჯობესე. მიუხედავად ამისა, ყოველდღე ბევრი სამუშაო მაქვს იმისთვის, რომ კიდევ განვითარდე. ვალენსია დიდი კლუბია, საოცარი ისტორიით და ტრადიციებით, ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბში ვთამაშობ. რა თქმა უნდა, მინდა ვალენსიაში თამაში და ცხოვრება გავაგრძელო. შესანიშნავი კლუბი და ქალაქია, სადაც ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს".

გიორგიმ გასულ სეზონში 21 თამაში ჩაატარა

გიორგი გასული სეზონის პერრპეტიებს ყოველთვის ხალისით იხსენებს: "გასული სეზონი გიჟური იყო. ჩემთვის ეს რაღაც ახალი და განსაკუთრებული გახლდათ. სულ ვფიქრობ, სად ვიქნებოდი დღეს, ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო. გასული სეზონის ძალიან მადლობელი ვარ".

ვალენსიას ახალ სეზონში ჯენარო გატუზო გაწვრთნის, რომელმაც ხოსე ბორდალასი შეცვალა. იტალიელ სპეციალისტთან გიორგის პირველი კონტაქტი უკვე ჰქონდა: "ვიცი, რომ გატუზო ძალიან ემოციურია. მას უყვარს კარგი ფეხბურთის თამაში, დაცვიდან შეტევაში მოკლე პასებით გადასვლა. ჩვენ ტელეფონით ვილაპარაკეთ, მომავალ სეზონსა და სამომავლო გეგმებზე. ძალიან გამიხარდა, რომ დამირეკა".

გიორგიმ ასევე დაასახელა ყველაზე გამორჩეული მეტოქე ფეხბურთელები ლა ლიგის გასული სეზონიდან: "ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ქარიმ ბენზემამ, ლუკა მოდრიჩმა და პედრიმ მოახდინეს".

ვალენსია 2022/23 წლების სეზონისთვის მზადებას რამდენიმე დღეში დაიწყებს და პრესეზონის ფარგლებში რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. უკვე დაგეგმილია სპარინგები დორტმუნდის ბორუსიას (18 ივლისი), შტუტგარტისა (23 ივლისი) და ატალანტას (6 აგვისტო) წინააღმდეგ, ხოლო ლა ლიგის ახალი სეზონი 14 აგვისტოს დაიწყება და "ლოს ჩე" პირველ ტურში ჟირონას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები