Thumbnail
  • U20 | საქართველო 55:17 შოტლანდია
  • მე-5 ადგილისთვის თამაშში ქართველი მორაგბეების მეტოქე საფრანგეთი იქნება

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა 6 ერის ზაფხულის სერიების ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში შოტლანდია 55:17 გაანადგურა და B ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა.

ტრევიზოში გამართული შეხვედრის წინ უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ფულბეკის პოზიციაზე თამაში საბა ლიპარტელიანმა დაიწყო, რომელიც წინა ორ შეხვედრაში მარქაფაში იყო. 9 ნომრის პოზიციაზე დავით ხუროშვილი დაბრუნდა, ხოლო მგეზავად – პეტრე ხუციშვილი.

ცენტრში იოანე მეტრეველს თორნიკე კახოიძე შეუწყვილდა, ფრთებზე კი გაგა ქევხიშვილი და შალვა აფციაური გამოჩნდნენ. ერთი ცვლილება იყო პირველ ხაზში, სადაც სასტარტო შემადგენლობაში ალექსანდრე ქუნთელია დაბრუნდა. დანარჩენი 7 პოზიცია უცვლელი დარჩა – მარცხენა ბურჯი გიორგი მამაიაშვილი იყო, კვაჭი – გიორგი მაისურაძე, მეორე ხაზში ალექსანდრე ბურდული და გიორგი კერვალიშვილი ვიხილეთ, ხოლო მესამე ხაზში თამაში ლაშა ციხისთავმა, რატი ზაზაძემა და ბექა შვანგირაძემ დაიწყეს.

შალვა აფციაურის გარღვევა

მატჩის დასაწყისი ქართველებისთვის კარგი ნამდვილად არ ყოფილა. უმცროსი ბორჯღალოსნები ბევრ შეცდომას უშვებდნენ, რაც მეტოქის ორ ლელოში აისახა. თავდაპირველად, ჩვენების ზურგს უკან გადაკიდებულ ბურთზე პირველმა კრისტიან თაუნსენდმა ითამაშა და დამიწება არ გასჭირვებია, შემდეგ კი, პეტრე ხუციშვილს 22-დან ბურთის ამოტანისას დააფარეს და ენდი სტირატმა კიდევ ერთხელ დაგვალელოვა. 

შოტლანდიის ნაკრები 12:0 დაწინაურდა, თუმცა, ისე მოხდა, რომ პირველ ტაიმში მეტოქეს მეტი ქულა არ აუღია, ქართველმა 20-წლამდელებმა კი ერთბაშად 4 ლელო მიითვალეს. კილასონიას შეგირდებმა თამაშში გარდატეხა ფიზიკურ ორთაბრძოლებში უპირატესობის ხარჯზე მოახდინეს. უმცროსი ბორჯღალოსნები სქოთებს აშკარად სჯობდნენ შერკინებაში, რასაც მოლში დამაჯერებელი გარჯა დაემატა.

პირველი ლელოს დადება რატი ზაზაძემ მოახერხა, მალევე მოლით შეტევა ბექა შვანგირაძემ დააგვირგვინა, მეტოქის შერკინებიდან წამოღებული ბურთის შემდეგ კი, ბურთი ალექსანდრე ქუნთელიამ დაამიწა. ამის მერე საქმეში უკვე უკანა ხაზიც ჩაერთო. მარცხნიდან მარჯვენა ფლანგზე ჩათამაშებულ იერიშს ლაშა ციხისთავის ჭკვიანური თამაში მოჰყვა, მან შალვა აფციაური მოძებნა და მე-4 ლელოც დაიდო. ხუციშვილმა 4-დან 3 გარდასახვა ზუსტად დაარტყა და საქართველომ ტაიმი 26:12 მოიგო.

შოტლანდიელებს ნიკოლოზ სუთიძის შეჩერება უჭირდათ

მე-2 ტაიმის საწყისი 10 წუთი ორმხრივ შეცდომებში გაილია, შემდეგ კი, საქართველოს ნაკრების მორიგი ჩინებული შეტევა ვიხილეთ. უმცროსმა ბორჯღოსნებმა შერკინებისა და მოლის შემდეგ, მეტოქის 22-ში შეაღწიეს და უპირატესობაც მიიღეს, თუმცა, მსაჯს სასტვენი აღარ დასჭირვებია, რადგანაც ციხისთავის კიდევ ერთი ოფლოუდის კვალად, ზაზაძემ დუბლის შესრულება შესძლო. ხუციშვილი ამჯერადაც ზუსტი იყო და საქართველო 33:12 დაწინაურდა.

ამ დროს შოტლანდია აშკარად გატეხილი იყო, თუმცა, ალბათ, იმას მაინც ვერ წარმოიდგენდა, რომ მისთვის კატასტროფული ანგარიშით წააგებდა. დარჩენილ დროში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მოწინააღმდეგე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და საერთო ჯამში, 8 ლელო დაუდეს, თავად კი შედეგიანი შეტევა მხოლოდ ერთხელ მიიღეს და თამაში 55:17 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან ბოლო ლელოები ბექა შვანგირაძემ, პაატა გალდავამა და ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა დადეს და ქართული რაგბისთვის მართლაც რომ ისტორიული შედეგი დააფიქსირეს: 38-ქულიანი უპირატესობა 6 ერის წარმომადგენელ ნაკრებთან მართლაც რომ დიდებული მაჩვენებელია.

იოანე მეტრეველი ბურთისთვის ბრძოლისას

შეგახსენებთ, რომ ტურნირის საწყის მატჩებში ქართველმა 20-წლამდელებმა მასპინძელ იტალიასა და უელსს სამ-სამი ლელო დაუდეს, თუმცა, შესაბამისად, 19:36 და 24:30 წააგეს. უელსელებთან მატჩში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სანუგეშო ქულა აიღეს, რასაც დღეს ბონუს-ქულიანი (5 ქულა) გამარჯვება დაემატა და 6 ქულით გუნდმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. ისიც სათქმელია, რომ ქართველმა მორაგბეეებმა 6 ერის სამ ნაკრებთან თამაშებში 98 (!) ქულის აღება მოახერხეს.

6 ერის ზაფხულის სერიების ფორმატის თანახმად, ჩემპიონის ვინაობას A და B ჯგუფის გამარჯვებულები გამოავლენენ. შესაბამისად, ერთმანეთს ხვდებიან მეორე, მესამე და მეოთხეადგილოსნებიც. უკვე ცნობილია, რომ შეჯიბრის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრების მეტოქე A ჯგუფში მე-3 პოზიციაზე გასული საფრანგეთი იქნება.

ფრანგმა მორაგბეებმა ჯგუფში სამიდან მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს (42:21) ირლანდიასთან, რასაც ინგლისთან (20:29) და სამხრეთ აფრიკასთან (27:42) წაგებები მოჰყვა. ქართულ-ფრანგული დაპირისპირება 12 ივლისს თბილისის დროით 17:00 საათზე არის დაგეგმილი და მასში გამარჯვებული პრესტიჟულ ტურნირზე მე-5 ადგილს დაიკავებს.

საქართველო 55:17 შოტლანდია

საქართველო: 8 ლელო – ზაზაძე (2), შვანგირაძე (2), ქუნთელია, აფციაური, გალდავა, ბაბუნაშვილი; 6 გარდასახვა – ხუციშვილი (5), გელხვიძე. ჯარიმა – ხუციშვილი; სინბინი – კახოიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები