Thumbnail

კონფერენსლიგა | დინამო თბილისმაც წააგო! ესტონელებმა თამაში შეატრიალეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

კოშმარული დღე ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის: კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში სამივე ქართული კლუბი დამარცხდა! პირდაპირ ვთქვათ: წაგებას ყველაზე ნაკლებად დინამო თბილისისგან ველოდით, რადგან საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ესტონურ კლუბს, პაიდეს მასპინძლობდა. 

არადა, მატჩის დასაწყისი და ზოგადად, მე-60 წუთამდე შექმნილი ვითარება ამაზე ნამდვილად არ მიანიშნებდა. დინამო თბილისი უპირატესობას ფლობდა და იგებდა კიდეც, მაგრამ მერე სტუმრებმა მოახერხეს მატჩში გარდატეხის შეტანა და თამაში შეატრიალეს. ამ წაგებით დინამომ საპასუხო მატჩის წინ საქმე ძალიან გაირთულა.

ესტონებელი თბილისში სენსაციურ გამარჯვებას ზეიმობენ

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა თამაში პირველ ნომრად დაიწყო და უმეტეს დროს მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ატარებდა, თუმცა, რეალური საგოლე მომენტის შექმნა უჭირდა. მიუხედავად ამისა, დინამომ სწრაფად დაწინაურება მაინც მოახერხა. ლოგიკური იყო ისიც, რომ საგოლე შეტევაში ყველაზე დიდი წვლილი მანამდე ყველაზე აქტიურმა ფეხბურთელებმა შეიტანეს. მარჯვენა ფლანგზე თორნიკე კირკიტაძემ ითამაშა კარგად, რომელმაც დავით სხირტლაძე მოძებნა. მან ბურთი დაამუშავა და მეკარეს კუთხეში ზუსტად დაურტყა - 1:0. თბილისურ გუნდს პირველ ტაიმში უპირატესობის გასაზრდელად მეტ-ნაკლებად სახიფათო იერიშები ჰქონდა, თუმცა დაფიქსირებული ანგარიში მაინც ლოგიკური იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ესტონელებმა ტაიმი კარისკენ დარტყმის მცდელობის გარეშე დაასრულეს.

დინამო თბილისმა მე-2 ტაიმიც კარგად დაიწყო და ანგარიშის გაზრდასთან ახლოს იყო, მაგრამ ჯერ გიორგი მოისწრაფიშვილმა ააცილა ოდნავ, მერე ოსეი ბარნსიმ, გამოუყენებელი მომენტების გამო კი ქართული კლუბი დაისაჯა. 61-ე წუთზე სიიმ ლუტსმა საიმონ ბენიოს შეცდომით ისარგებლა და ძლიერი დარტყმით გაათანაბრა. სხვათა შორის, ეს იყო ესტონელთა პირველი დარტყმა არათუ კარის ჩარჩოში, არამედ კარის მიმართულებითაც...

ჭიაბრიშვილის გუნდმა უპირატესობა მალევე დაიბრუნა. 65-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ლევან ხარაბაძემ მიიღო და დინამოელთა მარცხენა მცველმა ძლიერი დარტყმით თავისი გუნდი ისევ დააწინაურა. პაიდე მეორედ გათანაბრებასთან ახლოს 75-ე წუთზე იყო, როდესაც კონტრშეტევას ისევ ლუტსი აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა და თბილისელები გოლს გადაურჩნენ.

ჭიაბრიშვილის გუნდი ბოლო წუთებში აშკარად მოდუნდა და ესტონელებმა ხიფათის შექმნასაც მოუხშირეს, რაც 81-ე წუთზე მეორე გოლით დაასრულეს. ამჯერად ანდრეს პრიეტოს კარი ებრიჰა სინგატემ აიღო და წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა. დინამო თბილისს მატჩის ბოლო მონაკვეთში პრაქტიკულად არაფერი გამოსდიოდა, ესტონელები კიდევ უფრო გათამამდნენ და შედეგიც მიიღეს: 89-ე წუთზე კრისტოფემ პიჰტიმ თბილისელთა კარში მესამე გაიტანა - 2:3. აღსანიშნავია, რომ პაიდემ კარში ზუსტად 3-ჯერ დაარტყა და სამჯერვე გაიტანა.

ამგვარად, საპასუხო მატჩის წინ, რომელიც 14 ივლისს გაიმართება, დინამო თბილისი იოლ ვითარებაში ნამდვილად არ არის. მხოლოდ ის არის სანუგეშო, რომ სტუმრად გატანილ გოლებს მნიშვნელობა აღარ აქვს. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე სომხურ არარატ-არმენიას უნდა შეხვდეს.

დინამო თბილისი 2:3 პაიდე

გოლები: 1:0 სხირტლაძე (22), 1:1 ლუტსი (61), 2:1 ხარაბაძე (65), 2:2 სინგატე (81), 2:3 პიჰტი (89)

დინამო თბილისი (4-2-3-1): პრიეტო - მალი, ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე, ოსიყმაშვილი (46. მოისწრაფიშვილი), მექვაბიშვილი - კირკიტაძე (86. კობოური), ბარნსი (86. ჩხეტიანი), კამარა (58. იმრანი) - სხირტლაძე (70. ბილენკი).

პაიდე (4-3-3): აკსალუ - ოიამაა, იუსიფი, კლავანი, სალისტე - სიმონი, მოოლი, ფროლოვი - ლუტსი (88. მოსნიკოვი), სააგი (58. სინგატე), ოვუსუ (78. პიჰტი).

კომენტარები

ბოლო ამბები