Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ახალ თბილისი არენაზე მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის 6-ქულიანი სხვაობით დამარცხების შემდეგ, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა და მეორეში იასპარეზებს. ვნახოთ, რა ელის ილიას ზუროსის ნაკრებს მუნდიალის საგზურის ისტორიაში პირველად მოპოვების გზაზე, ვის ეთამაშება და რამდენი ქულა გადაყვება მე-2 ეტაპზე...

ახალ დარბაზში ისტორიული მატჩი გაიმართა, საქართველომ მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს მოუგო

რიგით მე-19 მსოფლიოს ჩემპიონატი სამ ქვეყანაში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებზე 2023 წლის 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. ერთი წლის შემდეგ 32 მონაწილე ქვეყანას შორის შეიძლება ჩვენც ვიყოთ და თუ ასე მოხდა, ეს იქნება ისტორიული მოვლენა, რადგან აქამდე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია. 

მაშ ასე, როგორ მუშაობს საკვალიფიკაციო სისტემა: საქართველოს ნაკრები ევროპის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე (იყო წინასაკვალიფიკაციო ეტაპიც, თუმცა იქ შედარებით სუსტი ნაკრებები მონაწილეობდნენ) G ჯგუფში ასპარეზობდა, რომელიც 8 ჯგუფიდან ერთადერთია, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ამის მიზეზია ომი უკრაინაში - 7 ივლისს რიგაში უკრაინის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება, ეს თამაში ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა ძირითადი კონტურები უკვე გარკვეულია. 

7 ივლისს უკრაინა რიგაში ესპანეთს 'უმასპინძლებს'

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი დაასრულა - 6-დან 4 თამაში მოიგო და 2-ში დამარცხდა. 10 ქულით ის ახლა პირველზეა, მაგრამ ჯგუფს პირველ ადგილზე  ესპანეთი დაასრულებს. უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, 3 ნაკრებს 4-4 გამარჯვება ექნება და მაშინ დაითვლება ქულათა სხვაობა. ესპანეთს +101 აქვს, უკრაინას +16, საქართველოს +5. ასე რომ, ჩათვალეთ, ესპანეთი პირველია.

პირველი ეტაპის მერე საქართველოს ნაკრები (ისევე, როგორც ესპანეთი და უკრაინა) ახალ, L ჯგუფში ითამაშებს, სადაც სამი სხვა ნაკრები დაემატება. სანამ ამ გუნდებზე ვიტყვით, შეგახსენებთ, რომ მეორე ეტაპზე გუნდებს მხოლოდ ის ქულები გადაყვებათ, რომლებიც მათ პირველ-მესამე ადგილზე გასულებთან ბრძოლაში მოიპოვეს. სამწუხაროდ, ბოლოადგილოსან ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს ნაკრების ორი მოგება L ჯგუფში აღარ გადაყვება. 

ასე რომ, საქართველოს ნაკრებს ახალ ჯგუფში ექნება 4 თამაშში 2 მოგება და 2 მარცხი. თუ ესპანეთი მოუგებს რიგაში უკრაინას, ის ახალ ჯგუფს დაიწყებს 3 მოგებით და 1 მარცხით, ხოლო უკრაინა დაიწყებს 1 მოგებით და 3 მარცხით. თუ უკრაინა გაიმარჯვებს, მაშინ მათაც ჩვენი ნაკრების დარად, 2-2 მოგება და მარცხი ექნებათ სტარტზე. 

საქართველოს, ესპანეთი და უკრაინა ერთ ჯგუფში რჩებიან, მაგრამ მეორე ეტაპზე ერთმანეთს აღარ ხვდებიან. 

მაშ ასე, L ჯგუფის სამი სხვა წევრი პირველი ეტაპის H ჯგუფიდანაა. ამ ჯგუფში უნდა ეთამაშა რუსეთის ნაკრებს, ის მოკვეთეს და შესაბამისად, ყველა დარჩენილმა ნაკრებმა მე-2 ეტაპის საგზური თავიდანვე მოიპოვა. ეს გუნდები ზუსტად იმ მოგებებით გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რაც პირველზე მოიპოვეს (რადგან ბოლოადგილოსან რუსეთთან არც უთამაშიათ). L ჯგუფში ჩვენთან ითამაშებენ: იტალია, ისლანდია და ნიდერლანდები.

იტალიის ნაკრებს ორჯერ ვეთამაშებით

L ჯგუფს იტალიის ნაკრები იწყებს 3 მოგებით და 1 მარცხით, 3 მოგება და 1 მარცხი აქვს ისლანდიის ნაკრებსაც, 0 მოგება და 4 მარცხი - ნიდერლანდებს, რომელიც, ალბათ, მე-2 ეტაპზეც განწირულია. 

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს L ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ერთი მატჩი ჩვენს ჯგუფში გასამართავი დარჩა, ჯერ უცნობია მე-2 ეტაპის პირველ ორ ტურში ვის ვხდებით - პირველი ორი ტური ევრობასკეტამდე, 24 და 27 აგვისტოს გაიმართება, დანარჩენი ოთხი კი ნოემბერსა და 2023 წლის თებერვალში. 

ისლანდია ზუროსის გუნდის მთავარი კონკურენტი იქნება. ისლანდიამ ნიდერლანდებს შინ 1 ქულით ძლივს მოუგო

99.99%-ით პირველ ადგილზე ესპანეთი გადის. ასე რომ, 24 აგვისტოს ესპანეთი ისლანდიას უმასპინძლებს. მე-2 ადგილზე გასული კი - ნიდერლანდებს, მესამე ადგილზე გასული - იტალიას. 27-ში იტალია ჩვენი ჯგუფის მეორეადგილოსანს მასპინძლობს, ისლანდია - მე-3 ადგილოსანს და ნიდერლანდები - ესპანეთს. 

თუ რიგაში ესპანეთი უკრაინას დაამარცხებს, სწორედ საქართველო იქნება მეორეადგილოსანი და 24 აგვისტოს ნიდერლანდებს უმასპინძლებს, 27-ში კი იტალიას ესტუმრება. 

შემდეგი ტურის მატჩები 11 და 14 ნოემბერს და 23 და 26 თებერვალს გაიმართება. მოკლედ, 6-გუნდიან ტურნირში საქართველოს ნაკრებმა მინიმუმ 3 გუნდი უნდა ჩამოიტოვოს  - ერთი, დიდი ალბათობით, ნიდერლანდები იქნება, მეორე, კარგი შანსია იყოს უკრაინა (ამიტომაც უმნიშვნელოვანესი იყო დღევანდელი გამარჯვება). ესპანეთი, იტალია, ისლანდიის ტრიოდან კი ერთ-ერთს უნდა ვაჯობოთ საბოლოო ცხრილში. 

ლოგიკურად, თუ ილიას ზუროსის ნაკრები ორივე მატჩს მოუგებს ნიდერლანდებსა და ისლანდიას, მუნდიალზე ითამაშებს და ქართული კალათბურთის ისტორიაც დაიწერება! 

კომენტარები

ბოლო ამბები