Thumbnail

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ თბილისში წაგებული მატჩი შეაფასა და ქართველი კალათბურთელების გამარჯვებას ლოგიკური უწოდა. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაში ოვერტაიმში 82:76 მოიგო და მოქმედ ჩემპიონს ჯგუფში პირველი მარცხი აგემა.

სერჯო სკარიოლო: “პირველ რიგში, მინდა, საქართველოს ნაკრებსა და მის ქომაგებს მივულოცო. მათ გამარჯვება დაიმსახურეს. ცხადია, მოგება ორივე ნაკრებს შეეძლო, რადგანაც თანაბარი თამაში იყო, თუმცა, მეტოქემ ბოლო წუთებზე ნაკლები შეცდომა დაუშვა. ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. მათ ყველას აჩვენეს, რომ ბევრი რამ შეუძლიათ.

თორნიკე შენგელიას ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო. ის, როგორც კალათბურთელი და ადამიანი ძალიან მიყვარს. ახლაც ჭკვიანურად ითამაშა და პასებიც მრავლად ჰქონდა. სწორედ ისე ითამაშა, როგორც მე ვეუბნები ხოლმე. თოკო ნამდვილი ლიდერია და საქართველოს ნაკრებს ძალიან გაუმართლა, რომ ის ჰყავს.

რაც შეეხება დარბაზს, მისი მშენებლობა მგონი დღეს დილით დაასრულეს და რაღაცეები კიდევ დასამთავრებელია. მიუხედავად ამისა, გულშემატკივრებმა ჩინებული ატმოსფერო შექმნეს და საქართველოს ნაკრებს გამარჯვებაში დაეხმარნენ”.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ჯგუფი 4 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა და დიდი ალბათობით, შემდეგ ეტაპზე მე-2 ადგილიდან გავა, თანაც იქ 2 გამარჯვება გადაჰყვება (ესპანეთთან და უკრაინასთან), რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდში, ქართველი კალათბურთელების გარდა, ესპანეთი და უკრაინაც ითამაშებენ (მათ უშუალო დაპირისპირება აქვთ დარჩენილი 7 ივლისს), იქ კი მეტოქეები იტალია, ისლანდია და ნიდერლანდების ნაკრებები იქნებიან. მომდევნო ეტაპის პირველი ფანჯრის თამაშები ზედ ევრობასკეტის წინ – 24 და 27 აგვისტოს ჩატარდება, საბოლოოდ კი, მუნდიალზე აღნიშნული ექვსეულიდან 3 საუკეთესო გავა.

შეგახსენებთ, რომ უშუალოდ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისის გარდა, მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და კიოლნი (გერმანია) მიიღებს, პლეი ოფი კი სრულად ბერლინში (გერმანია) ჩატარდება. A ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები ესპანეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები